ახალგორში, რუსეთის დაფინანსებით, ახალი სკოლა გაიხსნა. ოკუპურებულ რეგიონში სკოლის გახსნას რუსეთის ე.წ. ელჩი მარატ კულახმეტოვი, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ერიკ პუხაევი, დე ფაქტო განათლების მინისტრის მოადგილე ელისა გაგლოევა და სხვა ე.წ მაღალჩინოსნები დაესწრნენ.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი სკოლა რუსეთის ფედერაციის თანხებით აშენდა და მან ამისთვის რუსეთის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.
საოკუოპაციო რეჟიმის მედიის ცნობით, სკოლაში არამარტო ახალგორელები, არამედ მეზობელი სოფლების და რუსი სამხედროების შვილებიც ისწავლიან.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება და გამოხატულება, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდება.
„ეს არის რუსიფიკაციის პოლიტიკის მანიფესტი და ნამდვილი სახე ოკუპაციის რეგიონში. არა მხოლოდ ეთნიკურად ქართული მოსახლეობისთვის, არამედ ოსური მოსახლეობისთვისაც ეს უნდა იყოს ძალიან მკაფიო გზავნილი იმისა, თუ რას წარმოადგენს რეალურად ეს პოლიტიკა და არ ემსახურება არც ერთის ინტერესებს. ჩვენ ამ საკითხებზე ვსაუბრობდით გუშინ, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვა არის ერთ-ერთი მძიმე ფორმის მანიფესტი, რადგან საქმე ეხებათ ბავშვებს და ზოგადად მდგომარეობას. ახალგორში ერთმანეთთან მშობლიურ ენაზე კომუნიკაციასაც უზღუდავენ", - აღნიშნა ციხელაშვილმა.
ოკუპირებულ რეგიონში სკოლის გახსნას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანიც ეხმაურება. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგო ნაბიჯი კონტრპროპაგანდა არ უნდა იყოს.
„ეს არის სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისა და სხვა ქვეყნებისთვისაც. მსგავსი სახის ჰიბრიდულ საფრთხეებს ვაწყდებით ყველგან და ძალიან მნიშვნელოვანია გამოიძებნოს ეფექტური საშუალებები. მე ვფიქრობ, პროპაგანდის საწინააღმდეგო ნაბიჯი კონტრპროპაგანდა არ უნდა იყოს, რადგან ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება გახლავთ კონკრეტული შედეგების დემონსტრირება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ მიმართულებით საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები", - განაცხადა ზალკალიანმა.