პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ ლარის კურსის გაუფასურების მხრივ საგანგაშო არაფერი ხდება და იმ ფარგლებში რისი პროგნოზირებაც შესაძლებელია ვერ ხედავს იმას, რომ ძალიან დიდი ცვლილებები შეიძლება იყოს. როგორც კაკულიამ "აიპრესთან" ინტერვიუში აღნიშნა, ეკონომიკის განვითარების ტენდენციები დადებითია, მაგრამ ეს ვერ არის იმდენად დადებითი, რომ ამან ასახვა ჰპოვოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილზე.
"როცა ერთი და იგივე საკითხი რამდენიმე თვეში დგება, პასუხები სხვადასხვა არ იქნება. სათითაოდ რომ მივყვეთ თქვენს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, საგანგაშოს მე ვერაფერს ვხედავ. ათასჯერ ვთქვით და ათასმეერთედაც შეიძლება ვთქვათ, რომ მცურავი კურსია ჩვენთან და ეს არის პრინციპი ჩვენი ეკონომიკის. პროგნოზირებადობა რაც შესაძლებელია იმ ფარგლებში მე ვერ ვხედავ, რომ ძალიან დიდი ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს ამას.
თუმცა, ჩვენ შევდივართ იმ პერიოდში, როდესაც სავალუტო რესურსების შემოდინების ნაკლებობაა ხოლმე. ტურისტების კლება ხდება ოქტომბრისთვის, რაც რეგიონალურია. გადმორიცხვებსაც ეტყობა ხოლმე, ეს ბუნებრივი პროცესია და ეს არ არის კატასტროფული მოვლენა.
ეკონომიკის განვითარების ტენდენციები დადებითია, მაგრამ ეს ვერ არის იმდენად დადებითი, რომ ამან ასახვა ჰპოვოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილზე. ეს არის ჩვენი მოცემულობა. ასეთ პატარა ინტერვიუში მეტის თქმა გამიჭირდება. ასეთ მოკლე ჩართვებში ვრცელი ანალიზის გაკეთება შეუძლებელია", - განაცხადა კაკულიამ.