სექტემბრიდან საქართველოში უსახელო "შავი სიები" იარსებებს. ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, საკრედიტო ორგანიზაციებს რჩებათ საშუალება, შეამოწმონ, როგორ იხდიდა მსესხებელი, თუმცა ამ ჩანაწერს აღარ ჰქვია "ნეგატიური". პრემიერ ბახტაძის სურვილი იყო, საბანკო "შავი სიები" გაუქმებულიყო, რათა ყველას მისცემოდა ეკონომიკური აქტივობის საშუალება. ახალი რეგულაციით კი, თითქმის ყველაფერი უცვლელი რჩება, გარდა სახელისა.
ეროვნული ბანკი მომხმარებელთა საკრედიტო ისტორიის მართვის წესს ცვლის, თუმცა საკრედიტო ორგანიზაციებს რჩებათ საშუალება, შეამოწმონ, როგორ იხდიდა მსესხებელი და, დიდი ალბათობით, სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობთ მოხდება სესხის გაცემა. გამოდის, ე.წ. შავი სია რჩება, მას მხოლოდ სახელი აღარ ერქმევა.
რა იცვლება რეალურად "შავი სიის" გაუქმების შემდეგ, ამ საკითხზე განმარტებას იძლევა "კრედიტინფო საქართველო," სადაც სესხების შესახებ ჩანაწერები ინახება.
"ცვლილების არსი მდგომარეობს პირის საკრედიტო რეპორტში არსებული ველის გაუქმებაში, რომელშიც ფიზიკური პირის სესხზე 30 დღეზე მეტი (იურიდიული პირის სესხზე კი 60 დღეზე მეტი) ვადაგადაცილების შემთხვევაში ჩაიწერება "არის ნეგატიური" ან "იყო ნეგატიური" (იმის მიხედვით, ვადაგადაცილება აქტიურია თუ უკვე დაფარული). აუცილებელია, აღინიშნოს, რომ ნეგატიური სტატუსი ენიჭება კონკრეტულ ვადაგადაცილებულ სესხს და არა თავად პირს.
ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ თუ პირს ისევ ექნება ზემოთ აღნიშნული პერიოდულობის ვადაგადაცილება, მის შესაბამის სესხს აღარ მიენიჭება "ნეგატიური" სტატუსი, თუმცა სესხთან დაკავშირებული ყველა სხვა ინფორმაცია, როგორიცაა ვადაგადაცილების დაწყების თარიღი, დარიცხული ჯარიმა და სხვა, პირის საკრედიტო რეპორტში ისევ იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, "ნეგატიური" სტატუსის ველის გაუქმების შედეგი იქნება ის, რომ თუ რომელიმე ორგანიზაცია სესხის გაცემის გადაწყვეტილებას იღებდა მხოლოდ სესხის სტატუსის საფუძველზე, პირის საკრედიტო რეპორტის დეტალური შესწავლის გარეშე, მომავალში მას ამის შესაძლებლობა ვეღარ ექნება და დასჭირდება პირის საკრედიტო რეპორტის სრული ანალიზი", - აცხადებენ "კრედიტინფოში".
როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაცია მთლიანად უარყოფს პრემიერის სურვილს და მას მხოლოდ ფასადურად მიესადაგება. ბახტაძის განცხადება კი, დიდი ალბათობით, მეტს გულისხმობს და არა იმას, რომ "შავ სიას" მხოლოდ სახელი გადაერქვას, არსობრივად კი იგივე დარჩეს.
ცოტა ხნის წინ პრემიერმა "უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემით" გამოწვეულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.
"ჩვენი მოქალაქეები, ეს გახლავთ თითქმის 650 ათასი ადამიანი, მოკლებულია, განახორციელოს ქვეყანაში ნორმალური ეკონომიკური აქტივობა. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერი იმისთვის, რომ ქვეყანაში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. ჩვენ ვახორციელებთ ძალიან ბევრ რეფორმას, მაგრამ თუ ამ რეფორმების შედეგი ვერ აისახა მოსახლეობის დიდ ნაწილზე, ეს უკვე გახლავთ ბარიერი, რაც მიუღებელია, ამ პრობლემას სჭირდება გადაჭრა. ვიცი, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე და ვიმედოვნებ, უკვე შემოდგომაზე ძალიან საინტერესო წინადადების პრეზენტაცია გვექნება", - აღნიშნდა პრემიერმა.
ე.წ. შავი სიების გაუქმებას სკეპტიკურად უყურებს ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, ვერ ხედავს მექანიზმს, როგორ უნდა გაუქმდეს იგი და როგორ უნდა აიძულოს ვინმემ ბანკი, გასცეს სესხი არასაიმედო მომხმარებელზე.
"არ მესმის, როგორ უნდა გაუქმდეს ე.წ. შავი სია და რა მექანიზმებით აპირებს სახელმწიფო ამის მოხერხებას. "კრედიტინფო საქართველო" არის ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა იმიტომ, რომ ბანკები ხედავდნენ ამის საჭიროებას, ჰქონოდათ ინფორმაცია მომხმარებელზე და ეს თუ გაუქმდება, რა მოხდება? ბანკებს სტანდარტს დაუწესებენ, რა შემთხვევაში უნდა გასცენ სესხი და ეტყვიან, რომ ცუდ გადამხდელებსაც მისცენ?
ვთქვათ, ვაიძულეთ "კრედიტინფო", გააუქმოს "ნეგატიური" ჩანაწერის ველი, მაგრამ იმას ხომ ვერ ვაიძულებთ, გააუქმოს მთლიანად საბანკო ჩანაწერები ადამიანზე? ანუ ცხადია, უბრალოდ სახეს ან სახელს შეიცვლის, თორემ დარჩება ინფორმაცია. მექანიზმი ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მოხდეს ეს, თორემ მესმის და მეც ვიზიარებ, რომ ადამიანებს იმის გამო, რომ სესხის დაბრუნება ვერ მოახერხეს, სხვა ეკონომიკური აქტივობა არ უნდა ეზღუდებოდეთ.
მექანიზმს ვერ ვხედავ, როგორ უნდა გააუქმებინონ კომერციულ ბანკებს ეს სია. რომც გააუქმონ, მერწმუნეთ, რაღაც ფორმით მაინც დარჩება ეს ისტორიები და გამოიყენებენ კიდეც", - განუცხადა "რეზონანსს" ჯანიაშვილმა.
ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე ცვლილებას მიესალმება და იმედოვნებს, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ საფინანსო სექტორი ახალი ფურცლიდან დაიწყებს საქმიანობას.
"ბოლო ათწლეულში არსებული ეკონომიკური პოლიტიკის ფონზე, ქვეყნისათვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა გაზრდილი საკრედიტო დავალიანებები და მოსახლეობის ჭარბვალიანობა. პროცესების მართვის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და საქართველოს ეროვნული ბანკის ძალისხმევით, შემუშავდა მნიშვნელოვანი რეგულაცია. მათ შორის "ნეგატიური" სტატუსის ჩანაწერის გაუქმება, რომელსაც საფინანსო სექტორი იყენებდა პირის საკრედიტო ისტორიის შესაფასებლად.
ამ სტატუსის ჩანაწერის გაუქმებით მოქალაქეებს საკრედიტო აქტივობის შესაძლებლობა ეძლევათ, თუმცა მხოლოდ დასაქმების, შემოსავლისა და "ეკონომიკური კეთილდღეობის" ფონზე. იმ ფენისათვის კი, რომელსაც დასაქმებისა და შემოსავლის პრობლემები აქვს, აღნიშნული ინიციატივა მხოლოდ თეორიული კონსტრუქციისაა და პრაქტიკული ღირებულება არ გააჩნია", - აღნიშნა "რეზონანსთან" აბულაძემ.