ზაფხულში გამუდმებულმა წვიმამ ქვეყნის ენერგოსისტემას ცოტათი უშველა. მიმდინარე სეზონზე ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროება თითქმის არ შექმნილა, რასაც ენერგეტიკოსები ჰიდროლოგიის დამსახურებად მიიჩნევენ. თუმცა მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ეჭვგარეშეა, ქვეყანას ზამთარში პრობლემის გასამკლავებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
ენერგეტიკოსები იმაზეც შიშობენ, რომ შესაძლოა, გადამცემი ელექტროხაზების ტექნიკურმა მდგომარეობამ გაზრდილი მოთხოვნა სათანადოდ ვერ უზრუნველყოს, გახშირდეს ავარიებიც.
საგულისხმოა, რომ დენის მოხმარება 2018 წლის იანვარ-ივლისში, შარშანდელთან შედარებით, 0,5 მლრდ კვტ/სთ-ით გაიზარდა და 7965,7 მლნ კვტ/სთ შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 74462,5 მლნ კვტ/სთ იყო. სავარაუდოდ, მოთხოვნა წლის ბოლომდე საგრძნობლად მოიმატებს და ნახტომისებრ ზრდას მივიღებთ. ასევე, შესამჩნევია, რომ იმპორტი ბოლო თვეების განმავლობაში თითქმის არ არის. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ზამთრისთვის ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი მეტ-ნაკლებად მომზადებულია და მოთხოვნას უმკლავდება.
მიუხედავად ამისა, ენერგეტიკოსი გია არაბიძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ იმპორტის ზრდის ტემპის შეჩერება ბოლო თვეების განმავლობაში შეუძლებელი იქნება, თუ ალტერნატიულ საშუალებას არ მიმართავენ. ამის ერთ-ერთ შესაძლებლობას კი ახალი ჰესების მშენებლობა იძლევა.
"ელექტროენერგიის გამომუშავება არ გვყოფნის და არც საექსპორტო დენი მოგვეპოვება. ამ კუთხით ცუდი ვითარებაა. გენერაცია მოხმარებას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ნეგატიური ფაქტია ისიც, რომ დენის იმპორტი გაიზარდა, თუმცა შემოტანილი ელექტროენერგიის ფასი ჩვენს თბოელექტროსადგურებში გამომუშავებული დენის ფასისგან დიდად არ განსხვავდება. აქედან გამომდინარე, ქვეყანა მაქსიმალურად ცდილობს, თბოსადგურებში მინიმალურად დახარჯოს სოციალური გაზი და ის მოსახლეობას მოახმაროს.
ბალანსს ვინარჩუნებთ, მაგრამ ცუდია, რომ წლიურ ჭრილში იმპორტი მატულობს. ამ პროცესს 2 მიზეზი აქვს: ამ ეტაპზე ეკონომიკურად მისაღები ფასი და კარგი ხელშეკრულებებია, მაგრამ იმპორტის ზრდა იწვევს მეორე პრობლემას. გადამცემ ხაზებს სერიოზული მიხედვა და გაძლიერება სჭირდება, თორემ ზამთარში შეიძლება გახშირდეს ავარიები.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონზე იმპორტის კლებას, თბოსადგურები მუშაობენ და გვაქვს საშუალება, რომ დენის შემოტანა მინიმუმზე დავიდეს. ვზოგავთ წყალს წყალსაცავებშიც. შარშანაც ჩაირთო სადგურები, მაგრამ წელს კარგი ჰიდროლოგია გვქონდა, განსაკუთრებით აგვისტოში, რაც იშვიათად ხდება", - ამბობს არაბიძე.
ქვეყანაში ახალი ჰესების მშენებლობაზე სვამს აქცენტს ენერგეტიკოსი ბაჩანა ფიფია.
"ქვეყანას სჭირდება ახალი ჰიდროსიმძლავრეები, შემდეგ კი შესაძლებელია, ქარის ენერგიაც დავიხმაროთ. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როცა ჰესების გენერაციის ზრდა მოხმარების მაღალ დონეს ვერ ეწევა. ამ პრობლემას ქვეყანა რეალურად რთულად უმკლავდება. საქართველოში დეფიციტის შევსების აპრობირებული მეთოდია მისი შემოტანა რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან, თუმცა მეზობელი სახელმწიფოებიდან იმპორტი ამ ქვეყნებზე დამოკიდებულებასა და არაპროგნოზირებად ფასებს ნიშნავს. იმპორტს სირთულე ახლავს ტექნიკური თვალსაზრისითაც.
გარდა ამისა, დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტა გადის, ენერგოუსაფრთხოების პრობლემას ქმნის და ერთადერთი და სწორი გამოსავალი ქვეყანაში ახალი თბოელექტროსადგურების მშენებლობაა. ახალი ჰესებიც უნდა აიგოს, მით უმეტეს, როცა შესაბამისი რესურსი გვაქვს. ზაფხულის პერიოდში წყლის ჭარბი მოცულობა საშუალებას იძლევა, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდეს.
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, როცა ჰიდრო და თბოგენერაციის სიმძლავრეებით მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხერხდება, საჭიროა იმპორტი. შარშანდელთან შედარებით, წელს კარგი ჰიდროლოგიაა, მეტია მდინარეთა ჩამონადენი. ესეც განაპირობებს, რომ ამ მომენტისთვის არ არის იმპორტის საჭიროება", - ამბობს ენერგეტიკოსი.