მარი ჩიტაია
07.09.2018

 ეკონომიკის ახალ მინისტრს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ. 2 თვეში 3 შვებულება, რითაც გიორგი ქობულიამ ყურადღება მიიპყრო, საზოგადოებამ ძალიან მწვავედ მიიღო. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სისტემურ კრიზისს განიცდის, რის ფონზეც ეკონომიკის მინისტრის დაუსრულებელი შვებულებები უამრავ კითხვას აღძრავს.

როგორც ჩანს, ასე არ ფიქრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ ეკონომიკის სამინისტრო სრულფასოვნად მუშაობს - ასე უპასუხა მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტის კითხვას.

"გოგა ქობულიამ გააკეთა ამომწურავი კომენტარი. ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს სრულფასოვნად. უფრო მეტიც, მთავრობის სხდომებზე წარმოდგენილი საკითხების უმრავლესობა სწორედ ეკონომიკის სამინისტროს მიერ არის წარმოდგენილი", - განაცხადა ბახტაძემ.

ეკონომისტების უმრავლესობა კი ფიქრობს, რომ ახალბედა მინისტრი ანგარიშვალდებულებას ვერ გრძნობს, რაც მას უპასუხისმგებლო პიროვნებად წარმოაჩენს.

სისტემის მუშაობის გამართულობა აეჭვებს ანალიტიკოს გია ხუხაშვილს, რომლის შეფასებითაც, ქობულიას საქმისადმი დამოკიდებულება საზოგადოების უპატივცემლობაა.

"მოკლე პერიოდში რამდენჯერმე შვებულებაში ყოფნა არ არის კატასტროფა, თუ სისტემა მეტ-ნაკლებად ნორმალურად მუშაობს. აქ ჩნდება სხვა - თვითონ ამ ადამიანის დამოკიდებულების პრობლემა სახელმწიფო სამსახურის მიმართ, პასუხისმგებლობის თემა და სხვა. მთავარი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის არის რეპუტაცია და საზოგადოების თვალში პასუხისმგებლობის მქონე მოღვაწის განცდის გაჩენა. ქობულიას ასეთი საქციელი, რა თქმა უნდა, მიგვანიშნებს, რომ მას არ აწუხებს ეს თემები, რაც მძიმე დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს. არა მგონია, მინისტრის საქციელი სწორი იყოს", - ამბობს "რეზონანსთან" ხუხაშვილი და დასძენს, რომ გიორგი ქობულიას შვებულებაში ყოფნას მეტი დასაბუთება სჭირდება.

"ობიექტური მიზეზი თუკი არსებობს, მეტი დასაბუთებაა საჭირო. უნდა იცოდეს საზოგადოებამ, მინისტრი რას აკეთებს და რატომ აკეთებს. გასაგებია, რომ საქმე შეიძლება არ ფუჭდება, მაგრამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გიორგი ქობულიას შვებულებაში ყოფნა ნეგატივის მომტანია, თუ სისტემა ნორმალურად არის აწყობილი.

აყველა ჩინოვნიკი უნდა ფიქრობდეს იმაზე, მისი ესა თუ ის ქმედება მოქალაქეებზე როგორ აისახება. პატივისცემის ერთ-ერთი გამოხატულება არის ანგარიშვალდებულება და მუშაობა. ქობულია თავისი ქმედებით გვაჩვენებს, რომ არც ერთი აინტერესებს და არც - მეორე. ელემენტარულად, უნდა თქვას, რომ წუხს, რადგან ასე სისტემატურად უწევს შვებულებაში წასვლა, მაგრამ იგი აგდებულად ექცევა საზოგადოებას და სწორედ ესაა პრობლემა", - აცხადებს გია ხუხაშვილი.

სისტემის გაუმართაობაზე სვამს აქცენტს ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი. მისი აზრით, ეკონომიკა უკიდურესად მძიმე, სისტემური კრიზისის მდგომარეობაშია.

"მე თუ მკითხავთ, საერთოდ არ უნდა გადიოდნენ შვებულებაში და დღე და ღამე უნდა მუშაობდნენ. დღეს ეკონომიკა უკიდურესად მძიმე ვითარებაშია, სისტემურ კრიზისს განიცდის. ახალმა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სათავეში მოსვლამდე და შემდეგშიც ბევრი კარგი ილაპარაკა, მაგრამ ჯერჯერობით ქმედებაზე არ გადასულა.

რაც შეეხება ქობულიას პერსონას და მის დამოკიდებულებას თავისი თანამდებობის მიმართ, ეს აშკარად დამაფიქრებელია. დავიწყებ იმით, რომ შვებულება, თავისი წესით, არ შეიძლება, 1 თვეზე მეტხანს გაგრძელდეს, თანაც წელიწადში ერთხელ ან ორჯერ შეიძლება იყოს. 2-3 დღე შვებულების სახით თუ გაატარა სახლში, ეს სხვა მომენტია.

ეკონომიკის მინისტრის ყოველ სამუშაო დღეს ვერ დავითვლი, მაგრამ ცხადია, რომ ის ამჟამად საქმის აწყობის პროცესში უნდა იყოს. საეჭვოა, მოკლე პერიოდში ისე კარგად აეწყო საქმე, რომ ავტომატურ რეჟიმში შვებულებაში გაეშვათ. ჩვენ არ გვაქვს საქმე ისე აწყობილი, რომ ეკონომიკის მინისტრის მხრიდან 2 თვეში 3 შვებულება ნორმალურ ფაქტად ჩავთვალოთ", - აცხადებს სიმონიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ისევ შვებულებაშია და სამსახურში გამოცხადებას მომდევნო კვირიდან აპირებს. თანამდებობაზე ყოფნის დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მას მესამე შვებულება აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×