ია აბულაშვილი
07.09.2018

 "მანევრი არის უკან დახევა და შემდეგ შეტევა, რაც ყველა პარტიამ უნდა გააკეთოს, მაგრამ მანევრის დროს უნდა გახსოვდეს, რომ რეიტინგი არ უნდა დაკარგო" - აცხადებს რამაზ საყვარელიძე, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

"რეზონანსი": მმართველი გუნდის მიდგომას პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით ექსპერტთა გარკვეული ნაწილი უხარისხო თამაშს უწოდებს. თქვენ როგორ შეაფასებდით "ოცნების" მანევრს პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით?

რამაზ საყვარელიძე: კანდიდატთან დაკავშირებული გადაწყვეტილება პარტიის წიაღიდან არ მოდის, პარტიის თავმჯდომარემ ბოლო ინტერვიუში ამ საკითხზე თავისი თვალსაზრისი და არგუმენტები თქვა. შეიძლება დასავლეთს ეჩოთირება, რომ ერთ პარტიას აქვს მართვის ყველა ბერკეტი, მაგრამ დასავლეთმა არ იცის ჩვენი სპეციფიკა, რომ თუ ოპოზიციურმა პარტიამ მოიპოვა რაიმე ადგილი, მთელ სახელმწიფო სისტემას დაუწყებს ნგრევას, რაც ქვეყნისთვის სახიფათოა. მანევრი უკან დახევას და შემდეგ შეტევას ნიშნავს და მანევრი ყველა პარტიამ უნდა გააკეთოს, მაგრამ მანევრის დროს არ უნდა დაგავიწყდეს, რომ რეიტინგი არ დაკარგო. მანევრის დროს საჭიროა ნაკლები რისკი და ის, რომ წაგება არ ჩაგეთვალოს.

"რ": პოლიტიკურად რამდენად მომგებიანია "ოცნებისთვის", პრეზიდენტის თანამდებობა ოპოზიციას რომ დარჩეს? ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამ და სხვა თემებზე გუნდში დაპირისპირება თუ გაღრმავდა, შეიძლება "ოცნება საპარლამენტო არჩევნებზე დაშლილი მივიდეს.

რ.ს: ბიძინა ივანიშვილზე კი ამბობენ, პოლიტიკური გამოცდილება არა აქვსო, მაგრამ ფაქტია, რომ მომავლის დაგეგმავა იცის და ეს ბევრ რამეში გამოავლინა; ამ ფონზე კი, ადამიანს თუ 2020 წლის არჩევნების მოგება უნდა, გულგრილი არ უნდა იყოს საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ, რადგან თუ "ოცნება" წააგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, გაუჭირდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგება. ეს ერთმანეთზეა მიბმული.

რაც შეეხება პარტიის მთლიანობის შენარჩუნებას, ახალგაზრდა და ძველ თაობას შორის ნაპრალია, რომელიც ჯერ არ არის ამოვსებული. ჩემი აზრით, ახალგაზრდა და ძველი თაობის პოლიტიკოსებს ყველას თავისი როლი და ფუნქცია აქვს და მათი გაყოფა დაუშვებელია, ისინი ერთმანეთს უნდა ავსებდნენ. დღეს კი ჩვენ მივიღეთ ის, რომ პოლიტსაბჭოში ძირითადად ახალგაზრდები არიან, ეს ასაკობრივი ბალანსი დარღვეულია, ნაპრალი კი ნაპრალად რჩება. არ არის გამორიცხული, როგორც ქართულ პოლიტიკაში ტრადიციულად ხდება, ახალგაზრდა თაობამ საკუთარი თამაში წამოიწყოს. თუ ამ სტრატეგიას მიჰყვებიან, ასეთი ჩანაფიქრია და ვიღაცისთვის ასეა ხელსაყრელი, შეიძლება აქეთკენ წაიყვანონ სიტუაცია და ახალი პარტიაც შეიქმნას.

"რ": ექსპერტები 8 სექტემბრამდე "ოცნებისგან" სიურპრიზს მაინც ელიან და სათადარიგო კანდიდატებსაც ასახელებენ, მაგალითად, ზურაბ აბაშიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს.

რ.ს: შესანიშნავი კანდიდატურაა ზურაბ აბაშიძე. იგი კარგად იცნობს საგარეო ურთიერთობას, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ რადგან რუსეთში იყო ელჩად, შეიძლება დასავლეთს გაუჩნდეს ეჭვი, რომ რუსეთის ინტერესების გამტარებელია. ასევე, სუსტ მხარედ მიაჩნიათ, რომ ზურაბ აბაშიძეს ნაკლებად იცნობენ რაიონებში, რაც საკმაოდ დიდი ამომრჩეველია. ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა აქვს ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან მას რაიონებიდან ხმების მოპოვების თვალსაზრისით მეტი შანსი აქვს და პრემიერობის დროს საკმაოდ დიდი გამოცდილებაც დააგროვა.

"რ": ანუ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა შეიძლება ჩავარდეს?

რ.ს: ჩვენ არ ვიცით, რაზე იყო საუბარი კულუარებში, იყო თუ არა კულუარულ დონეზე მიცემული პირობა, რომ მხარს დაუჭერდნენ მის საარჩევნო კამპანიას. მაგრამ თუ იყო გარანტია და ახლა მას მხარს აღარ დაუჭერენ, ეთიკური თვალსაზრისით, ვერ იქნება გამართლებული, თუმცა პოლიტიკაში ყველაფერი ხდება.

"რ": ოპოზიციის შანსზე რას იტყვით იმ ფონზე, როცა "ევროპული საქართველო" უკვე კრიტიკული განცხადებებით გამოდის "ნაცმოძრაობის" მისამართით?

რ.ს: ხელშეკრულება კი დადეს, ერთმანეთს ხელს არ შევუშლითო, მაგრამ, ეტყობა, თავი ვეღარ შეიკავეს. რაც შეეხება გამარჯვების შანსს, მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ "ქართული ოცნება" საერთოდ არ მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში, მაშინ გამოჩნდება, ვის მეტი შანსი აქვს. ჩემი აზრით, მეტი შანსი ალბათ "ნაცმოძრაობას" ექნება, რამაც შეიძლება მეორე ტურის ალბათობა გაზარდოს.

"რ": "ნაცმოძრაობა" კამპანიის დასაწყისშივე შეტევაზე გადადის და წაგების შემთხვევაში აქციებით იმუქრება. რაიმე არეულობას ხომ არ ელით ამ არჩევნებზე?

რ.ს: ოპოზიციას არ აქვს იმის რესურსი, კრიზისული ვითარება გამოიწვიოს და პრობლემები შეუქმნას ხელისუფლებას. ისე, ყველა რესტორანში ჩხუბიც შეიძლება არეულობად ჩაითვალოს.

"რ": ირმა ინაშვილი უმრავლესობას "პატრიოტთა ალიანსის" რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რომელიც სააკაშვილ-ბოკერიას 2004-2012 წლების დანაშაულებრივი მმართველობისა და რეჟიმისთვის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასების მიცემას ითვალისწინებს.

რ.ს: ეს საკითხი მაშინ უნდა დამდგარიყო, როცა ისინი ხელისუფლებას ჩამოაშორეს. მაშინ "ნაცმოძრაობა" მორიდებული იყო და ცდილობდა, თვალში არავის მოხვედროდა, მაგრამ როგორც კი დაიწყო კოაბიტაციის პროცესი, ისინი არა თუ გამოჩნდნენ, შეტევაზე გადავიდნენ. დღეს ასე გააქტიურებულ "ნაცმოძრაობას" გაახსენო, ადრე რაც გაუკეთებიათ, შეიძლება ყვირილი დაიწყონ, ოპოზიციას დევნიანო და ხელისუფლებას პრობლემად ექცეს. რაც გასაკეთებლია, იმას რეზოლუციები არ სჭირდება და თუ ინაშვილს მიაჩნია, რომ ეს საქმე უნდა გაკეთდეს, იგი გამოცდილი ადამიანია, აქვს თავისი პარტია და იმუშაოს. პარტიამ დადოს დიდტანიანი მასალები დამაჯერებელი არგუმენტებით და ვფიქრობ, ამგვარი მასალის გაცნობის შემდეგ პოლიტიკოსებს უარის თქმა გაუჭირდებათ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×