საქართველოს განათლების მინისტრის ინფორმაციით, ინკლუზიური განათლების პედაგოგთა ხელფასი 400-500 ლარით განისაზღვრება. ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს დაიწყება. ამ დროისთვის შემუშავებული უნდა იყოს სკოლებში სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც აქამდე არ არსებობდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის, ეკა დგებუაძის თქმით, სპეცმასწავლებლებთან დაკავშირებული პროექტი ჯერ კიდევ შეთანხმების პროცესშია და „საბოლოო სახე არ აქვს“.
ახალი პროექტის მიხედვით, სკოლებში მომუშავე სპეციალურ მასწავლებლებს უფლება არ ექნებათ დამატებით სხვა საგნის საათებიც შეითავსონ, რადგან სპეცმასწავლებლების ხელფასი უნდა გაუთანაბრდეს პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული პედაგოგის ხელფასს.
"ეს სრულიად ახალი პროფესია იქნება, სხვა მოთხოვნები იქნება, ისინი სხვა საგნებს იმიტომ ვეღარ შეითავსებენ, რომ ორ სქემაში ერთად ვერ ჩაერთვებიან“, – ამბობს ეკა დგებუაძე.
"ნეტგაზეთის" ცნობით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით სკოლებში 1700-მდე სპეციალური მასწავლებელი მუშაობს.