საქართველოს 28 მოქალაქე, რომლებსაც თურქეთში სეზონური სამუშაოების შემდეგ კუთვნილი ანაზღაურება არ მისცეს, დღეს სარფის გამშვებ პუნქტის გავლით საქართველოში დაბრუნდა. მათ სამშობლოში დასაბრუნებლად თურქეთის შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა, საკონსულოს დახმარებით, ავტობუსი გამოუყო, სარფში კი საკვებით გაუმასპინძლდნენ.
ამავე დროს დამსაქმებლით თურქეთის პოლიცია დაინტერესდა, რაც მას სერიოზულ სამართლებრივ პრობლემებს უქადის.
ამბობენ, რომ თურქეთში თხილის საკრეფად 1 აგვისტოს წავიდნენ და დამსაქმებელმა მოტყებით ორდუს გუბერნიის დაბა უნიეში, რამდენიმე დღის განმავლობაში უფასოდ ამუშავა.
დაზარალებულები „რეზონანსთან" ყვებიან, რომ დამსაქმებლებმა კუთვნილი თანხა, რაზეც მხარეები წინასწარ იყვნენ შეთანხმებული, არ გადაუხადა. ამას ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლებიც ადასტურებენ.
დაზარალებული მამუკა ოკრიბაშვილი აცხადებს, რომ 28 ქართველი თხილს 1 აგვისტოდან კრეფდა, მაგრამ ერთ თვეში საერთო ჯამში ყველას მხოლოდ 9 ათასამდე ლირა (3 480 ლარი) მისცეს, ანუ დაახლოებით 120 ლარი კაცზე. ისინი ნახევრად შიმშილობდნენ და გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ.
ოკრიბაშვილი ამბობს, რომ როდესაც მათ მეპატრონისგან კუთვნილი და შეთანხმებული თანხა მოითხოვეს, მან დაშინება და დაშანტაჟება დაუწყო. შედეგად, მთელი ერთი თვის განმავლობაში ფაქტობრივად შიმშილობდნენ და საშინელ პირობებში ცხოვრება უწევდათ. ამის შემდეგ კი მათ დახმარება, როგორც საქართველოს საკონსულოს, ასევე თურქეთის ჟანდარმერიას სთხოვეს.
"მუშაობის დაწყებიდან 4-5 დღის შემდეგ მოვითხოვეთ თანხის გარკვეული ნაწილი იქ ყოფნისა და არსებობისთვის. გვითხრეს, რომ მალე მოგცემთ ფულსო, თუმცა მას მერე არაფერი მოუციათ. ფაქტობრივად ნახევრად მშივრები ვიყავით, გვაშიმშილებდნენ. მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ პომიდორს, ნახევარ პურს და დამპალ ყურძენს გვაჭმევდნენ.
"საცხოვრებელი პირობები საშინელი იყო. რაღაც ნახევრად "პადვალში" ვცხოვრობდით. როდესაც ჩვენი კუთვნილი თანხა თვის ბოლოს კატეგორიულად მოვითხოვეთ, ჩვენი დაშანტაჟება და შეშინება გადაწყვიტა. ღამე ოთახის კარზე გვიკაკუნებდნენ და ასე უნდოდათ ჩვენი შეშინება. გვეუბნებოდნენ, რომ თუ ჩუმად არ ვიქნებოდით, არაფერსაც არ მოგვცემდნენ.
"არც კონტრაქტები დაგვიდეს და არც რაიმე ხელშეკრულება გვქონია. მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება მოხდა. მათგან თავის დაღწევაში ჩვენი თანამემამულეები დაგვეხმარნენ. თურქეთის პოლიციაშიც საჩივარი მათი დახმარებით შევიტანეთ და ორდუს გუბერნიაში, ქალაქ უნიეში, ქართველების მიერ ნაქირავებ ბინაში ვცხოვრეობდით. ჩვენი სიტუაცია თურქულმა მედიამაც გააშუქა, რის შემდეგაც გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ბიზნესმენის დაკავება მოხდა," - განაცხადა მამუკა ოკრიბაშვილმა.
მომჩივანთა შორისაა იურიდიული სასამართლოების თარჯიმანი ზია ბაირაქი, რომელიც ამბობს, რომ ბიზნესმენი უკანონოდ ამუშავებდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის ქართველებსაც.
ბაირაქი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები, თურქეთში უკონტრაქტოდ მუშაობდნენ, ამიტომ იურიდიულად არ აქვთ დავის საფუძველი. შესაბამისად, მათ ნაცვლად პოლიციასა და შესაბამის უწყებებს ეთნიკურად ქართველებმა მიმართეს.
"დამსაქმებელი სახელმწიფოს უმალავდა, რომ ამუშავებდა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ამიტომ არ უფორმებდა კონტრაქტებს. ამიტომ ჩვენ მას ვუჩივით, როგორც ამ ფაქტის დამალვისთვის, ასევე დასაქმებულების მოტყუებისთვის" - განაცხადა ზია ბაირაქმა თურქულ გაამოცემა Milliyet -თან საუბრისას.
საქართველოს საკონსულოში კი აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, თურქი დამსაქმებელი გამოძახებული იქნა პოლიციაში და მომავალ კვირას ის ქართველების დავალიანებას სრულად დაფარავს. ტრაპზონში გენერალური კონსულის ავთანდილ მიქაცაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეების უფლებებს საკონსულო დაიცავს.
თურქულმა მხარემ გასული წლის სექტემბერში, უცხოელი მოქალაქეებისთვის ახალი კანონი მიიღო, რაც სოფლის მეურნეობაში, სეზონურად, ლეგალური დასაქმების საშუალებას იძლევა. თუმცა საქართველოს საკონსულო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კონტრაქტის გარეშე მუშაობისგან თავი შეიკავონ.