(რეზონანსი) ცუდად იქცევა ჩვენი ხელისუფლება, ასეთი საძაგელი ხელისუფლება მე ვფიქრობ, საქართველოს არ ჰყოლია - ასე ეხმაურება პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ტელეკომპანია "იბერიას" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
ჩარკვიანის თქმით, "იბერიას" ეთერში ხელისუფლების კრიტიკა ისმის, რაც საკმარისი მიზეზია არსებული მმართველი ძალისთვის სცადოს ტელეკომპანიის მუშაობის პარალიზებას. ჩარკვიანის თქმით, ამის სურვილი ხელისუფლებას უფრო მეტად არჩევნების მოახლოების წინ გაუჩნდა.
"მე პირადად არ მახსოვს, რომ რაიმე შეზღუდვა მქონდეს ამ არხზე. ახლა მოდის არჩევნები. ჩვენი ხელისუფლება არა უნიათოდ, არამედ შეგნებულად ცუდად იქცევა. ასეთი საძაგელი ხელისუფლება მე ვფიქრობ, საქართველოს არ ჰყოლია. ასეთი გაჭირვებული ხალხი საქართველოს არ ჰყოლია, აი ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ იბერიას ეთერში", - ამბობს თაკო ჩარკვიანი.
ტელეკომპანია "იბერიას" დამფუძნებლები ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად საერთაშორისო სასამართლოში ჩივილსაც გეგმავენ.
როგორც ტელეკომპანიის ხელმძღვანელები განმარტავენ, ხელისუფლება "ომეგა" ჯგუფში შემავალ კომპანიებს ებრძვის, ამ პროცესის საბოლოო მიზანი კი თავისუფალი მედიის შეზღუდვაა.