ტყიბულში, მინდელის შახტში არსებულ შრომის პირობებს გერმანული კომპანია DMT Group შეისწავლის და ექსპერტიზას ჩაატარებს, - გადაწყვეტილება აღნიშნული კომპანიის შესახებ სამმხრივი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, აღნიშნულ კომპანიას საქმიანობის 140 წლიანი გამოცდილება აქვს 75-ზე მეტი ექსპერტი ჰყავს.
მინისტრის თქმით, კომპანიასთან კონტრაქტი დღესვე, დაჩქარებული წესით გაფორმდება, ვინაიდან უცხოელმა ექსპერტებმა ადგილზე მუშაობა დროულად დაიწყონ.
"დღეს შედგა სამმხრივი პარტნიორობის კომისიის მორიგი შეხვედრა, რომლის დღის წესრიგში იყო ტყიბულის ნახშირმომპოვებელი კომპანიის ინფრასტრუქტურის შეფასება შრომის უსაფრთხოების მხრივ. ის დრამატული მოვლენები, რაც მოხდა საზოგადოებისთვის ცნობილია და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ შეარჩიოს ისეთი კომპანია, რომელსაც საუკეთესო გამოცდილება ექნება, რომ სისტემურად შეაფასოს ამ კონკრეტული ინდუსტრიის ინფრასტრუქტურის შრომის უსაფრთხოების პირობები წინასწარ შედგენილ ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით და დადოს რეკომენდაციები დაწყებიდან 5 კვირის განმავლობაში. ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტი განახორციელებს. რაც შეეხება კომპანიას, ეს არის გერმანული კომპანია, რომელსაც 140- წლიანი გამოცდილება აქვს ასეთ აქტივობებში და საერთაშორისოდ აკრედიტებული ექსპერტები ჰყავს. ჩვენ დღესვე უკვე გადავდივართ კონტრაქტის გაფორმების პირობებზე და ჩვენი ამოცანაა, ეს სამუშაო რაც შეიძლება, მალე დაიწყოს",- განაცხადა დავით სერგეენკომ.
ტყიბულში შახტის ექსპერტიზის მიზნით შესაბამის სამუშაოებს კომპანია სავარაუდოდ, ორ კვირაში დაიწყებს.
მოწვეული სპეციალისტების ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, საუბარია 50 ათას ევროზე.
ტყიბულის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ საწარმო დაიხურა. საერთაშორისო ექსპერტული ორგანიზაციის დასკვნის შემდეგ კი ცნობილი გახდება, განახლდება თუ არა სამუშაოები ტყიბულის შახტში.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ტყიბულის შახტებში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 2017-2018 წლებში 15 დასაქმებული დაიღუპა.
ბოლო ტრაგედია, რომელიც ტყიბულიში დატრიალდა 5 აპრილს მოხდა. მაშინ მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.