კომპანიები ფინანსთა სამინისტრო წინააღმდეგ გამოდიან. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ მინისტრის გადაწყვეტილება ყველაზე მნიშვნელოვან საკვებ პროდუქტებს გააძვირებს. კერძო სექტორი სახელმწიფოს მიმართავს და გადაწყევტილების შეცვლას ითხოვს.
ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი კანონის მიხედვით 15 სექტემბრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხორბლისა და ჭვავის იმპორტი აიკრძალება. ნოემბრიდან კი მას მიემატება სიმინდიც. ბიზნესმენები დაუფარავად ამბობენ, რომ გაძვირდება კვერცხის, ასევე ფრინველის, ღორის, საქონლის და სხვა ტიპის წარმოება. მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო შემოტანა პროდუქტს იმდენად გააძვირებს, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მას ვერ გასწვდება და კომპანიებს დახურვა მოუწევთ.
19 კომპანია საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი ქობულიას და საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძეს მიმართავს და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლის თანახმად, 15 სექტემბრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხორბლის და ჭვავის იმპორტი აიკრძალება.
„ეს აკრძალვა ნამდვილად უზღუდავს მეწარმეს ხორბლის ტრანსპორტირებისათვის მოახდინოს საფასო პირობებიდან გამომდინარე კონკურენტული ლოგისტიკური გზის არჩევა, მონოპოლიურ მდგომარეობაში აყენებს პორტს და რკინიგზას, აძვირებს ბაზარზე ხორბლის ღირებულებას და ზიანი მოაქვს სოფლის მეურნეობის კონკრეტული სექტორებისათვის. ხორბალი წარმოადგენს ხორცპროდუქტების, ისევე როგორც კვერცხის წარმოების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს. აღნიშნული ბრძანების შემდეგ შეწყდება ხორბლის იმპორტი რუსეთიდან ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, რაც მის თვითღირებულებას გააძვირებს ერთ ტონაზე დაახლოებით 100-150 ლარით და შესაბამისად გაზრდის კვერცხის და ყველა სახის ხორცის თვითღირებულებას.
ქათმის კვერცხის, ასევე ქათმის, ღორის, საქონლის და სხვა მწარმოებლები კიდევ უფრო ნაკლებკონკურენტულები გახდებიან იმპორტირებულ საქონელთან შედარებით და შედეგად სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან.
ჩვენი დარგების გადასარჩენად ვითხოვთ ორ რამეს:
1. გაუქმდეს ფინანსთა მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანება ან მინიმუმ დაშვებულ იქნას საფურაჟე ხორბლის იმპორტი ავტოტრანსპორტით;
2. მთავრობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიუდგეს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს და არ მიიღოს იგი კონსულტაციების და დისკუსიების გარეშე;
ასევე ვიხილავთ ამ საკითხის სასამართლოში განხილვის შესაძლებლობასაც“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია „ჩირინას“ (ბრენდი „ბიუ-ბიუ“) დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე მთავრობის მხრიდან ჯერ ხორბლის, ხოლო ნოემბრიდან სიმინდის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით შემოტანის აკრძალვას პირდაპირ კატასტროფად აფასებს, რაც მეფრინველეობის კომპანიებს დახურვის პირას მიიყვანს. გემით შემოტანილი მარცვლეულია ძალიან ძვირია. შესაბამისად, მეფრინველეობის საწარმოები შეიძლება გაჩერდნენ.
„ძვირ ქათამს ვერავინ ვერ იყიდის, საწარმოებს რეალიზაცია შეუმცირდებათ“, - ამბობს ვაშაკიძე.
მთავრობის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან სპეციალისტები. პროფესორი ანზორ მესხიშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ გაძვირების მომენტის გარდა, გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს გეპოლიტიკური მდგომარეობა. მთავრობამ უნდა იფიქროს, შესაძლო კრიზისზე. ამ დროს ბევრი ალტერნატიული გზა უნდა არსებობდეს მარცვლეულის იმპორტისათვის.
,,გადაწყვეტილება თავისთავად არასწორი და შესაცვლელია. თუ რამე ნორმას ვერ აკმაყოფილებს ფიტოსანიტარული შემოწმების მხრივ, მოაგვარონ და გააუმჯობესონ, ხოლი თუ ფასებია დემპინგური, ეს გამოასწორონ.
იმის გარდა, რომ ეს გააძვირებს ხორბალს ათასობით მძღოლი დაკარგავს სამსახურს და გასათვალისწინებელია ისიც რომ ხორბალი სტრატეგიული კულტურაა ყველა ქვეყნისთვის. ღმერთმა დაგვიფაროს და რამე რომ მოხდეს, ან საომარი მოქმედებების მხრივ ან კიდევ კლიმატური ცვლილებების გამო მაშინ უნდა ვეძებოთ ახალი გზა?
არ შეიძლება არ აძლევდე ბიზესს საშუალებას ალტერნატიული გზები თავად აირჩიოს. 80%-ით იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და ყველა გზა, რომლითაც ხორბალი შემოდის უნდა დარჩეს, რათა გაუთვალისწინებელი კრიზისების დროს ყველაზე მეტად პირველადი დანიშნულების პროდუქი, დეფიციტური არ გახდეს", - აცხადებს მესხიშვილი.
ფაქტს დიდი ხანა აპროტესტებენ და ბიზნესისთვის დარტყმად მიიჩნევენ მეპურეთა ასოციაციაში და ცალკეული წისქვილკომბინატების მფლობელებიც. გარდა ამისა, არსებობს ეჭვი, რომ ავტომობილებით იმპორტის აკრძალვა ცაკლეული პირების მხრიდან ბაზრის მონოპოლიზების მცდელობას უკავშირდება. როგორც "რეზონანსმა" გაარკვია ეჭვი ორ პირზე არსებობს. ერთ-ერთი, ფარლამენტში `ქართული ოცნების`დეპუტატი, გოდერძი ჩანქსელიანია, რომელიც შპს "ბევრილი" ჯგუფის 70%-ის მფლობელია. მეორე კი ამ სფეროში ყველასათვის კარგად ცნობილი, კოკი ოსიპოვია. ის "აგრიკომის" დამფუძნებელი, მფლობელი და წინა ხელისუფლების პირობებში ფქვილის ერთადერთი მსხვილი იმპორტიორი გახლდათ.