იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული მე-19 საუკუნის ფონდის - „თბილისის კეთილმოწყობის კომიტეტი“ - გადამუშავებისას 1839 წლის ერთ-ერთ საქმეში მოიძებნა 1709 წლის ისტორიული საბუთი, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონასტერს შეეხება. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ავრცელებს.
ახლად მიკვლეული დოკუმენტი სარდალ გიორგი ამილახვრის მიერ იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ეკლესიისადმი 1709 წელს გაცემული შეწირულების წიგნია.
„ამ დოკუმენტით ამილახვარმა თბილისში მდებარე თავისი მამული მშობლების – მამის გივი ამილახვრისა და დედის თამარის (შაჰნავაზის იგივე ვახტანგ V-ის ასული) – სულის მოსახსენიებლად შესწირა ტაძარს.
დოკუმენტის პირი (გადაწერილი ასლი) ეროვნული არქივის ძველი საბუთების პირების კოლექციაში ამ დრომდეც ინახებოდა და მისი შინაარსიც ცნობილი იყო, თუმცა მე-19 საუკუნის საარქივო საქმეში მისი ორიგინალის მიკვლევას გამორჩეული მნიშვნელობა აქვს.
იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართველების მოღვაწეობასა და მონასტრისთვის ქართველი მეფეებისა და მთავრების შეწირულებათა შესახებ ეროვნული არქივის ძველ საბუთთა კოლექციაში მე-15-მე-19 საუკუნეების 115 დოკუმენტია დაცული. ამ ისტორიული საბუთებით დასტურდება, რომ ქართველი მეფეები და დიდებულები გამუდმებით სწირავდნენ ქონებას იერუსალიმის ქართულ მონასტრებსა და იმ სავანეებს, რომლებშიც ქართველი სასულიერო პირები მოღვაწეობდნენ.