საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია "იბერიას" წარმომადგენლებს შეხვდება. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთა.
„ყველა წინა შემთხვევაში, როდესაც მედიას უკავშირდებოდა საკითხი, პრეზიდენტი იყო ძალიან აქტიური და ხშირად საჯაროდ და ღიად პოზიციონირებდა მსგავს თემებზე იმიტომ, რომ დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი მედიაგარემო არის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტი, რაზეც უნდა დაშენდეს ამ ქვეყნის სწორი და ძლიერი მომავალი. პრეზიდენტი არის საქმის კურსში, ის მზადაა, რომ შეხვდეს ტელეკომპანია "იბერიას" ჟურნალისტებს, სხვა წარმომადგენლებს, მოისმინოს უშუალოდ მათგან ყველა ინფორმაცია და შესაბამისად, აქტიურად მიადევნოს თვალი ამ საქმის ირგვლივ არსებულ ყველა საკითხს," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა.
პრეზიდენტთან შესახვედრად ტელეკომპანია "იბერიას" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ვახტანგ ხუზმიაშვილი, მზადყოფნას გამოთქვამს. მისი თქმით, მარგველაშვილს კვირის დასაწყისში შეხვდებიან.
ტელეკომპანია "იბერია" უკვე მეორე დღეა, საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ჟურნალისტები და არხის მფლობელები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ.
ტელევიზიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ არხის ხელში ჩაგდების მთავარ ბერკეტად მმართველი პოლიტიკური ძალა "ომეგა" ჯგუფის ბიზნესზე ზეწოლას იყენებს.
"იბერიას" ტელეწამყვანი, არჩილ გამზარდია, აცხადებს, რომ ტელევიზიის მიმართ არსებული პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, თუმცა, ამისთვის პოლიტიკური ნება არ არსებობს.
"რაკიღა პრობლემა მოგვარებადია, მოდით, ვკონცენტრირდეთ ამაზე, არაფერი რთული არ იქნება იმაში, რომ ქართულმა ოცნებამ „ახევების" მოწადინებას თავი დაანებოს, დადგეს, სავალდებულო, კანონიერი გადანაწილება მოახდინოს," - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.
"ომეგა ჯგუფს" ბიუჯეტის წინაშე 51 მლნ-ზე მეტი ლარის ვალი აქვს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფში" შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ-ის" საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა.