"2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურად მივლენ მხოლოდ სააკაშვილის მხარდამჭერები და "ოცნების" მიერ ადმინისტრაციული და ფულადი რესურსით მიყვანილი ადამიანები, ვინც ხმას მისცემს "ოცნების" მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს" - ასეთ პროგნოზს გამოთქვამს პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე, რომელსაც "მთელი კვირა" წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნებში მონაწილე კანდიდატებზე ესაუბრა.
"მთელი კვირა": როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს?
პეტრე მამრაძე: საქართველოს მოსახლეობაში ძალზე სკეპტიკური დამოკიდებულებაა საპრეზიდენტო არჩევნებისადმი. როგორც სოციოლოგიური კვლევებიდან ჩანს, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ყველა კანდიდატის საწინააღმდეგოდ არის განწყობილი, ანუ არჩევნებზე არც მივლენ და თუ მივლენ, ყველას გადახაზავენ. ეს მართლაც საინტერესო მოვლენაა - 36 კანდიდატს შორის არავინაა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მოწონებას და მხარდაჭერას იმსახურებდეს.
ამის რამდენიმე მიზეზი შეგვიძლია დავასახელოთ: მოსახლეობის დიდი ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი სახელისუფლებო სტრუქტურების მიმართ; გარდა ამისა, მარგველაშვილმა ამ 5 წელიწადში ყველაფერი გააკეთა პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისთვის. ამას გარდა, დღევანდელი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს მხოლოდ წარმომადგენლობითი და საარბიტრაჟო ფუნქციები აქვს და არ შეუძლია, გავლენა მოახდინოს ეკონომიკურ, სოციალურ, ასევე, ხალხისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხების მოგვარებაზე. ამიტომაა, რომ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში ასეთი უფლებამოსილების პრეზიდენტს ირჩევენ პარლამენტი ან საარჩევნო კოლეგია, ჩვენთან კი ეს არჩევნები ისევ საერთო სახალხო წესითაა, თუმცა ეს ბოლოა და შემდეგში პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
"მ.კ": ამ ფონზე, მოსახლეობის მაინც რა პროცენტი მივა არჩევნებზე?
პ.მ: სააკაშვილის ყველა მხარდამჭერი მივა არჩევნებზე, მას 10% მოტივირებული მხარდამჭერი ჰყავს. "ევროპულ საქართველოს" თითქმის ნულოვანი რეიტინგი აქვს. თუ არაფერი შეიცვალა, ველოდები, რომ აქტიურად მივლენ მხოლოდ სააკაშვილის მხარდამჭერები და "ოცნების" მიერ ადამინისტრაციული და ფულადი რესურსით მიყვანილი ადამიანები, ვინც ხმას მისცემს "ოცნების" მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს.
"მ.კ": პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოზე მიიღებენ, როცა კანდიდატთა რეგისტრაცია დასრულებული იქნება. კულუარებში ამბობენ, რომ "ოცნებაში" უკვე გადაწყვეტილია, სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ მხარი, თუმცა დამოუკიდებელი კანდიდატი გიორგი შენგელაია დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი მას დაუჭერს მხარს და "ოცნების" პოლიტსაბჭოზეც აპირებს მისვლას.
პ.მ: ბიძინა ივანიშვილი დიდ პატივს სცემს გამოჩენილ ქართველ რეჟისორ გიორგი შენგელაიას და გვახსოვს, პირადად როგორ გახსნა მისი ვარსკვლავი ბატონი გიორგის თანდასწრებით, მაგრამ არაფერი ვიცი იმის თაობაზე, რომ "ოცნება" გიორგი შენგელაიას, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, მხარს დაუჭერს. საერთოდ ეყოლება თუ არა "ოცნებას" თავისი კანდიდატი თუ მხარს დაუჭერს სხვა კანდიდატს, ეს უახლოეს ორ დღეში გადაწყდება.
"მ.კ": ოპოზიციას უნდა, რომ "ოცნებას" თავისი კანდიდატი ჰყავდეს? ექსპერტთა აზრით, ოპოზიციის ინტერესში შედის, რომ მხოლოდ "ოცნების" კანდიდატს მოუგოს.
პ.მ: სააკაშვილისა და მისი პარტიისთვის ხელსაყრელია, რომ "ოცნებას" თავისი კანდიდატი არ ჰყავდეს და არც არავის დაუჭიროს მხარი. მათ ჰგონიათ, რომ ასეთ შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვების კარგი შანსი აქვს. თუ გაიმარჯვა, ცხადია, იყვირებენ, რომ საერთო სახალხო არჩევნებში გაიმარჯვა ვაშაძემ, ანუ "ნაცმოძრაობამ" და სააკაშვილმა; იტყვიან, ეს რომ ხალხი მათ უჭერს მხარს და არა - "ოცნებას". ამით კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ "ოცნების" მიერ გაკონტროლებული პარლამენტის ლეგიტიმურობას, მოითხოვენ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და ა.შ. გამარჯვების იმედი კი იმის გამო აქვთ, რომ სააკაშვილს რჩება თავისი 10%-იანი რეიტინგი და დიდი ფული. სხვა ოპოზიციურ პარტიებს კი ურჩევნიათ, რომ წააგონ "ოცნების" კანდიდატთან ან მის მხარდაჭერილ კანდიდატთან, რათა შემდეგ იყვირონ, "ოცნებამ" თავისი ადმინისტრაციული და ფულადი რესურსი გამოიყენაო. ბაქრაძემ უკვე აღნიშნა, ჩვენ - "ევროპული საქართველო" სამთავრობო რესურსს ვუპირისპირდებითო.
"მ.კ": მესამე სექტორის აზრით, ის, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვას მოუხსნიან, ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი მცდელობაა, დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი. ასეა?
პ.მ: ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა. თუ იქნება ინფორმაცია, რომ კონკრეტულად ამ ადამიანს და მის ოჯახს საფრთხე ემუქრება, მაშინ შეიძლება შესაბამისი დროით გამოიყოს დაცვა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდეს დაცვა ჩვენნაირ ღატაკ ქვეყანაში, გაუგებარია. გარდა ამისა, იმითაც არის კარგი, რომ პრეზიდენტმაც და სხვა თანამდებობის პირებმა იცოდნენ, ისეთი არაფერი ჩაიდინონ, რომ ხალხი გამწარდეს და მერე დაცვით მოუწიოთ სიარული.