"საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით თითქმის ყველაფერი გარკვეულია, გასარკვევი რჩება მხოლოდ ერთი საკითხი, გამარჯვებული იქნება ბიძინას ძე თუ ბიძინას ასული" - ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომელსაც "მთელი კვირა" საპრეზიდენტო არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა.
სოსო ცისკარიშვილი: ვინც უნდა დაასახელოს საკუთარ კანდიდატად მეოცნებეთა ჯგუფმა, დარწმუნებული ვარ, რეალური მხარდაჭერის სურვილი "ოცნების" შიგნით არავის გააჩნია, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ეს "გაუგებრობა" ხდება კანდიდატთან დაკავშირებით, ხმა არავის ამოუღია. "ოცნების" უმრავლესობა ცდილობს, თავი შეიკავოს პოზციის გამოხატვისგან, რადგან კარგად აცნობიერებს, რომ თუ პარტიის თავმჯდომარის მოსაზრებას ხმამაღლა არ გაიზიარებს, სავარძელს დაკარგავს.
"მ.კ": ამბობენ, პარტიის თავმჯდომარე დისტანცირებულია პროცესებიდან და სწორედ ამას მოჰყვა გუნდში კანდიდატთან დაკავშირებით აზრთა სხვაობაო.
ს.ც: თავად ივანიშვილი ამ პროცესებზე საერთოდ არ ფიქრობს. თავის სატელევიზიო გამოსვლაში პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით მან უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი იყო. მის გარშემო ახლა მშვიდი გარემოა, რადგან მან უკვე "მიჭირხვნა" საქართველოს კონსტიტუცია და დააკნინა პრეზიდენტის ინსტიტუტი, ახლა კი კმაყოფილი უყურებს მოვლენებს, რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით. გინდაც რამდენიმე წუთით ადრე თქვას თავისი გადაწყვეტილება, არჩევნების ბედი გადაწყვეტილია. "ოცნებას", ოპოზიციას და საზოგადოებას ერთი საკითხი აქვთ გასარკვევი, ვინ იქნება გამარჯვებული - ბიძინას ძე თუ ბიძინას ასული.
"მ.კ": ოპოზიციას ხელს აძლევდა, რომ ამ არჩევნებში "ოცნებას" თავის კადიდატი დაეყენებინა? ექსპერტები ამბობენ, რომ მმართველ გუნდთან მოგება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათ შანსს გაზრდიდა, წაგების შემთხვევაში კი ექნებოდათ სათქმელი, "ოცნებამ" ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსით მოიგო ეს არჩევნებიო.
ს.ც: ის, რაც არ უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას, უკვე გააკეთა და სულ ტყუილად ჰგონიათ, რომ 9 სუბიექტის მიერ შერჩეული პირი არის საუკეთესო. ვაშაძის წინააღმდეგი არ ვარ, გამოცდილი ადამიანი გახლავთ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ის არა ამ 9 სუბიექტის შერჩეული კანდიდატია, არამედ - მიშა სააკაშვილის. სწორედ ეს იქნება "ოცნების" მთავარი გზავნილი ამომრჩევლისადმი - ხალხო, არ მოტყუვდეთ და ხმა არ მისცეთო. როგორ ფიქრობთ, ჯანსაღი პროცესები რომ წასულიყო ოპოზიციის შიგნით, ქვეყანაში, რომელსაც 240-ზე მეტი პოლიტიკური პარტია ჰყავს, გაერთიანების შემთხვევაში კანდიდატს ვერ შეარჩევდნენ? ახლა კი დაიგვიანეს, არადა, ამ ერთობის გამოყენება შეიძლებოდა.
"მ.კ": მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის უფლებები შეზუდულია, მაინც ბოლო არჩევნებია, როდესაც ხალხი ირჩევს პრეზიდენტს. აქტიურობას ელით?
ს.ც: იმ დროს, როდესაც ამ პატარა ქვეყანაში 44 კანდიდატია და ყველა მიიჩნევს, რომ ის იქნება საუკეთესო პრეზიდენტი, ამომრჩეველმა კი მხოლოდ ციფრებში იცის კანდიდატთა რაოდენობა და არა გვარ-სახელებით, რა განწყობა უნდა ჰქონდეს? თანაც მმართველი პარტია, ამდენი ხანია, არ აცხადებს, ვის დაუჭერს მხარს. რამდენად აქტიური იქნება ქართველი ელექტორატი საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ, ვერ გეტყვით, მაგრამ ლინკოლნის ფრაზას გავიხსენებ - "საარჩევნო ფურცელი უფრო ძლიერია, ვიდრე გასროლილი ტყვია".
"რ": ამ ფონზე, რამდენად დიდია მეორე ტურის ალბათობა?
ს.ც: მეორე ტური შეურაცხყოფა იყო 2013 წელს ბიძინა ივანიშვილისთვის. როცა ვცდილობდით, რომ აგვეხსნა, მეორე ტური დემოკრატიის მაჩვენებელი იქნებაო, მან იუარა და ამ თემაზე მოსპო საუბარი. თანაც დაიმუქრა, თუ 65% არ იქნება პირველსავე ტურში, საქართველოდან წავალო. ახლა მაინტერესებს, რამდენ პროცენტზე დარჩება საქართველოში? არ არის გამორიცხული, რომ მეორე ტურში ამომრჩეველი უფრო მეტი მივიდეს, ვიდრე პირველ ტურში. მერე ამ თემაზე იქნება გაუგებრობა და ერთი ჯანყი; მაშინ კი საქართველოს თუ ევროპიდან ჩამოსულ არჩევნების მოდარაჯეებს ღამეების გასწორება მოუწევთ საარჩევნო ყუთებთან.