ტელეკომპანია „იბერიას" თანამშრომლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ისინი ტელეკომპანიასთან მიმართებით განვითარებულ მოვლენებს მთავრობის კანცელარიასთან გააპროტესტებენ.
ტელეკომპანიამ აღნიშნულის გამო რამდენიმე საათით მაუწყებლობა შეაჩერა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მაუწყებლობის გათიშვას ხელისუფლება აიძულებს და მათ შევიწროვებას ცდილობს.
„თუ ასე არ არის, გუშინ პროკურატურას უნდა დაეწყო გამოძიება იმ ჩანაწერების გამო, რომელიც გავრცელდა", - აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.
ტელეკომპანია „იბერიამ" გუშინ სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა" და „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქრიაშვილს ესაუბრება.
ამასთან, 7 სექტემბერს ტელეკომპანია „იბერიამ" საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას" გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი", რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია", პარალიზებულია.
დედქალაქის მერი, კახა კალაძე ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლას არ ადასტურებს და ირწმუნება, რომ დღეს ქვეყანაში მედია თავისუფალია. კალაძემ "იბერიას" გარშემო განვითარებული მოვლენების კომენტირებისას აღნიშნა, რომ "ყველას კარგად ახსოვს დრო, როდესაც მედია ერთ ადამიანს ედო ჯიბეში".
„მედია თავისუფალი უნდა იყოს და არის დღეს. ეს თითოეული ჩვენგანის მიღწევაა, რაც 2012 წლის შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ და მივაღწიეთ ერთიანი ძალისხმევით. კარგად გახსოვთ დრო, როცა ერთ ადამიანს ედო ყველა მედიასაშუალება ჯიბეში. „იბერიას" არანაირი პრობლემა არ აქვს. როგორც მე ვიცი, მის მფლობელს კონკრეტულ ბიზნესში ბიუჯეტის მიმართ აქვს დიდი დავალიანება. ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ხელშეწყობა ყოფილიყო, მაგრამ ტელევიზია ბიზნესზე ამოაფარო და გადასახადები არ გადაიხადო, ის რაც კანონი გავალდებულებს, არ მგონია სწორი მიდგომა", - განაცხადა კახი კალაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ „ომეგა" ჯგუფი სახელმწიფოს ტელეკომპანიის გამოყენებით აშანტაჟებს.
„მეჩვენება, რომ ამ შემთხვევაში ბიზნეს ინტერესების დაცვა ხდება მედიის თავისუფლების, როგორც ღირებულებების ზურგს უკან. რაც არ მგონია სწორი იყოს, რადგან ხელისუფლება მაქსიმალურად იცავს მედიის თავისუფლებას.
რაც შეეხება დავალიანებას, ჩვენ ასევე საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ნებისმიერი კომპანია, რომელიც არ უნდა იყოს, ფლობს ის მედია საშუალებას თუ არ ფლობს, თუ მას აქვს დავალიანება მან ეს უნდა გადაიხადოს.
51 მილიონი ცოტა თანხა ნამდვილად არ არის, ის აუცილებლად უნდა მოხმარდეს ქვეყნის ინტერესებს, მათ შორის ეს იქნება პენსია, თავდაცვა, პოლიცია თუ ასე შემდეგ, ისე რომ ცალმხრივად დავტოვოთ საკითხი და 51 მილიონზე თვალი დავხუჭოთ იმიტომ რომ მის მეპატრონეს აქვს მედიასაშუალება ეს არასწორად მიმაჩნია"-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება მედია და მედიის თავისუფლება გამოყენებული იქნას ბიზნესის ფარად.
„ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში, არსებობს ძალიან ბევრი გზა იმის, რომ თუკი რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს ამ კითხვის ნიშანს პასუხი უნდა გაეცეს და მეორე, ყველა ვალდებულია,რომ შესაბამისი გადასახადი გადაიხადოს,"-ამბობს დავით მათიკაშვილი.