ურთიერთბრალდებები და დავა "იბერიის" ირგვლივ გრძელდება. ტელეკომპანია მუშაობას კვლავ საგანგებო ვითარებაში განაგრძობს. ტელევიზია კითხვებზე პასუხს ითხოვს, ხელისუფლება კი კომპანიის მფლობელების მხრიდან შანტაჟზე საუბრობს.
ჟურნალისტებმა მიმდინარე პროცესი მთავრობის კანცელარიასთანაც გააპროტესტეს. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ აუდიოჩანაწერით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ, სადაც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი არხის ერთ-ერთ დამფუძნებელს - ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანიის წილის ხელისუფლებისთვის დათმობაზე ესაუბრება.
ტელეკომპანიის თანამშრომლები არ გამორიცხავენ, რომ ყიფიანთან ერთად მოქმედი თანამდებობის პირებიც იყვნენ ამ პროცესში ჩართული.
არხის ჟურნალისტი არჩილ გამზარდია "რეზონანსთან" იმასაც აცხადებს, რომ მათ წინა თვეებში ჰქონდათ ინფორმაცია "იბერიით" ქუმსიშვილი-კვირიკაშვილის დაჯგუფების დაინტერესების შესახებ, თუმცა აღმოჩნდა, რომ პროცესში სხვა ადამიანებიც არიან ჩართული, რადგანაც ხელისუფლებიდან მათი ჩამოშორების მიუხედავად, ტელეკომპანიაზე შეტევა არ დასრულებულა.
ანალიტიკოსები და პოლიტოლოგები კი ხელისუფლებას ამ პროცესთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, რომ მათ განცხადებებში სიცხადე და არგუმენტები სჭარბობდეს.
მათი თქმით, დაუშვებელია მედიასთან ამ ფორმით თამაში, რადგანაც ისტორიული გამოცდილებით ვიცით, რომ მსგავსი ქმედება არც ერთი წინა ხელისუფლებისთვის კარგად არ დასრულებულა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უარყოფს მთავრობის წნეხს "ომეგა ჯგუფსა" და, შესაბამისად, მის მფლობელობაში არსებულ ტელეკომპანია "იბერიაზე."
მაჭავარიანის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება არასდროს ყოფილა ბიზნესის მიმართ ასეთი მეგობრული და არც მედია ყოფილა ისეთი თავისუფალი, როგორიც დღეს არის.
"ამიტომ სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ მიუღებელია და მე ვიტყოდი მეტსაც, რომ სამარცხვინოა, მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი როდესაც თავის მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს, გადასახადები არ გადაიხადოს", - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.
"იბერიის" პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი არჩილ გამზარდია ადასტურებს, რომ, ლევან ყიფიანის გარდა, კიდევ არიან სხვა მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც ცდილობენ "იბერიის" ხელში ჩაგდებას.
"ამ ჩანაწერით ყველამ კარგად დაინახა, რასთან გვაქვს საქმე. გამოჩნდა, როგორ ცდილობენ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ყოფილი მაღალჩინოსანი და მასთან დაახლოებული პირები კონკრეტული მედიასაშუალებების "ახევას", როგორ აღიზიანებს ხელისუფლებას კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალება", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება დაკავებულია ბიზნესის და კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ტერორით.
მისივე თქმით, მას ამ ჩანაწერში კარგად ეცნობა ფრაზა - "რუსთავი ორზე უარესია." არჩილ გამზარდია ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ის მუშაობდა პვთ-ში და, ასევე, მჭიდრო შეხება ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან და მასთან დაახლოებულ პირებთან, მსგავსი ფრაზები მას არაერთხელ მოუსმენია.
"ძალიან კარგად ვიცი, ასეთი თემები როგორ და სად ირჩევა. მსგავსი სიტყვები სხვა ტელევიზიებთან დაკავშირებითაც გამიგონია. სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული, რომ ჩვენს დღეში უახლოეს მომავალში სხვა მედიასაშუალებებიც აღმოჩნდნენ. ჯერჯერობით მთელი ეს იერიში "რუსთავი 2"-ზე და უფრო კრიტიკულზე - "იბერიაზე" მიდის.
"რას ჰქვია ყიფიანი ხელისუფლებაში აღარ არის. ის ხომ მათი გუნდის წევრია, კაცი მინისტრი იყო და "ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელია. ასე მარტივად ვერ გამოძვრებიან", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.
ოპოზიცია კი თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლას ხელისუფლების ინტერესსა და მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებს. პოლიტიკურ პარტიებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ თავისუფალ მედიაზე წნეხია.
მათი განცხადებით, ორი დღეა, ხელისუფლება ვერ ახერხებს, არგუმენტირებული პასუხი გასცეს არხის დამფუძნებელ ნატო ჩხეიძის განცხადებას, რომელიც ტელევიზიის ბიზნესის შენარჩუნების სანაცვლოდ დათმობას უკავშირდება.
პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ამით ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, დაადასტურა მფლობელების ვერსია. კიდევ ერთი მთავარი კითხვა იმ 10 მილიონს ეხება, რომელსაც "ომეგა ჯგუფი" ფინანსთა სამინისტროს სთავაზობს, უწყება კი უარზეა. მათი აზრით, ეს ფაქტი პირდაპირ ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არა დავალიანების ამოღება, არამედ სწორედ ტელევიზიისა და ბიზნესის გაჩერება უნდა.
ტელეკომპანია "იბერიის" ირგვლივ განვითარებულ პროცესს ომბუდსმენი შეისწავლის. აპარატის თანამშრომლები ტელევიზიისა და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ომბუდსმენის აპარატის მთავარი სპეციალისტის განცხადებით, დაჩქარებული წესით გაეცნობიან მასალებს და შესაბამის რეაგირებას ამის შემდეგ მოახდენენ.
თამარ გუგუტიშვილის თქმით, დოკუმენტაციის გარდა, დაინტერესდებიან ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის საუბრის აუდიოჩანაწერითაც.
ანალიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში მედიასთან დაკავშირებით ფრთხილი და არგუმენტირებული უნდა იყოს.
იგი ამბობს, რომ ბოლო დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ყოვლად მიუღებელია, თუმცა გამორიცხავს, რომ ეს დავალება კონკრეტულად ხელისუფლების მხრიდან მოდის. მისი აზრით, შესაძლოა, ეს ზოგიერთი ე.წ. მოღვაწის მოკლე ტვინის პროდუქტია.
"ასეთ შემთხვევაში, როდესაც შენი ყოფილი მინისტრი არხის დამფუძნებელს ღიად ემუქრება, შენი განცხადებები უფრო დამაჯერებელი და არგუმენტირებული უნდა იყოს. ნება იბოძონ და საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ამ ოდიოზური შეთავაზებების თანამონაწილე არ არიან. გვაჩვენონ, რომ ასეთ საუბარს გაუგებარი ადამიანების მხრიდან არ დაუშვებენ და გაგვაგებინონ, ვინ დაავალა ამ კაცს ასე საუბარი.
"ან დაამტკიცონ, რომ ის მარტო თავისი ჭკუით მოქმედებდა. ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებაში რაღაც კონკრეტული მაფიოზური ჯგუფი არსებობდეს, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებს.
"ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ რეაგირება დროზე მოახდინოს. თუ ვინმე მედიაში ხელების ფათურს უკანონოდ ცდილობს, სათანადოდ და სამაგალითოდ დასაჯოს", - აცხადებს ხუხაშვილი "რეზონანსთან".