ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი თავი ჩიხში თავადვე შეიყვანა
ელზა პაპოშვილი
11.09.2018

 ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარტიაში შექმნილი სიტუაციით ისარგებლა და პრეზიდენტობა "გაიჩალიჩა." მისი აზრით, მმართველ გუნდს საპრეზიდენტო არჩევნები დიდად არ ადარდებს, თუმცა იმის შიში აქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა არ გაიმარჯვოს. ამიტომაც იძულებული გახდა, რომ ზურაბიშვილისთვის მხარი დაეჭირა.

ხუხაშვილი აცხადებს, რომ ზურაბიშვილის არაკომპეტენტურობის და უცოდინრობის გამო ქვეყანა ხშირად უხერხულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს.

"რეზონანსი": "ქართულმა ოცნებამ" თავისი გადაწყვეტილება საზოგადოებას გააცნო და ის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს. როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებას და რატომ ზურაბიშვილი?

გია ხუხაშვილი: "ქართული ოცნება" ფსევდოდემოკრატობანას თამაშობს, რითაც საკუთარი თავი ჩიხში თავადვე შეიყვანა. მოცემულობა ისე შეიქმნა, რომ სხვა გზა აღარ დარჩა. ყველა გზა მოიჭრა და უკვე გასაგები იყო, რომ მხარს მას დაუჭერდნენ.

ეს არის უხარისხო თამაში, ვიცით, რომ ქართული პოლიტიკა, დიდი ხანია, მდარე ხარისხის რეალითი შოუ გახდა. ყველა ერთად პროვინციული სპექტაკლის მონაწილეები ვართ. ამ სპექტაკლში სალომე ზურაბიშვილი ახალი მოთამაშის სახით გამოჩნდა.

"რ": კულუარულად თუ ღიად "ქართული ოცნების" ძალიან ბევრი დეპუტატი ზურაბიშვილის მხადაჭერის წინააღმდეგი იყო. რა ხდება, ზურაბიშვილი ივანიშვილის პირადი სურვილით არის შერჩეული?

გ.ხ: კი, მეც მქონდა ინფორმაცია, რომ პარტიაში ზურაბიშვილთან დაკავშირებით სერიოზული წინააღმდეგობა იყო. წინააღმდეგობა და სადღაც ბურტყუნი ერთია, მაგრამ როცა ადამიანს პრინციპი არ გაგაჩნია, რა გინდა რომ ქნა?

ამ პარტიაში რომ პრინციპულობის დეფიციტია, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. იქ სადღაც შეიძლება იჭუჭყუნონ, ფეხები აბაკუნონ და ცრემლები აღვარღვარონ, მერე ნებისმიერ რაღაცას მაინც ეგუებიან. არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება, ცოტა ვიმხიარულებთ და გავერთობით.

საქმე ისაა, რომ ზურაბიშვილზე არც მეტი და არც ნაკლები არავინ არ არის. ამ დეგრადირებული ელიტის რიგითი წევრი კი სალომე ზურაბიშვილია, რომელმაც პრეზიდენტობა "იჩალიჩა". ესაა ერთი ქალის "ჩალიჩის" შედეგით მიღებული გადაწყვეტილება.

"რ": როგორ "იჩალიჩა", რა ბერკეტი აქვს ზურაბიშვილს, ივანიშვილი აიძულოს, რომ მას დაუჭიროს მხარი?

გ.ხ: უბრალოდ, პარტიის შიგნით იმდენად გაუგებარი და დეზორგანიზებული სიტუაციაა, რომ გაფუჭებული ტელეფონის ამუშავების პრინციპით ასეთი შედეგის მიღება შეიძლება, რაც ზურაბიშვილმა მოახერხა.

"რ": თქვენ ფიქრობთ, რომ პარტიის შიგნით კვლავ დაპირისპირებაა, რაც ზურაბიშვილმა სათავისოდ კარგად გამოიყენა?

გ.ხ: "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება არის ზიზღი, რომელსაც პარტიის წევრები ინახავენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთი კაცის კისერზე ჯდომა მაინც სასურველია. ეს არის ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი. ზურაბიშვილმა ამ სიტუაციით იხეირა. ვიღაცამ სარგებელიც ხომ უნდა ნახოს.

"რ": მმართველი გუნდისთვის არსებობდა საფრთხე, რომ არჩევნებში თუ რაიმე სახით არ ჩაერთვებოდა, "ნაციონალები" გაიმარჯვებდნენ?"

გ.ხ: მმართველი გუნდისთვის ის კი არ არის მთავარი, რომ მათმა კანდიდატმა გაიმარჯვოს, მთავარი ისაა, რომ "ნაციონალებმა" არ გაიმარჯვონ. თორემ საპრეზიდენტო არჩევნები მათთვის სულაც არ არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. პრეზიდენტს, ფაქტობრივად, აღარანაირი უფლებები აღარ აქვს. ამიტომ იძულებულები იყვნენ, ვიღაცისთვის მხარი დაეჭირათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×