1987 წელს დაბადებულ კონსტანტინე ედიბერიძეს, რომელიც დღეს ალისა და ნინოს ქანდაკებაზე აძვრა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული თერჯოლის მკვიდრია, თუმცა ერთი თვეა ბათუმის ბულვარში ცხოვრობს და ამ ხნის მანძილზე სასამართლოში უკვე მეხუთედ მოხვდა.
„წინასწარ არავინ იცის, რას გააკეთებს. მივდიოდი გზაზე და მომინდა ძეგლზე ასვლა, ავედი და ხალხს ვეძახდი, სელფი გადავიღოთ-მეთქი, მხოლოდ ერთხელ ვთქვი, "პლანი" მომაწევინეთ-მეთქი. მოცვივდნენ, იძალადეს, მიწაზე მათრიეს, მოიკითხე ამბავი“, – მიმართა მოსამართლეს კონსტანტინე ედიბერიძემ.
ედიბერიძე მთელი პროცესის მანძილზე მოსამართლეს ეკამათებოდა, განაჩენის გამოცხადების დროს კი, ბრალდებულის მაგიდა ააყირავა. დარბაზიდან იგი რამდენიმე სამართალდამცველმა გაიყვანა.
ალი და ნინოს ქანდაკებაზე კონსტანტინე ედიბერიძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა.