საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საყოფაცხოვრებო სექტორისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის გადახედვაზე მუშაობს. იქიდან გამომდინარე, რომ კომერციული სექტორისთვის დედაქალაქში ბუნებრივი აირი 16 სექტემბრიდან დაახლოებით 5 თეთრით გაძვირდება, არსებობს შანსი, რომ გაზის ტარიფი მოსახლეობისთვისაც გაიზარდოს.
ბუნებრივი აირის მიწოდების ფასი დღეს მოქმედ სამომხმარებლო ტარიფში განსაზღვრულია აშშ დოლარში, გაცვლითი კურსით ლართან მიმართებაში 2.5 ლარი. ეროვნული ბანკის დღევანდელი მონაცემებით კი ერთი აშშ დოლარი 2.60 ლარი ღირს. როგორც სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი გივი სანიკიძე განმარტავს, გაზის ახალ ტარიფში ის კურსი იქნება ჩადებული, რაც სემეკის მიერ გადაწყვეტილების მომენტისთვის იქნება დაფიქსირებული.
სემეკისგან განსხვავებით, ენერგეტიკოსის გია არაბიძის პროგნოზით, მარეგულირებელ კომისიას გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაძვირება დღევანდელთან შედარებით, ლარის კიდევ 5 თეთრით გაუფასურების შემთხვევაში მოუწევს.
„თუ ლარი 2.65-იან ნიშნულს მიაღწევს, შეიძლება კომპანიებს შეექმნათ პრობლემა. ამიტომ ვფიქრობ, თუ ეს მოცემულობა იქნება სავალუტო ბაზარზე, სემეკს მოუწევს დაფიქრდეს, ენერგოკომპანიების ტარიფთან დაკავშირებითაც“, - აღნიშნა "ბიზნეს მედიასთან" გია არაბიძემ.
ენერგოკომპანიები ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რა მოცულობის საინვესტიციო გეგმები აქვთ წარდგენილი სემეკში და ლარის ბოლო დროინდელმა გაუფასურება რა გავლენა მოახდინა მათ ხარჯებზე.