ექსპერტები მინისტრის მიერ წამყვანი ფიგურების დახსნას "ლოგიკურს" უწოდებენ
თამარ შუკვანი
12.09.2018

 განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის მიერ სამინისტროს წამყვანი ფიგურების დახსნას განათლების ექსპერტმა რევაზ აფხაზავამ "ლოგიკური" უწოდა და დასძინა, რომ განათლების სისტემას არსებითი ცვლილებების გატარება სჭირდება.

"ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ განცხადებების საფუძველზე შეგვიძლია დასკვნების გაკეთება; მოვიდა ახალი მინისტრი და მოჰყავს ახალი გუნდი. მას სურს ცვლილებების განხორციელება, რაც ლოგიკასთან ძალიან ახლოსაა.

"თუ ახალ მინისტრს არსებითი ცვლილებები აქვს დაგეგმილი განათლების პოლიტიკაში, თუ უნდა, რომ სისტემურად შეცვალოს მიდგომები, მაშინ მოსალოდნელიც იყო, რომ მომხდარიყო სისტემური ცვლილებები", - აღნიშნა მან.

მისი განცხადებით, როდესაც თანამდებობაზე ახალი მინისტრი ინიშნება, ის ახალი გუნდით უნდა მოვიდეს, რადგან ამ შემთხვევაში საჭიროა სტრუქტურული ცვლილებები.

"ჩვენ გვახსოვს, რომ მინისტრები მოდიოდნენ, რომლებიც არაფერს ცვლიდნენ. თუ გინდათ, რომ სისტემაში თვისებრივი ცვლილებები განახორციელოთ, თქვენი გუნდით უნდა მოხვიდეთ. შესაძლოა, მომავალში ველოდოთ სტრუქტურულ ცვლილებებს და ასევე, ველოდებით, უახლოეს რამდენიმე დღეში, იმ ძირითად მიმართულებებს, რომლებსაც ახალი მინისტრი გამოაცხადებს.

"კონკრეტულად არ ვიცით, რა მიმართულებით დაიგეგმება რეფორმები და არ ვიცით, ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ჩაანაცვლებენ წასულებს", - განაცხადა რეზო აფხაზავამ.

განათლების საკითხების მკვლევარმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს განათლების სისტემა და ამიტომაც მოხდა აღნიშნული პირების თანამდებობიდან გაშვება.

"საზოგადოება, ზოგადად, უკმაყოფილოა განათლების სისტემის, როგორც შედეგებით, ისე პროცესებით და ეს არის პასუხი საზოგადოების უკმაყოფილებაზე. თუ რაიმეს უნდა ველოდოთ, ეს სტრუქტურების შეცვლაა.

"თუ დაგეგმვისა და განხორციელების პრინციპები არ შეიცვლა სამინისტროში, მაშინ ცვლილებებს აზრი არ ექნება. საჭიროა მეტი კოორდინაცია სხვადასხვა სტრუქტურას შორის", - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და განათლების მინისტრის მოადგილეები - თემურ მურღულია და ლია გიგაური თანამდებობებიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ მინისტრმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ სისტემაში საკადრო ცვლილებები გაგრძლედება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×