ექსპორტზე გატანის მიზნით, ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის, საქართველოში მარიხუანას წარმოება ნებადართული ხდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქართული ოცნების" ოფისში დეპუტატებს სამუშაო ვარიანტი ორშაბათის სხდომაზე წარუდგინა.
უმრავლესობის სხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით ცხარე დისკუსია და კამათი გაიმართა, თუმცა, "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ინიციატივას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს.
ამასთან, როგორც შსს-ში განაცხადეს, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას.
"შს სამინისტროს მიერ მომზადებულია პროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს და გარკვეულ ადგილებში მის მოხმარებას ზღუდავს... ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით მარიხუანას გასაღება რჩება დასჯადი სისხლის სამართლის წესით", - აცხადებენ უწყებაში.
ამ საკითხთან დაკავშირებით "რეზონანსს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა განუცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა აუცილებელია, რადგან შემდეგ მას ერთმანეთის არგუმენტების მოსმენა მოჰყვება.
"თუ იქნება აზრთა სხვადასხვაობა, არა მარტო ამ თემაზე, არამედ სხვა თემებთან დაკავშირებითაც, კარგია. ადამიანები ვართ, ჩვენ ხომ არ ვართ ქარხნული წესით დამზადებული. ასე რომ, ჩვენ ჩვენი აღქმები გვაქვს. შემდეგ მიდის მსჯელობა და ვისმენთ ერთმანეთის აზრს", - განაცხადა მან.
მისი თქმით, საქართველოში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, თუმცა იქვე აზუსტებს, რომ არ უნდა მოხდეს ნარკოტიკის სრული ლეგალიზაცია.
"სააკაშვილის დროსაც ვაპროტესტებდით ნარკოტიკებთან დაკავშირებით ადამიანთა მიმართ ასეთ უმოწყალო მოქცევასა და ადამიანთა ჩასმას ციხეში, მაგრამ ასეთი მიშვებისგან, რომ საქართველოში ყველაფერი აბსოლიტურად ლეგალური უნდა იყოს, ამ აზრისგან ძალიან შორს ვარ.
"ასეთ დროს ადამიანი არ უნდა დაიჭირო იმისათვის, რომ შემდეგ მას ცხოვრება არ გაუფუჭდეს, მაგრამ ალტერნატივა უნდა არსებობდეს. ევროპაში სხვადასხვა რეგულაციაა და ჩვენ გვექნება სერიოზული საუბრები ამ თემასთან დაკავშირებით. ამას სჭირდება რეგულაცია, ასე არ გამოგვივა", - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
აღნიშნული პროექტის ჯერ მხოლოდ სამუშაო ვარიანტი არსებობს, რომლის მიხედვითაც, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებული საქმიანობა გახდება. ასევე საუბარია, რომ გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი, რომლის მიხედვითაც გამარჯვებული ლიცენზიანტი გამოვლინდება. ამასთანავე, განსაზღვრული იქნება მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი და რაოდენობა.
საპატრიარქო, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კატეგორიული წინააღმდეგია, აცხადებს, რომ ამ ინიციატივაზე რეაგირებას დღეს მოახდენს.
"ეს ინფორმაცია ახლა გახდა ცნობილი, უნდა გავიარო კონსულტაციები უწმინდესთან და, სავარაუდოდ, ამ საკითხზე ხვალ საპატრიარქოს ორგანიზებით დაგეგმილ კონფერენციაზე ვიმსჯელებთ. კონფერენცია წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 10:00 საათზე დაიწყება", - უთხრა "ნიუპოსტს" პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.
მარიხუანას მოხმარების წესებთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდება; ამასთან, სკოლებში, საჯარო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარება აიკრძალება. აკრძალვა ვრცელდება გარკვეული პროფესიული წრეების წარმომადგენლებზე. საკანონმდებლო პაკეტს მთავრობის სხდომაზე უახლოეს მომავალში ვიხილავთ.