რეზონანსი
12.09.2018

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში მომხდარი ავარიის საქმეზე ავტომანქანის მძღოლი დააკავა, რომელიც მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. შემთხვევის შემდეგ მან ქალი და ბავშვი განსაცდელში მიატოვა.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ლ. ა. დააკავეს. დაკავებულს ბრალი ედება სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის განსაცდელში მიტოვების და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ჩადენილი დანაშაული 8-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.ა. მიმდინარე წლის 11 სექტემბერს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართავდა საკუთარ ავტომანქანას, რა დროსაც ქვეითად მოსიარულეებს – 1991 წელს დაბადებულ ნ. მ.-ს და 2015 წელს დაბადებულ ნ. ჯ.-ს შეეჯახა, რომლებიც, მიღებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გარდაცვლილი 27 წლის გოგო და 3 წლის ბავშვი ერთმანეთის ნათესავები იყვნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×