საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისთვის ექსპორტის მიზნით მარიხუანის წარმოების შესახებ, ჯერ მხოლოდ კითხვებს ბადებს და ამ ინიციატივას უკვე აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვა. საკანონმდებლო პაკეტი მთავრობის სხდომაზე, სავარაუდოდ, ახლო მომავალში გავა. თუმცა ჯერჯერობით საზოგადოებისთვის უცნობია, რა სახის რეგულაციები დაწესდება.
როგორ და სად უნდა მოხდეს საქართველოში კანაფის ნედლეულის წარმოება და შემდეგ ექსპორტზე გადატანა. კანაფის კულტივაცია და ექსპორტი ევროპის რამდენიმე ქვეყანაშია ლეგალური. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, გერმანია, ჩეხეთი, პოლონეთი და სხვა.
დარგის სპეციალისტების განცხადებით, კანაფის წარმოება, ამ ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოსთვის მარტივი პროცედურა არ იქნება და როგორც შიდა ასევე გარე რისკებს შეიცავს. მითუმეტეს, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ხელისუფლება უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. მათი აზრით, ასეთ სიტუაციაში დაუშვებელია საქართველოში კანაფის ნედლეულის დამზადება და სახელმწიფომ ეს რისკები უნდა გათვალოს.
მათი თქმით, იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც კანონმდებლობით აქვთ დაშვებული ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია, განსაკუთრებული დაცული საკანონმდებლო ბაზა აქვთ. შესაბამისად საქართველოს ოკუპაციის რეჟიმში აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით დიდი რისკები წარმოექმნება.
სპეციალისტებისთვის ისიც გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას მარიხუანას კულტივაციის ექსკლუზიური უფლება. მათი აზრით, თუ ლეგალური იქნება, მაშინ ყველასთვის ლეგალური უნდა იყოს და ვინმეს სახელმწიფოსგან ამაზე ექსკლუზივი არ უნდა ჰქონდეს.
ისინი აცხადებენ, რომ ლეგალიზება არის უკეთესი გზა იმისთვის, რომ ორგანიზებულ დანაშაულს ან კრიმინალს ებრძოლო. თუმცა საქართველო ამ გამოწვევისთვის ჯერჯერობით მზად არ არის და ამაზე საუბარი რისკების მომტანი უფროა ვიდრე პრობლემის აღმოფხვრის.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ უნდა შეიქმნას სპეიცალური სააგენტო, რომელიც იმუშავებს მარიხუანის მოყვანა, წარმოება, გადამუშავების რეგულირების საკითხზე.
„მსგავსი რეგულაციებისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას სპეციალიზებული სააგენტო, რეგულატორი, რომლის ფარგლებში მოხდება, როგორც სალიცენზიო პირების დადგენა კონკრეტულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირობებში, ასევე, სხვადასხვა საქმიანობაზე იქნება სხვადასხვა ლიცენზია.
"ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ წარმოება, შეიძლება იყოს მოყვანა, წარმოება, გადამუშავება და ა.შ. ეს უნდა იყოს მკაცრად რეგულირებადი საქმიანობა, რომელსაც ეყოლება თავისი რეგულატორი, სადაც უმკაცრესი და, რაც მთავარია, ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები იქნება აბსოლუტურად ღია, ტრანსპარენტული და ყველასთვის გასაგები. ამისთვის იქმნება სააგენტო, რომელმაც უნდა განსაზღვროს ტარიფები, ლიცენზიის საფასური, იმ კონკურსის სახეობები, რომლითაც ეს ლიცენზიები უნდა გაიცეს და ა.შ." -განაცხადა გახარიამ.
"ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" (EMC) მთავრობის ახალ ინიციატივას მარიხუანის სამედიცინო მიზნებისთვის ექსპორტის შესახებ აკრიტიკებს.
ორგანიზაცია მმართველი გუნდის მ ინიციატივას "სრულიად გაუგებარს" უწოდებს და ფიქრობენ, რომ ეს იდეა, რომლიც მწვავე საზოგადოებრივ პრობლემას არ უკავშირდება. მეტიც, ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ეს არც ყოფილა ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე რომელიმე ჯგუფის არსებითი მოთხოვნა.
EMC-ის შეფასებით, ამ ინიციატივის მზის შუქზე გამოტანით, "ოცნება" ცდილობს, რეალური გამოწვევები გადაფაროს და დაავიწროვოს ნარკოპოლიტიკის საკითხი. მათი აზრითვე, მართალია, ახლა საჭიროა მარიხუანას შეძენა/შენახვის ნაწილში შესაფერისი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღება, თუმცა "კანაფის ექსპორტის საკითხი არარელევანტურია".
EMC-სთან ერთად, კიდევ ორი ორგანიზაცია - "ალეტრნატივა ჯორჯია" და "ღია საზოგადოების ფონდი" მოუწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობას, განმარტონ, რა ხედვები აქვთ, ზოგადად, ნარკოპოლიტიკაზე, და არამხოლოდ მარიხუანაზე. მთავრობას და შსს-ს კი კანონპროექტის გასაჯაროვებას სთხოვენ.
"ამ კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, საზოგადოებაში ამ ინიციატივის გაზომვა და შეფასება მხოლოდ პოტენციური ეკონომიკური სარგებლის ან ზოგადად კანაფის სარგებლიანობის არგუმენტებით უსამართლოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მწვავე პრობლემას ეხება", -ვკითხულობ განცხადებაში.
იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ ამ ინიციატივას მომავალი არა აქვს, რადგანაც ამ კანონის მიღებას სხვადასხვა რისკები ახლავს და ეს მხოლოდ საზოგადოებისთვის შემოდგებული თემაა, რომელიც ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ სხვადასხვა პრობლემების გადასაფარად სჭირდება.
ალაფიშვილი ამბობს, რომ სისულელეა, როდესაც ქვეყანაში სხვა უფრო ბევრი პრობლემა არსებობს, კანაფის მოყვანა და გასაღება რაღაც კოსმეტიკური და ფარმაცევტული მიზნებისთვის. იურისტი ფიქრობს, რომ ამ კანონის მიღება არ მოხდება და ეს მხოლოდ დროებით საკითხია, რომელსაც მედიაში ყურადღების გადასატანად გამოიყენებენ.
„კანონი ჯერ წარმოდგენილი არ არის და ასე ზუსტად მის უარყოფით მხარეებზე განხილვა გამიჭირდება. თუმცა ძალიან სასაცილოა, როდესაც ამდენი პრობლემის ფონზე, კანაფის მოყვანით არიან შეწუხებულები. რა სისულელეა, ეს არის წინასაარჩევნოდ შემოგდებული და გასაღებული თემა, რადგანაც საზოგადოებამ ყურადღება სრულიად სხვა რამეზე გადაიტანოს. ამ კანონის მიღება არ მმოხდება და ეს მხოლოდ დროში გაწელვადი, კარგად სატარებელი თემა იქნება.
"ეს კანონი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გარკვეული რისკების მატარებელია და თუ კანონი იქნება წარმოდგენილი, ამაზე შემდეგ უფრო კონკრეტულად შეევძლებ საუბარს",-აცხადებს ალაფიშვილი „რეზონანსთან".
კანონს განსაკუთრებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან. ისინი დაუშვებლად მიიჩნევენ კანაფის მოყვანას და წარმოებას ექსპორტზე გასატანად. საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული კონფერენციის, "ნარკოპოლიტიკა საქართველოში-გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება" მონაწილემ, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთავრობის ახალი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს იგივეს მოუტანს, რაც კოლუმბიასა და ავღანეთს დაემართა.
მისი თქმით, როცა ქვეყანა სუსტია და საზღვრების დაცვაც უჭირს, ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე უნდა დაფიქრდეს მსგავსი ნაბიჯის გადადგმაზე.
„ჩვენთან არც ერთ ძალოვან უწყებას არ აქვს ისეთი ნდობის ხარისხი, რომ პლანტაციების დაცვა ჩავაბაროთ. ჩანს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინაპირობა იყო იმის, რომ შემდეგ პლანტაციების საკითხი დაეყენებინათ. ფაქტები თავისთავად მეტყველებენ რაღაცაზე", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას ხალხის ნებაც უნდა გაითვალისწინონ. ჟურნალისტების შეკითხვას, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს საპატრიარქო, ქორეპისკოპოსმა უპასუხა, რომ ეკლესია სახელმწიფოს ნაწილია, ყოველთვის დაუდგება სახელმწიფოს ძლიერებას და ქვეყანას არავის დააჩაგვრინებს. მეუფე იაკობის თქმით, ეკლესიის პოზიციაა, რომ მარიხუანის მოწევისთვის ადამიანებს არ უნდა აპატიმრებდნენ, თუმცა, უნდა არსებობდეს გარკვეული შემზღუდავი ზომები.
ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით არ ეთანხმება. მისი თქმით, ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ პროცესებს, კასკადირება და წახალისება მოხდება ჯანმრთელობისთვის საზიანო და დამანგრეველი ქმედებების.
როგორც კაჭარავა ამბობს, იმის ნაცვლად, რომ მთავრობა მუშაობდეს პრევენციაზე, ახალგაზრდობის დაცვაზე, საწინააღმდეგო სურათს ვხედავთ.
"ჩემი აზრით, უნდა იყოს მკაცრი რეგულაციები, ოღონდ არა ციხე და დაჭერა. ეს ქცევა წახალისებული არ უნდა იყოს. ნარკომომხმარებლების მკურნალობა, რეაბილიტაცია და ადაპტაცია უნდა მოხდეს. ასევე უნდა იყოს პრევენცია, უნდა ვმუშაობდეთ იმაზე, რომ ახალგაზრდობა, მოზარდები დავიცვათ ამისგან. ჩვენ აქ აბსოლუტურად საწინააღმდეგო სურათს ვხედავთ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით.
"კომენტარსაც კი ვერ გავაკეთებ, იმდენად მძიმეა ჩემთვის მთავრობის ეს ინიციატივა; რაღაცის თქმის მეშინია, მერე მართლა არ მოხდეს. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ პროცესებს, კასკადირება და წახალისება მოხდება ჯანმრთელობისთვის საზიანო და დამანგრეველი ქმედებების",- განაცხადა კაჭარავამ.