საქართველოში ფასები მაღლა დაიძრა და ინფლაციაც უკვე გადასცდა მიზნობრივ მაჩვენებელს. საწვავის გაძვირების, ლარის გაუფასურებისა და კომერციული გაზის გაძვირების გამო მოსახლეობა მძიმე ზამთრის მოლოდინშია. დიდი ალბათობით, ინფლაციის მოთოკვა წელსაც შეუძლებელი იქნება.
სამომხმარებლო ბაზარზე ფასები მაღალ ნიშნულზეა, შესაბამისად, ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი უკვე გადასცდა 3%-იან მიზნობრივ ზღვარს. ეროვნული ვალუტისთვის და ასევე ინფლაციის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი, როგორ წესი, შემოდგომის მეორე ნახევარი და ზამთარია. ამას თან ერთვის უკვე ზაფხულიდან გაუფასურებული ლარი, საწვავის მაღალი ფასი, რაც, მსოფლიო ბაზარზე არსებული მძიმე ვითარების გარდა, შარშან გაზრდილმა აქციზის გადასახადმაც განაპირობა. მალე გაძვირდება სოფლის მეურნეობის პროდუქტი, რომელიც ზაფხულშიც ძვირი ღირდა.
მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზამთრის მოლოდინშია, რაც, სავარაუდოდ, ინფლაციის მაჩვენებელზეც აისახება. ბოლო წლებში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მაჩვენებელთან რამდენიმეპუნქტიანი ცდომილება მუდმივად იყო, რასაც ცენტრალური ბანკი ეგზოგენული ფაქტორებით ხსნიდა. ამ ფაქტორების გათვალისწინება წელსაც ვერ მოხერხდა.
პროფესორი პაატა აროშიძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ შეუძლებელია, ინფლაციის მაჩვენებელმა არ გადააჭრბოს მიზნობრივს. დღესაც კი იგი ხელოვნურადაა დაჭერილი არსებულ ნიშნულზე, მაგრამ ამას ვერაფრით მოახერხებენ უახლოეს თვეებში.
"ის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივთანაა, არც ხელისუფლებას და არც ეროვნულ ბანკს დამშვიდების საშუალებას არ უნდა აძლევდეს. იმპორტდამოკიდებულება, რაც ჩვენს ქვეყანაშია, შემოდგომის ბოლოს და ზამთრის დასაწყისში ისედაც იწვევს ფასების აწევას. ახლა მით უფრო აიწევს ფასი ასეთი გაუფასურებული ლარის პირობებში.
ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ლარის გაუფასურება იყო დროებითი პროცესი და მსოფლიო ვალუტების გაუფასურების ფონზე, ერთგვარი ბუფერი იქმნებოდა. თვეზე მეტი გავიდა ამ პროცესის დაწყებიდან და დევალვაცია შეუქცევადად გრძელდება. ამას ემატება ის, რომ არავინ განცხადებას არ აკეთებს, არც ცენტრალური ბანკი და არც მთავრობა, რაც მოსახლეობის შიშს უფრო მეტად ზრდის.
საწვავის ფასისა და ვალუტის კურსის გარდა, მნიშვნელოვანია პურის ფასიც, რომელიც სამომხმარებლო კალათაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ადგილს იკავებს. ჯერჯერობით იგი არ გაზრდილა, თუმცა უკვე შემცირდა წონა, რადგან გაძვირებას მოსახლეობა ძალიან მტკივნეულად აღიქვამს და ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
მას შემდეგ კი, რაც ამოქმედდება რეგულაცია, რომლის მიხედვითაც სახმელეთო ავტოტრანსპორტით ჭვავისა და ხორბლის იმპორტი აიკრძალება, ფასი უსათუოდ მოიმატებს პურზეც. ეს ყველაფერი აისახება ციფრებზე, ინფლაციის მაჩვენებელზეც და ეკონომიკაზეც.
შეუძლებელია, ინფლაციის მაჩვენებელმა არ გადააჭარბოს მიზნობრივს. დღესაც კი ხელოვნურადაა დაჭერილი არსებულ ნიშნულზე, მაგრამ ამას ვერ მოახერხებენ უახლოეს მომავალში", - აცხადებს "რეზონანსთან" პაატა აროშიძე.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ინფლაციის გამომწვევ იმ ნეგატიურ ფაქტორებზე საუბრობს, რომლებიც ქვეყანაშია. ამას თან ერთვის სექტემბერ-იანვრის მონაკვეთი, როცა უარყოფითი მომენტები მატულობს.
"ორი ცალსახად ნეგატიური ტენდენციის თანხვედრის პირობებში (ნავთობის ფასის ზრდა და ლარის კურსის გაუფასურება), რა თქმა უნდა, რთული იქნება ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნება. ამ დროს ეროვნულ ვალუტას ისედაც ყველაზე მეტად უჭრს. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, საწვავის გაძვირება აძვირებს ყველა სხვა პროდუქტს, რაც კი ტრანსპორტირებას უკავშირდება.
უნდა აღინიშნოს, რომ თუ მაისიდან სექტემბრამდე დეფლაციური პერიოდია, პირიქით, ინფლაციის რისკი მაღალია სექტემბერ-იანვრის მონაკვეთში", - აცხადებს არჩვაძე.
ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილიც ამბობს, რომ ობიექტური ფაქტორები უკვე გამოკვეთილია იმისათვის, რომ საშემოდგომოდ მოსალოდნელ მაღალ ფასებზე ვისაუბროთ, თუმცა გამოიწვევს თუ არა ეს ინფლაციის მაჩვენებლის მნიშვნელოვნად აცდენას, ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის საკითხია.
"ინფლაციის დონის წინასწარ პროგნოზირება ისევე შეუძლებელია, როგორც, მაგალითად, ლარის კურსის. ობიექტური ფაქტორებით შექმნილი წინაპირობა ნამდვილად არსებობს, რომ ფასები იქნება საკმაოდ მაღალი. გააჩნია იმასაც, თუ რა ფულად მასას დატოვებს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში. საბოლოოდ სწორედ ეს თანაფარდობა განსაზღვრავს ინფლაციის მაჩვენებელს.
ცალსახაა, ინფლაციის მაჩვენებელზე სრულად პასუხისმგებლობა ეკისრება სებ-ს. სწორედ ესაა მისი მთავარი ფუნქცია. თუ ინფლაცია 3%-ს გადასცდება, ესე იგი, ცუდად იმუშავეს.
განვითარებულ ქვეყნებში ცენტრალური ბანკის დადგენილ მაჩვენებელს ინფლაცია 0.5%-ითაც რომ ასცდეს, უკვე სერიოზულ ჩავარდნად მიიჩნევა. ჩვენთან, როგორც წესი, ეროვნული ბანკი მიახლოებით პროგნოზსაც ვერ ახერხებს და სერიოზული აცდენაა დადგენილ მაჩვენებელსა და რეალობას შორის.
წელს ჯერჯერობით მაჩვენებელთან რამე მნიშვნელოვანი აცდენა არ ყოფილა, თუმცა ლარის კურსის, ნავთობის ფასისა და სხვა ფაქტორების გამო, ეს რისკი არსებობს. აქ ეროვნული ბანკის როლი იქნება მნიშვნელოვანი, თუ ის შეამცირებს ფულად მასას მიმიქცევაში, მაშინ ამას არ მოჰყვება ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა, მაგრამ ეს გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის შემცირებას. მოკლედ, ცენტრალური ბანკი ორ ცეცხლს შუა დგას", - აცხადებს "რეზონანსთან" მერაბ ჯანიაშვილი.