ზუგდიდის მერის თანამდებობა სკანდალურმა აუდიო-ჩანაწერმა შეიწირა. ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება თავად გოგიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მერის გადადგომის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გია გულორდავამაც დატოვა თანამდებობა. გულორდავას განცხადება კანცელარიაში უკვე გატარდა.
ლაშა გოგია ბიზნესმენმა ზურაბ კვირკიამ ჩაწერა.
ჩანაწერში ბიზნესმენი მაღალჩინოსანოსნებს კონკრეტული მიწის სანაცვლოდ გადახდილი გარკვეულ თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს.
სკანდალურ ჩანაწერში ისმის ასევე სხვა მაღალჩინოსნების გვარებიც, რომლებიც ასევე ფიგურირებდნენ ამ კორუფციულ სქემაში.
ჩანაწერის თანახმად, ბიზნესმენმა წინასწარ შერჩეულ ნაკვეთებში თანხა გადაიხადა, ზუგდიდელი მაღალჩინოსნებისგან კი მიიღო დაპირება, რომ ეკონომიკის სამინისტროში უშუამდგომლებდნენ და კვირკვია სასურველ მიწის ნაკვეთს, გარკვეული თანხის გადარიცხვის შემდეგ მიიღებდა.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, გოგიამ ბიზნესმენს გარკვეული თანხა წინასწარ გამოართვა, თუმცა „მერე რაღაც შეიცვალა და ფულის დაბრუნება მოუწია".
ჩანაწერში ბიზნესმენი გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.
წინა კვირას ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხეს. ოფიციალური ინფორმაციით, მაღალჩინოსანს კითხვები „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმეზე დაუსვეს, თუმცა, არსებობს ეჭვები, რომ ლაშა გოგიას მძიმე კითხვები სწორედ სამეგრელოში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე დაუსვეს. კითხვები ჰქონდათ სწორედ მიწის გადაცემის სკანდალსა და ფარულ ჩანაწერებზე.
ჩანაწერში გოგია თანხის აღებას არ უარყოფს. გთავაზობთ ჩანაწერის სტენოგრამას, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა.
კვირკვია: მომისმინე. თქვენ, შენ და გულორდავამ ჩემი ყ... გამიკეთეთ. თქვენ გადამაგდეთ. დღესდღეობით. დღეისათვის... ფული აიღეთ და არაფერი გაგიკეთებიათ. სულ ესაა. არცერთი საქმე არ გაგიკეთებიათ...
გოგია: ვინ აიღო ფული?
კვირკვია: მომისმინე, 10 ათასი დოლარი გულორდავას მივეცი კონვერტით. ჩვენი ლაპარაკის შემდეგ. მომისმინე 11:00 საათზე გადავრიცხე ბანკით.
გოგია: ვის მიეცი?
კვირკვია: გულორდავას გადავურიცხე. ის შენი მოადგილეა. მან მითხრა. მომისმინე. მე უკვე ვთქვი. მომისმინე, იცი რა მითხრა, თქვენ რომ იცოდეთ, მე ვირთხა არ ვარო, ფული მაშინვე მივეციო. შენზე თქვა. ეს პირად საუბარში მითხრა.
გოგია: რატომ არ დაინტერესდი?
კვირკვია: არ დავინტერესდი, ის ხომ შენი მოადგილეა, ჩემი ხომ არ არის ?
გოგია: რატომ მიყვირი?
კვირკვია: იმიტომ რომ ნერვები აღარ მაქვს.
გოგია: დამშვიდდი.
კვირკვია: როგორ უნდა დავმშვიდდე. 4 თვეა მარბენინებთ და ომი გამამართინეთ და ამასთან ერთად ფულის დარიგება წინასწარ მაიძულეთ. როგორ უნდა დავმშვიდდე?"
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა ზუგდიდში ყოფილ მაღალჩინოსნებს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს და მათ დასჯას ითხოვს.
"ჩემს უკან არსებული შენობა წალეკა კორუფციამ, აღებ-მიცემობამ, ფაქტობრივად აქ სხედან არა ჩინოვნიკები, არამედ მძარცველები, ჩვეულებრივი ბანდიტების დაჯგუფება. "ქართული ოცნება" გადაიქცა ბანდიტურ დაჯგუფებად, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი და ამოცანა, რაც შეიძლება მეტი გაძარცვოს მათ შორის ხალხი. არცერთი პრობლემა, რომელიც აწუხებს ზუგდიდსა და სამეგრელოს მათთვის ეს პრობლემა არ არსებობს. არასოდეს არ გამიგია ასეთი ამაზრზენი საუბარი, რომელიც შედგა ამ კონკრეტულ ბიზნესმენსა და ჩინოვნიკებს შორის. ჩინოვნიკებს, რომლებსაც ეს ადამიანიო გამუდმებით აძლევდა ქრთამს, როგორც ჩანს ისევე გრძნობდა თავს როგორც ბიძინა ივანიშვილი გრძნობს თავს თავის ჩინოვნიკებთან. "ქართული ოცნება" უნდა წავიდეს, მხოლოდ გადადგომა არაფერს შველის ხალხი მოითხოვს მათ პასუხისგებაში მიცემას"- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.