დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების პირველი ეტაპი 15 სექტემბერს დასრულდება, რის შემდეგაც, მეორე და მესამე ეტაპები დაიწყება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებით, გარკვეული დისკომფორტი შეიქმნა, რის გამოც მან მოსახლეობას ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა.
„გადაადგილების თვალსაზრისით, დისკომფორტი არსებობს, მაგრამ ასეთი პროექტების განხორციელების დროს, ამ ყველაფრის თავიდან აცილება შეუძლებელია. ამიტომ, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მინდა მოვუბოდიშო. 15 სექტემბერს ძირითადი სამუშაოები - საგზაო ინფრასტრუქტურა, გზის საფარი, ასფალტის პირველი ფენის დაგება დასრულდება და მოძრაობა შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. მეორე ეტაპზე, საბოლოო ფენით მოასფალტება მოხდება. ეს ან ღამის საათებში განხორციელდება, ან შეიძლება ერთი დღე მოვითხოვოთ იმისთვის, რომ რომელიმე კონკრეტული ქუჩა მთლიანად გადაიკეტოს. მესამე ეტაპზე კი, კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება - ტროტუარები, ბორდიური, საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა. ასევე, კოსტავა-შარტავა-პეკინის დამაკავშირებელი ველობილიკიც გაკეთდება", - განაცხადა კახა კალაძემ 12 სექტემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე.
ამასთან, დედაქალაქის მერმა ოპონენტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულპროექტებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციები ვრცელდება.
„არის მცდელობა, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტები ნეგატივში გადაიყვანონ. ამ მიმართულებებით შემოტევები მიმდინარეობს, რითაც ოპონენტები არიან დაინტერესებული. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დედაქალაქის მერიის მიმართულებით დისკრედიტაცია განახორციელონ. ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა შეფასებებს - სად იყვნენ ამდენი ხანი, რატომ არ აკეთებდნენ აქამდე? ასევე, ვრცელდება ბევრი სიცრუე, თითქოს მერიას არ აქვს კომპეტენცია, პროფესიონალი კადრები არ ჰყავს. ე.წ. ექსპერტებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობიდან" გაძევებული იყვნენ და შემდეგ, მათ ან სასწავლებლად უშვებდნენ, ან არასამთავრობო ორგანიზაციებს უქმნიდნენ,დღეს ოპონენტები მესამე სექტორად იყენებენ და იძლევიან შენიშვნებს, რომ სამუშაოები არასწორ დროს დაიწყო.ბოლო თვეების განმავლობაში, აქტიურად ვმუშაობდი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად და ჩვენ გამოვნახეთ შესაძლებლობა, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით, 30 მილიონი ლარი გამოყოფილიყო. ზუსტად ეს თანხა ხმარდება იმ სამუშაოებს, რომელიც დღეს ქალაქში მიმდინარეობს", - აღნიშნა კახა კალაძემ.
როგორც მერიის მიერ მოწოდებულ დოკუმენტშია აღნიშნული, 14 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბერს უნდა დასრულდეს შარტავა-კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 10 000 000 ლარია გამოყოფილი.
რაც შეეხება მეორე პროექტს, 15 მარტიდან მიმდინარეობს და 2018 წლის 22 სექტემბერს უნდა დასრულდეს ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გზაგამტარის მშენებლობა, რომლის პროექტის ღირებულება 2 350 000 ლარია.
გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, 2018 წლის 16 აპრილს დაიწყო და ამავე წლის 20 ოქტომბერს დასრულდება კარტოზია-ცინცაძის ქუჩების გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა, რომლის ღირებულება 968 952,40 ლარია. გარდა ამისა, მიმდინარეობს მარშალ გელოვანის ქუჩისა და პ. სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი კვანძის მოწყობა, რომელიც 2018 წლის 16 დეკემბერს უნდა დასრულდეს და 4 284 998,98 ლარი დაჯდება.
გარდა ამისა, 2018 წლის 22 დეკემბერს უნდა დასრულდეს კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის აღდგენა-რეკონსტრუქცია, რომელიც 30 აპრილს დაიწყო და ბიუჯეტიდან 1 581 600 ლარით ფინანსდება.
მერიის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქცია, რომელიც 2018 წლის 29 მარტს დაიწყო და მისი დასრულების ვადა 2019 წლის 23 მარტია. მიმდინარე წელს სამუშაოებზე 4,028,935.75 ლარი დაიხარჯება. პროექტის საერთო ღირებულება კი 8 057 871,5 ლარია.
რაც შეეხება კანალიზაციისა და კოლექტორების სისტემების შეკეთებას, როგორც მერიიდან სააგენტოს აცნობეს, სოფელ დიღომში, წყალარინების გარე ქსელის მოწყობის 1-ელი ეტაპის სამუშაოების მრავალწლიანი (გარდამავალი) სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა. პროექტის ღირებულება 3 754 105 ლარია; აქედან 2018 წელს 750,821 ლარი დაიხარჯება. პროექტის დასრულების ვადა კი, 2019 წლის 20 ოქტომბერია.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერია მიმდინარე წელს 80 164 300 ლარს დახარჯავს.
მათივე ინფორმაციით, 24 ივლისს დაიწყო და 22 ოქტომბერს დასრულდება ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია, რომლის პროექტის ღირებულება 3 233 233 ლარია. ასევე, 16 ივლისს დაიწყო და 13 ნოემბერს დასრულდება კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, რომელიც 2 878 452 ლარი დაჯდება.
რაც შეეხება კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციას ის 18 აგვისტოს დაიწყო და 25 დეკემბერს დასრულდება, პროექტისთვის კი 10 357 753,00 ლარია გამოყოფილი. ამასთან, კახეთის გზატკეცილის მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია მერიამ 5 აპრილს დაიწყო და სამუშაოები მიმდინარე წლის 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროექტი 8 205 916,09 ლარი დაჯდება.
მერიის ინფორმაციით, დიდგორი-თელოვანის გზის მოწყობის სამუშაოები 4 აგვისტოს დაიწყო და მიმდინარე წლის 2 დეკემბრამდე გაგრძელდება. პროექტის ღირებულება 3 038 656,97 ლარია.
გარდა ამისა, 11 აგვისტოდან მიმდინარეობს რობაქიძის გამზირის კაპიტალური შეკეთება, რომელიც 20 ოქტომბერს უნდა დასრულდეს, რისთვისაც მერიის ბიუჯეტიდან 1 717 626,00 ლარია გამოყოფილი.
ამასთან, 6 აგვისტოსაა დაწყებული და 14 ნოემბრამდე გაგრძელდება უზნაძის ქუჩის რეაბილიტაცია, რომლის პროექტის ღირებულება 1 987 280,99 ლარია;
აღნიშნული პროექტების გარდა, მერიის ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობს სხვა სამუშაოებიც.
მათივე ცნობით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე 2018 წელს სულ 130 მილიონის დახარჯვაა განსაზღვრული.