ქალაქ სოლსბერიში ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება "ნოვიჩოკით" მამა-შვილი სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილები რუსულ ტელეარხ "როსია სეგოდნიასთვის" მიცემული ინტერვიუს შემდეგ უკვალოდ გაუჩინარდნენ.
რუსული სახელმწიფო ტელეარხის დირექტორის, მარგარიტა სიმონიანის თქმით, რომელმაც მათ ინტერვიუ ჩამოართვა, ბოშიროვთან და პეტროვთან დაკავშირებას იმავე ნომერზე ცდილობდა, რომლიდანაც ეჭვმიტანილებმა მას დაურეკეს, მაგრამ ამაოდ, ორივე ნომერი მომსახურეობის ზონიდან გასული იყო.
ეჭვმიტანილებთან ექსკლუზიურმა ინტერვიუმ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში. უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ეს იყო უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, რომელიც კრემლის დავალებით იქნა გათამაშებული.
ინტერვიუ უყურადღებოდ არც ოფიციალურ ლონდონს დარჩენია. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ და მედიამ ბოშიროვისა და პეტროვის "დაზეპირებული" ტექსტები კრიტიკის ქარცეცხლში გატარა. პრემიერი ტერეზა მეი მიიჩნევს, რომ ეს იყო კრემლის მიერ მისი ქვეყნისთვის მიყენებული შეურაცხყოფა და, ზოგადად, გამოწვევა საღი აზრისთვის.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თვლიან, რომ სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილები იტყუებიან და ეს არის რუსეთის ტაქტიკა:
"ხელისუფლოებისტვის აშკარა და თვალსაჩინოა, რომ ეს ადამიანები რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრები არიან და, რომ მათ გამოიყენეს უკიდურესად ტოქსიკური, აკრძალული ნივთიერება ჩვენი ქვეყნის ქუჩებში," - განუცხადა "რია ნოვოსტის" ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, 12 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბოშიროვი და პეტროვი იპოვეს. მისი თქმით, გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ეს ადამიანები "უბრალო მოქალაქეები" არიან.
პუტინმა მათ საჯაროდ მიმართა და შესთავაზა, რომელიმე მასობრივი ინფორმაციის საშუალებისთვის მიეცათ ინტერვიუ. ცხადია, ინტერვიუმაც არ დააყოვნა.
ჟურნალისტთან საუბრისას, ბოშიროვმა და პეტროვმა განაცხადეს, რომ სანამ ეს სიტუაცია არ შეიქმნებოდა, არც კი იცოდნენ, ვინ იყვნენ სკრიპალები - ისინი ინგლისში დასასვენებლად და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად ჩავიდნენ. მაგრამ, თავიანთი ტურისტული მიზნების დამატკიცებელი თუნდაც ფოტოსურათები ვერ წარადგინეს და სიმონიანს უთხრეს, რომ თუ იპოვიდნენ ე.წ. ვოთსაფის ფოტოსურათებს, გადაუგზავნიდნენ, მაგრამ ინტერვიუს შემდეგ მათთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა და, რა თქმა უნდა, არც სურათები გამოუგზავნიათ.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოშიროვმა და პეტროვმა დაადასტურეს - ბრიტანული პოლიციის მიერ გავრცელებულ სურათზე მართლაც ისინი არიან აღბეჭდილები და რომ მათი სახელები და გვარები ყალბი არ არის.
იფიცებიან, რომ ფიტნესის ინდუსტრიაში მოღვაწეობენ და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები არიან.
ალექსეი ბოშიროვმა ინტერვიუს მსვლელობისას გაიხსენა, რომ სოლსბერიში ჩავიდნენ 3 მარტს და გასეირნებას აპირებდნენ, მაგრამ დაახლოებით ერთ საათში უკან დაბრუნდნენ, რადგან გაუსაძლისი სიცივე იყო ქალაქში, ხოლო მეორე დღეს ისევ დაბრუნდნენ.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყვნენ თუ არა სკრიპალების სახლთან ახლოს, ბოშიროვმა თქვა, რომ შესაძლოა იყვნენ კიდეც.
ინტერვიუერმა რესპონდენტებს ჰკითხა, თუ რა აკავშირებთ ერთმანეთთან პეტროვსა და ბოშიროვს, მაგრამ რესპონდენტებმა კითხვა საკმაოდ ცუდად მიიღეს და უპასუხოდ დატოვეს:
"მოდით ნუ ჩავერევით პირად ცხოვრებაში, აქ მოვედით თავის დასაცავად, ჩვენ კი რაღაცნაირი დაკითხვა გამოგვდის. თქვენ ჩვენს დაცვას გთხოვთ, დაკითხვაზე არ მოვსულვართ," - განაცხადა ბოშიროვმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ინტერვიუს მსვლელობისას რესპონდენტები შესამჩნევად დაძაბულები იყვნენ.