(რეზონანსი) საქართველოს დიპლომატთა კლუბი "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას ქართული ჯარის და დიპლომატიის შეურაცხყოფის გამო აკრიტიკებს.
„მმართველი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, რომ "2008 წლის ომის დროს საქართველოს საელჩოები დადუმებულები იყვნენ".
ქალბატონი ზურაბიშვილისგან არახალია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გაკეთებული მავნებლური და რაც მთავარია, აბსოლუტური სიცრუის შემცველი განცხადებები. სხვა გარემოებებში, ამჯერადაც შევიკავებდით თავს საპასუხო განცხადებისგან, თუმცა, იძულებულნი ვართ, გამოვეხმაუროთ მისი დღევანდელი სტატუსის - მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატობის გათვალისწინებით", - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, ზურაბიშვილმა "სახელმწიფოს ორ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს მიაყენა დაუმსახურებელი და სასტიკი შეურაცხყოფა"
"ჯერ ქართული ჯარი შერაცხა "მძინარე ცხინვალის დამბომბველ მკვლელებად" და დღეს ქართული დიპლომატია შეაფასა "ომის დროს დადუმებულ იმპოტენტებად". მიგვაჩნია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას ქვეყნისა და დიპლომატიური სამსახურის წინაშე აკისრია ვალდებულება, საჯაროდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ქალბატონი ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე," - აღნიშნულია განცხადებაში.