არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოხედვამ" კვლევის შედეგად დაადგინა, რომ თბილისის მტვრით დაბინძურებულ ჰაერში, მრავალი სხვა ნივთიერების გარდა, ტყვიის შემცველობაც მაღალია.
"ეკოხედვამ" ატმოსფერული ჰაერის ნიმუშების შესწავლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ თბილისის ჰაერში ტყვია საქართველოში დასაშვები კონცენტრაციის (0.3 მკგ/მ3) მეათედია.
ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძის განცხადებით, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა მრავალი მძიმე დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენთან მსგავსი შედეგების დადგომის საშიშროება არ არსებობს. ბავშვების სათამაშოების, პარფიუმერიისა და ბიჟუტერიის ყიდვისას კი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა გავეცნოთ მათ შემადგენლობას.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ "მთელ კვირასთან" საუბრისას განაცხადა, რომ რთული იქნება იმის თქმა, გაიზარდა თუ შემცირდა ტყვიის დონის მაჩვენებელი ჰაერში, რადგან აქამდე მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა. სისხლში ტყვიის მაჩვენებლის ზრდა კი სახუმარო ნამდვილად არ არის და მოსახლეობამ ყურადღება უნდა მიაქციოს ჯანმრთელობას.
სისხლში ტყვიის მოხვედრის შემდეგ რთული ხდება მისგან განთავისუფლება. იგი გროვდება და ყოველი შესუნთქვისას მისი დამატებითი რაოდენობა კონცენტრირდება ადამიანის ორგანიზმში.
ნინო ჩხობაძის განმარტებით, არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რამ გამოიწვია ჰაერში არსებულ მტვერში ტყვიის მაჩვენებლის ზრდა:
"იგი შეიძლება გავრცელდეს იმ შემთხვევაში, თუ საწვავი ტყვიას შეიცავს ან შესაძლებელია, იყოს სამშენებლო ობიექტებიდან გაფანტულ მტვერში. საწვავში, დიდი ხანია, არ გამოგვივლენია ტყვიის მინარევი. აქედან გამომდინარე, თუ იგი არის ცემენტში ან საღებავებში, ამ შემთხვევაში გასაგები გახდება, რატომაა მომატებული", - აღნიშნა ჩხობაძემ.
პაატა იმნაძის ინფორმაციით, რთული იქნება იმის თქმა, თუ როგორ უნდა აირიდოს მოსახლეობამ ტყვიის დონის მატება ორგანიზმში, მაგრამ დაიგეგმა კვლევა, რომელიც ამ საკითხს უფრო ღრმად და დეტალურად შეისწავლის, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება დასკვნის გამოტანა:
"ადრე არ ჩატარებულა ასეთი კვლევა და ვერ ვიტყვით, გაიზარდა თუ, პირიქით, შემცირდა ტყვიის მაჩვენებელი ჰაერში. არის ადგილები, სადაც ნორმას გადაჭარბებულია და არის ადგილები, სადაც ნორმის მაჩვენებელს შეესაბამება ტყვიის რაოდენობა ჰაერში.
"ტყვია ერთ-ერთი მძიმე მეტალია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე ახდენს ზეგავლენას. უნდა აღინიშნოს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაგეგმილია და ამ თვის ბოლოს დაიწყება ფართომასშტაბური კვლევა იმის დასადგენად, რამდენადაა ბავშვებში ტყვიის შემცველობა ნორმაში და როგორია ზოგადი სურათი."
"მთელ კვირასთან" საუბრისას ნინო ჩხობაძემ აღნიშნა, რომ მშენებარე ობიექტებმა, პირველ რიგში, იმაზე უნდა იზრუნონ, რომ მტვრის გავრცელება მინიმუმამდე დავიდეს:
"სმოგი თბილისში ისეთი არ არის, რომ სამედიცინო პირბადეებით ვიაროთ. ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში ისაა, რომ ყველა მშენებარე ობიექტი "შეფუთონ" ისევე, როგორც ეს უცხოეთშია, რათა არ იყოს ატმოსფერულ ჰაერში მტვრის გავრცელების საშიშროება. ყველა დეველოპერმა უნდა გაითვალისწინოს, როდესაც აშენებს რამეს, იგი უნდა იყოს შეფუთული.
"ტყვია, რა თქმა უნდა, მავნებელია ჯანმრთელობისთვის. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა დეგენერატიზმი, რომელსაც ტყვიით დაბინძურებული ჰაერით მოწამვლა იწვევს ახალგაზრდა თაობაში, მაგრამ, ცხადია, რომ ტყვიის ძალიან მაღალი დოზა უნდა იყოს."
პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ საკმაოდ საშიშია საღებავები, რომლითაც ბავშვების სათამაშოებია შეღებილი:
"ყველაზე მეტად ალბათ საღებავებია საშიში და, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა შემოწმდეს და დადგინდეს, რამდენადაა გავრცელებული ჩვენ გარშემო ისეთი საგნები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტყვიას შეიცავს. განსაკუთრებით ეს ეხება ბავშვების სათამაშოებს."
ჩხობაძის ინფორმაციით, სათამაშოების გარდა, საგულდაგულოდ უნდა შემოწმდეს როგორც პარფიუმერიის, ასევე ე.წ. ბიჟუტერიის შემადგენლობა, რადგან ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით ტყვიას.
"ტყვიის გავრცელების ყველაზე დიდ საშიშროებას ვხედავთ სათამაშოებში, რომლებიც ჩვენთან აბსოლუტურად უკონტროლოდ შემოდის. საღებავები, ნარინჯისფერი, წითელი, ყვითელი, თითქმის ყველა შეიცავს ტყვიას, რამაც ახალგაზრდა თაობას შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას.
"პირველი, რაც უნდა გაკეთდეს რეგულირების თვალსაზრისით - ასეთი სახის პროდუქცია სერიოზულად უნდა შემოწმდეს, რაც სავალდებულო უნდა იყოს. გარდა ამისა, კიდევ ერთი წყარო ტყვიისა შეიძლება იყოს პარფიუმერია, რადგან მისი ხარისხი საკმაოდ დაბალია და ბიჟუტერია. ამიტომაც იქნებ ცოტათი დავუკვირდეთ, რას ვყიდულობთ", - გვირჩევს ნინო ჩხობაძე.