თამარ შუკვანი
17.09.2018

 "ზურაბიშვილის რიტორიკას ვერ გავამართლებ, მაგრამ მმართველი გუნდის საქმე ისე წავიდა, რომ, მისი მხარდაჭერის გარდა, სხვა შანსი არ დარჩა.

"მათ განაცხადეს, რომ საკუთარი კანდიდიდატი არ ეყოლებათ. ამიტომაც ორი ალტერნატივა ჰქონდათ; არჩევნებიდან გამოთიშვა კი გაზრდიდა იმის შანსს, რომ "ნაციონალური მოძრაობა," როგორც რეიტინგით მეორე პარტია, გავიდოდა," - საპრეზიდენტო არჩევნებზე, ტელეკომპანია "იბერიისა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებსა და მარიხუანას წარმოებაზე "მთელი კვირა" პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

რამაზ საყვარელიძე: ვინმეს მხარდაჭერა და საკუთარი კანდიდატურა აუცილებელი იყო. ამ შემთხვევაში კი ყველაზე გამოკვეთილი ფიგურა ზურაბიშვილია.

რაც შეეხება მის განცხადებებს, თუკი საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტაციებს "ქართულ ოცნებასთან" გაივლის და რეკომენდაციებს მიიღებს, მისთვისაც და "ოცნებისთვისაც" ცუდი არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, რომ ზურაბიშვილის ძალისხმევა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, შესაძლოა, მეორე ტური შედგეს, მეორე ტურში კი ზურაბიშვილი-ვაშაძე გავლენ. თუ ზურაბიშვილს არ ავირჩევთ, "ნაციონალები" გავლენ, რასაც მოჰყვება მათი სწრაფვა, რომ პატიმრობიდან განთავისუფლდნენ წინა ხელისუფლების წევრები, სააკაშვილს მიეცეს მოქალაქეობა და ა.შ.

"ნაციონალების" გამარჯვების პერსპექტივას მოსახლეობა ხედავს. ამიტომაც ვაშაძისა და ნებისმიერ სხვას შორის ალტერნატივა თუ დადგა, მაშინ "ნაციონალები" ვერ მოიგებენ.

"მთელი კვირა": კორუფციული სკანდალის შემდეგ ზუგდიდის მერმა და მისმა მოადგილემ თანამდებობა დატოვეს.

რ.ს.: კონკრეტულად რა ხდება, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. რაღაც რომ ხდება, ფაქტია. თვითონ მერი ამბობს, ფული არ შემოუთავაზებიათო. უტყუარი სურათი არ არის, ესე იგი ძიება სჭირდება.

"მ.კ.": საქართველოში მარიხუანას წარმოება პოლიტიკურად რამდენად მომგებიანი იქნება და, თქვენი აზრით, ამ საკითხით კონკრეტული პირები არიან დაინტერესებული?

რ.ს.: ნებისმიერი რამის წარმოება, თუკი მისი ბაზარი არსებობს, რა თქმა უნდა, მომგებიანია, მაგრამ ისეთივე სიტუაცია იქმნება, როგორიც ატომური ელექტროსადგურის შემთხვევაში. თუ ვერ მოახერხებ გამოსხივების ჩაკეტვას, დაცვას, მაშინ ის სასიკვდილოა. ანალოგიურია ესეც.

კარგი საქმე კარგია, თუკი მას რაიმე ცუდი არ მოჰყვება და თუ ხელისუფლება მოახერხებს დაცვას რამდენიმე მიმართულებით; ერთი - მარიხუანას გავრცელების მხრივ, რაც საეჭვოა, რადგან ხელისუფლებამ ნარკოპოლიტიკის პრობლემის გადაჭრა ვერ მოახერხა.

მეორე პრობლემა ჩნდება გლეხთან დაკავშირებით. როდესაც სახელმწიფო ამბობს, რომ თავად შეისყიდის მარიხუანას, ხომ არ არის იმის საფრთხე, რომ გლეხი გადავა მარიხუანას წარმოებაზე?! ამ შემთხვევაში, შესაძლოა, სოფლის მეურნეობა "გამარიხუანდეს".

არ არის გამორიცხული, რომ, უბრალოდ გაჩნდა ეს იდეა, ან, შესაძლოა, კონკრეული პირები არიან დაინტერესებული, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ არა კონკრეტული პირები, არამედ უფრო სერიოზული პროცესები იდგეს ამ ყველაფრის უკან. მაგალითად, ნარკოტიკების გავრცელებით დაინტერესებული მხარეები, რომლებიც ქართველი პოლიტიკოსების თვალსაწიერში არ ჩანან, თუმცა შესაძლოა, მათი ამოქმედებული იყოს ეს მექანიზმი, ან კიდევ სხვა საგარეო ფაქტორებიც მოქმედებდეს.

არსებობს კიდევ ერთი დამატებითი რისკი - რადგან მოსახლეობაში არ არის იმის რწმენა, რომ ქვეყანა მოახერხებს ამ საქმის მიხედვას და უნდობლობაა ამ ინიციატივის მიმართ, ეს ნაბიჯი პოლიტიკურად წამგებიანი იქნება ხელისუფლებისთვის.

"მ.კ.": აქციას, რომელიც გორის მერიასთან გამართეს 6 ივლისს გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამა მერაბ მერებაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილიც შეუერთდნენ. გორის საკრებულოს თავმჯდომარემ სარალიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ აქციასა და მომხდარ დაპირისპირებას?

რ.ს.: არ მგონია, აქციებმა სერიოზული პრობლემები შექმნას, მაგრამ თუკი რეგიონებში გადაინაცვლა, სასურველია, რეგიონების ხელმძღვანელობამ გაიზიაროს თბილისის გამოცდილება და მაქსიმალურად კორექტული იყოს აქციების მიმდინარეობის დროს.

თბილისმა მოახერხა, უზარმაზარი აქციები ისე ჩაეტარებინა, რომ მონაწილეების გაღიზიანება არ გამოეწვია. თუკი გაუგებრობა წარმოიშვება რეგიონში, ამან ზოგადი პროცესი შეიძლება სახიფათო გახადოს ქვეყნის სტაბილურობისთვის, რადგან ამ აქციების მიმდინარეობა ისევ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამით შეიძლება პოლიტიკური ძალები იყვნენ დაინტერესებული.

"მ.კ.": ტელეკომპანია "იბერიისა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს როგორ უყურებთ?

რ.ს.: გადასახადის გადახდის მოთხოვნა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად მივიჩნიეთ და ატყდა ყვირილი. ასე სახელმწიფო ჩამოყალიბდება? გავიხსენოთ დასავლეთი, რომელსაც ვბაძავთ, სადაც გადასახადის ვალდებულება ყველას აკისრია. იქაც უამრავი მცდელობაა გადასახადისგან გათავისუფლებისა და ძალიან ცნობილი ადამიანები არიან ჩართული ამაში.

გადასახადის გადახდის საკითხში ყველას ვალდებულება თანაბარია. თუკი გაირკვევა, რომ "ომეგამ" გადასახადი გაისტუმრა და მაინც წნეხს განიცდის, ეს სხვა საკითხი იქნება. შემდეგ უფრო დამაჯერებელი გახდება, რომ ვიღაცის ინტერესშია "იბერიის" დაბლოკვა. ის, რომ "იბერია" იზღუდება, ჯერჯერობით ჩემთვის არ არის დამაჯერებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×