"ოცნების" რჩეულს ქართული ჯარისა და ქართული დიპლომატიის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ
ელზა პაპოშვილი
17.09.2018

 მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, მართალია, 1801 წლიდან იღებს სათავეს, თუმცა 2008 წლის საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო, სულ უფრო აქტიური ხდება კითხვები, თუკი ზურაბიშვილი მართლაც პრეზიდენტი გახდება, სამართლებრივად როგორ შეიძლება ამ განცხადებებმა ქვეყანა დააზიანოს, როგორ გამოიყენებს ამას რუსეთი საკუთარი ინტერესებისთვის და რატომ არ უპირისპირდება ამ განცხადებებს ხელისუფლება.

იურისტები "მთელ კვირასთან" ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ჯერ პრეზიდენტი არ არის. აქედან გამომდინარე, მისი განცხადებები ვერანაირ სამართლებრივ ვალდებულებებს ვერ წარმოშობს და ვერ იქნება მყარ მტკიცებულებად გამოყენებული, მაგრამ სხვა საქმეა, თუ ის პრეზიდენტი გახდება.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პრეზიდენტის განცხადება წარმოშობს საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს და ჩნდება საფრთხე, რომ ჰააგასა და სტრასბურგში მიმდინარე სამართლებრივი დავაში რუსეთთან წაგების საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ. მათი აზრით, ეს არის საბოტაჟი ამ სამართლებლივ დავებზე, რასაც პრეზიდენტობის კანდიდატი თავისი განცხადებებით აკეთებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადება აგვისტოს ომზე იმის საფუძველს იძლევა, რომ პროცესი, რომელიც ჰააგაში მიმდინარეობს, საქართველომ წააგოს სრული ფიასკოთი - აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ.

დოლიძის თქმით, ზურაბიშვილის განცხადებები დარტყმაა საქართველოს პოზიციაზე, რომელიც უკვე წლებია, ჰააგაში რუსეთის მიერ ომის დაწყებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანის დადასტურებას ცდილობს.

"10 წელზე მეტია, უამრავი ადამიანი იღვწის საერთაშორისო დონეზე - ჰააგაში, სტრასბურგში, რომ დადგინდეს რუსეთის აგრესია, დადგინდეს, როგორ დაზარალდა საქართველოს მოსახლეობა რუსეთის აგრესიისგან. თუ ეს განცხადებები, რომელსაც დღეს, როგორც კანდიდატი, აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, გამეორდა შემდეგ უკვე პრეზიდენტის მიერ, ეს ნიშნავს პირდაპირ დარტყმას ყველა იმ ადამიანის ღვაწლზე და იმის დადგენაზე, რომ ეს ომი დაიწყო რუსეთმა და რომ სწორედ რუსეთმა დააზარალა ჩვენი მოსახლეობის ინტერესები.

"ასეთი განცხადებები პრეზიდენტის ტრიბუნიდან თითქმის იძლევა გარანტიას, რომ პროცესები, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ჰააგაში და სტრასბურგში, დასრულდება ფიასკოთი," - განაცხადა ანა დოლიძემ.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე "მთელ კვირასთან" ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი და რუსული მედია ორკესტრირებულად მოქმედებენ. მას ეჭვიც არ ეპარება, რომ ეს არის მიზანმიმართული თამაში, რომელსაც კრემლი ქართველი ხალხის ნების გასაზომად და ნიადაგის მოსასინჯად იყენებს.

ლაგაზიძე ამბობს, რომ წარმოუდგენელია, აპირებდე ქვეყნის მთავარსარდლობას, ჯარს კი საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში ადანაშაულებდე, რაც კაპიტუალაციას ნიშნავს. იგი იმედოვნებს, რომ ეს მხოლოდ ზურაბიშვილისა და მმართველი გუნდის პირადი შურისძიებაა და სურთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ განცხადებების შემდეგ ჰააგის სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარონ. სხვაგვარად კი გამოდის, რომ ეს არის რუსეთთან ერთად მიზანმიმართული თამაში და ქვეყანა არჩეულ საგარეო კურსს იცვლის.

"ზურაბიშვილი ამ განცხადებებს შემთხვევით არ აკეთებს, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. მისი ექსცენტრული ხასიათი მისთვისაც და მმართველი გუნდისთვისაც ძალიან ხელსაყრელია. ის რომ ეგზალტირებული და ექსცენტრული ფიგურაა, ამით ხდება გადაფარვა, რომ არა უშავს, ასეთია და ვინ უსმენს. მას თითქოს ხასიათიდან გამომდინარე ეძლევა უფლება, რომ ამდენი სისულელე ისაუბროს.

"ასეთი იმიჯის შექმნას ცდილობენ, რომ ეს არ არის ადამიანი, რომელსაც დიდი პასუხი შეიძლება მოეთხოვოს. ამ დროს კი მის უკან სრულიად გათვითცნობიერებული მესიჯები იმალება. ამ ქარაფშუტა, ზედაპირული არსების იმიჯის უკან სრულიად ღია და გათვითცნობიერებული მესიჯები ჩანს.

"ეს არის კარგად ორკესტრირებული კამპანია, რასაც ამბობს სალომე ზურაბიშვილი და შემდეგ რისი გაშლაც რუსულ მედიაში აქტიურად ხდება. ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტობისთვის შემზადებული ადამიანი საკუთარ ქვეყანას ბრალს სდებს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ომი დაიწყო. ვერანაირი ახსნა და გამართლება ვერ ექნება, იმ დროს პრეზიდენტი ვინ იყო", - აცხადებს ლაგაზიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის, ანალიტიკოს გია ხუხაშვილის აზრით, ზურაბიშვილის მთავარი პრობლემა ისაა, რომ პირადი პოლიტიკური კეკლუცობა უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე სახელმწიფო ინტერესი, არა აქვს მნიშვნელობა, მის განცხადებებში არის თუ არა სიმართლის მარცვალი. საქმე ისაა, რომ მომავალი პრეზიდენტის ასეთი განცხადებები იმ სასამართლო პროცესების პირდაპირი საბოტაჟია, რომელიც ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ აქვს დაწყებული.

ხუხაშვილის შეფასებით, საქართველოს ძალიან ბევრ არგუმენტს, რომელიც სასამართლოში აქვს წარდგენილი, ზურაბიშვილის განცხადებები პირდაპირ აბათილებს.

"მართალი ხარ თუ მტყუანი - ამაზე კი არ არის საუბარი. როდესაც ქვეყნის მთავარსარდლობა გინდა, უნდა ხვდებოდე, სად მთავრდება პოლიტიკა და სად იწყება ქვეყნის ინტერესები.

"კომენტარიც კი ზედმეტია, ამ განცხადებების შემდეგ ზურაბიშვილის ადგილი სად არის. არ მინდა, შეთქმულების თეორიაში შევიდე, არ მგონია, რომ იგი ამას შეგნებულად აკეთებდეს. მაგრამ, დამიჯერეთ, სიბრიყვეც არანაკლები დანაშაულია, როდესაც პრეზიდენტობა გინდა და შენი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებით გამოდიხარ. საკითხავია, რომელია უარესი.

"ზურაბიშვილი გვეუბნება, რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობო, მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატის გზავნილი არ შეიძლება ეს იყოს. ბევრი კონფიდენციალური რამ ხდება სახელმწიფო მმართველობაში, საგარეო კუთხით მით უმეტეს ბევრი სპეცპროექტი ხორციელდება, გამოვიდეთ და ყველაფერი ვიყრანტალოთ? ეს ქალი ამ სასამართლოების საბოტაჟს ახორციელებს, რაც ძალიან შემაშფოთებელია.

"მთავრობა ამ შემთხვევაში სრულიად არაკომპეტენტურია. ისინიც ამბობენ, რომ მიშა წამოეგო პროვოკაციას. კი, ბატონო, გაქვთ თქვენი აზრი? ცივი წყალი დალიეთ და ამას საჯაროდ ნუ ლაპარაკობთ. გაითვალისწინონ, რომ მათ განცხადებებს რუსეთი საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.

"გინახავთ სადმე, ადამიანი ვიღაცას უჩიოდეს და ამის პარალელურად გასცემდეს ისეთ ინფორმაციას, რომელიც მის წინააღმდეგვე მოქმედებს? ეს ხომ სისულელე და სიბრიყვეა. ერთმა ექსპერტმა თქვა კახურად, სიმართლე ვენახში ილაპარაკონ, პრეზიდენტის კაბინეტიდან კი არა", - აცხადებს ხუხაშვილი.

"დიპლომატთა კლუბი" კი საგარეო საქმეთა სამინისტროს ზურაბიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდებს:

"უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ქალბატონმა ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფოს ორ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს მიაყენა დაუმსახურებელი და სასტიკი შეურაცხყოფა. ჯერ ქართული ჯარი შერაცხა "მძინარე ცხინვალის დამბომბველ მკვლელებად" და დღეს ქართული დიპლომატია შეაფასა "ომის დროს დადუმებულ იმპოტენტებად".

"ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით გამოუტანოს მისი ვერდიქტი პოლიტიკოს ზურაბიშვილს 28 ოქტომბრის არჩევნებზე. იმავდროულად კი მიგვაჩნია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას ქვეყნისა და დიპლომატიური სამსახურის წინაშე აკისრია ვალდებულება, საჯაროდ გამოხატოს საკუთარი პოზიცია ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადებაზე."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×