გვანცა წულაია
17.09.2018

 დღეს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ახალ სასწავლო წელს საკმაოდ ბევრი სიახლე იქნება, რომელიც კომპლექსურად ხელს შეუწყობს საქართველოში სკოლების განვითარებას.

"პირველ რიგში მივულოცავ ყველა მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, სტუდენტს. მართლაც მნიშვნელოვანი დღეა ახალი სასწავლო წლის დაწყება და მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო. წელს მართლაც მნიშვნელოვანი წელი იქნება, რომელიც გულისხმობს რეფორმების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. დღეს ვიმყოფებით 150-ე სკოლაში, სადაც უახლოეს დღეებში დაიწყება საგაკვეთილო პროცესი ახალი მიდგომით, რომელიც რეფორმაშია ნაგულისხმები. ვფირობ, ეს იქნება წარმატებული ნიმუში და ამ მოდელის გავრცელება დაიწყება სხვა სკოლებში", - განაცხადა ბატიაშვილმა 150-ს სკოლაში ყოფნისას.

მისი თქმით, ახალი მოდელი ითვალისწინებს კომპლექსურ მიდგომას, რაც მოიცავს ბევრ მიმართულებას. მათ შორის, საგაკვეთილო პროცესში იმ მიდგომებს, რომელშიც იგულისხმება უფრო მეტი ანალიზი.

"დღეს თანამედროვე ბავშვებს სჭირდებათ მეტი ანალიზის, მსჯელობის, გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარება. ეს ყველაფერი ამას მოემსახურება. საკმაოდ ბევრი სიახლე გველოდება, რომელიც კომპლექსურად ხელს შეუწყობს საქართველოში სკოლების განვითარებას. პროცესი ეტაპობრივად დაიწყება, დაწყებითი კლასებიდან მაღალ კლასებში გავრცელდება", - განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრმა სახელმძღვანელოებზეც გაამხვილვა ყურადღება.

"შეტანილია ახალი სახელმძღვანელოები, რომელიც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ის, რაც წონას ეხება, ყოველთვის პრობლემა იყო ბავშებისთვის ამხელა წონის ჩანთის ტარება. ორჯერ და მეტჯერ არის წონა შემცირებული", - განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრმა სკოლებში უსაფრთხებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანაა, მშობელი თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს, როდესაც მისი შვილი სკოლაში იმყოფება.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით, რაც მანდატურების უფლებების გაფართოებას შეეხება.

„ასევე, მნიშვნელოვანია მათი კვალიფიკაციის გაზრდა, მუდმივი გადამზადება, ტრენინგები. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის ჩართულობა. გათვალისწინებულია, რომ რაც შეიძლება აქტიურად იყვნენ ჩართულები არა როდესაც რაიმე ფაქტი მოხდება, არამედ პრევენციისთვის. 24 საათის განმავლობაში ცხელი ხაზი ფუნქციონირებს. გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ კიდევ გასაკეთებელია ამ კუთხით სამუშაოები, რაზეც ვმუშაობთ. ყველაზე მთავარი ამოცანაა, რომ მშობელი თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს, როდესაც მისი შვილი სკოლაში იმყოფება", - განაცხადა ბატიაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში 50232 პირველკლასელია დარეგისტრირებული, ხოლო კერძო სჯოლებში - 5892.

შეგახსენებთ, რომ ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს გადაეცემა ბუკი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2018-2019 სასწავლო წლის დაწყება 1 კვირით გადაიდო 5 კერძო და 4 საჯარო სკოლაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×