თამარ შუკვანი
17.09.2018

 მარიხუანაზე დამოკიდებული ადამიანი პოტენციური „მსხვერპლი" ხდება, რომ იგი სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზეც გადავა. მარიხუანაზე დამოკიდებული ადამიანები, სტატისტიკური მონაცემებით, მეორე ადგილზე არიან, - ამის შესახებ „რეზონანსი" ნარკოლოგ გელა ლეჟავას ესაუბრა.

„ორივე, ალკოჰოლიც და ნარკოტიკიც იწვევს დამოკიდებულებას. ალკოჰოლის დამოკიდებულება, როგორც წესი, ათეული წლების განმავლობაში ვითარდება, მაირხუანას ვარიანტში კი, რამდენიმე თვის შემდეგ შეიძლება არ გაგრძელდება მარიხუანას მიმართ დამოკიდებულება, მაგრამ ის ხელს უწყობს უფრო ძლიერ ნარკოტიკულ საშუალებებზე გადასვლას.

„შარშანდელი კვლევით, მეორე ადგილზეა მარიხუანაზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა. სხვა ნარკოტიკულ საშაულებებზე დამოკიდებულებთა პროცენტული მაჩვენებელი 35%-დან 50%-მდეა, - ამ ადამიანებმა მარიხუანათი დაიწყეს," - განაცხადა გელა ლეჟავამ.

მარიხუანას თრობის დასადგენად საქართველოში სპეციალური მოწყობილობა შემოაქვთ, რომლითაც ადგილზევე შესაძლებელი იქნება ავტომანქანის მართვისას მძღოლის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დადგენა.

სპეციალური მოწყობილობა ალკოტესტის მსგავია და ისინი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაურიგდებათ, - აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს.

„რეზონანსი" აღნიშნულ საკითხზე „ქართული ოცნების" საკრებულოს წევრსა და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტს შალვა ოგბაიძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული ტესტის საქართველოში შემოტანა ეფექტური იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანის ინფორმირებაა აუცილებელი, თუ რა შედეგი მოჰყვება მარიხუანას მოხმარებას.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს გერმანიასთან, მაშინ დიდი წარმატებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საკმაოდ მაღალი იქნება ეფექტურობა. ნებისმიერ ხელსაწყოს თავისი ცვლილების ძვრები გააჩნია, მაგრამ ჩემთვის, როგორც ამ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის, მთავარი არ არის ეფექტურობის სიზუსტე.

„მთავარია, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ადამიანს ექნება ინფორმაცია, რომ ზოგადად, ნარკოტიკის მიღება ცუდია, ხოლო მისი მიღება საჭესთან, - დამღუპველი. ეს არის მთავარი და არა ის, რომ ვებრძოლოთ შედეგს. საჭესთან ვაკონტროლოთ მძღოლი, მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ არის თუ არა, - ეს უკვე შედეგია.

„არსებობს კატეგორია ადამიანების, რომლებიც პერიოდულად და რეგულარულად მარიხუანას მოიხმარენ, ეს კი ცუდია და ვერავითარი რომანტიზმის საბურველში შეხვევა ჩემთვის მისაღები არ არის, რომ თითქოს ადამიანი სტრესისგან თავისუფლდება და ა.შ." - აღნიშნა მან.

მისი თქმით, არსებითი განსხვავება ალკოჰოლის ზემოქმედებასა თუ მარიხუანას თრობას შორის არ არსებობს, რადგან ვერცერთი კატეგორიის ადამიანი საჭის მართვას ვერ შეძლებს.

„ქართული ანდაზაა ასეთი, „გინდ მგელს შეუჭამიხარ, გინდ ტურას" - მარუხუანაც და ალკოჰოლიც, ორივე, დამღუპველია და არანაირი განსახვავება არ არსებობს, - ორივე პოტენციური მკვლელია.

„ღვინით არის მთვრალი თუ ნარკოტიკით არის გაბრუებული, არ აქვს მნიშვნელობა, ვერცერთი შეასრულებს ელემენტარულ ტესტს და თუ ვინმე მოხალისე გამოჩნდება, ვინც ამ ტესტს ჩააბარებს, მე შემიძლია გაჩვენოთ მარტივი ტესტი დახურულ მოედანზე. ადამიანი ფხიზელი როგორ გაატარებს და შემდგომ ნასვამი როგორ ვეღარ გაატარებს," - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავჯდომარემ დავით მესხიშვილმა განაცხადა, რომ საპატრულო პოლიციას აღნიშნული აღჭურვილობა აუცილებლად უნდა გააჩნდეს, მაგრამ სანამ ეს მოხდება, აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის წამოწყება, რომელიც საზოგადოებისა და მძღოლების ინფორმირებას ხელს მაქსიმალურად შეუწყობს.

„ეფექტურობა დამოკიდებული იქნება იმაზე, რა მოწყობილობა, აღჭურვა, იქნება შერჩეული ამისთვის; იქნება თუ არა ის თანამედროვე, ცდომილება რამდენი ექნება, ან თუ ექნება საერთოდ და ა.შ.

„აღსულებისთვის ეს 100%-ით საჭიროა და საპატრულო პოლიცია, სწორედ, ასეთი აღჭურვილობით უნდა არსებობდეს. სანამ ეს აპარატები შემოვა, საჭიროა საინფორმაციო კამპანია, რომლითაც მძღოლებს გააფრთხილებენ, რომ საჭის მართვა შესაძლებელია მხოლოდ ფხიზელ მდგომარეობაში. ეს ისედაც ყველამ იცის, მაგრამ საინფორმაციო კამპანია აუცილებლად უნდა არსებობდეს.

„ინფორმაცია მხოლოდ იმაზე არსებობს, რომ ძირითადად ასეთი სიმკაცრე ნასვამ მდგომარეობაზე ვრცელდება, მაგრამ საზოგადოება აუცილებლად ინფორმირებული უნდა იყოს, რომ მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ან ნებისმიერი სახის თრობის ქვეშ საჭის მართვა არის აკრძალული," - აცხადებს ის.

მისი თქმით, საინფორმაციო კამპანიის წარმოების პარალელურად აუცილებელია ექიმების განმარტება, თუ რა შედეგის მომტანია მარიხუანა და რამდენად საშიშია იგი საჭის მართვისას. მისი განმარტებით, ასევე, აუცილებლობას წარმოადგენს ადამიანების ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით, რა მხრივაც ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.

„ასეთი სახის აღჭურვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც უფრო მალე იქნება დანერგილი ასეთი ტიპის კონტროლი, უკეთესი იქნება. ალკოჰოლური თრობის ქვეშ ხშირად რეაქციები შენელებულია, გადაწყვეტილებები საჭის მართვის დროს არაადეკვატურია.

„სიახლესთან გვაქვს საქმე და კარგი იქნება კამპანიის წამოწყება, რატომ არის საზიანო მარიხუანას თრობის ქვეშ საჭის მართვა და ექიმები განმარტავენ, თუ საჭის მართვის დროს რა ცვლილებებს იწვევს იგი.

„ფაქტია, რომ ადამიანი არ არის ისეთი, როგორიც არის ის სინამდვილეში. ექიმებმა უნდა გააფრთხილონ მძღოლები. ამიტომაც, მარტო ჯარიმითა და აპარატით ვერავინ ვერასდროს ვერ შეძლებს ყველაფრის კონტროლს. აუცილებელია ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება.

„ჩვენ ჯერჯერობით არ გვინახავს ცნობიერების ამაღლების მიზნით რაიმე კონკრეტული ნაბიჯი და აუცილებელია ექიმების ჩართულობა ამ საქმეში და საინფორმაციო კამპანიის წარმოება," - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×