სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრა გუშინ საღამოს შედგა, თუმცა ცნობილი დღეს გახდა.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვედრა ჰქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან.
მისმა უწმინდესობამ და დამსწრე სასულიერო პირებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეკლესიის მკვეთრად უარყოფითი პოზიცია მარიხუანას კულტივაციასთან (მოყვანასთან) დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ქვეყანა იმ რისკებს ვერ გაუძლებს, რასაც ეს პროცესი გამოიწვევს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
თავის მხრივ პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით, ფართო კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული და მისი მიღებისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამ გადაწყვეტილების აღქმას საზოგადოების მიერ.
„ჩვენ, რაც მთავარია, ვუსმენთ საზოგადოებას, ეკლესიას, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გადაწყვეტილება ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, აუცილებლად იქნება მიღებული ფართო კონსულტაციების საფუძველზე.
"ამაში იქნება ჩართული ფართო საზოგადოება, მათ შორის, ამაში იქნება ჩართული, რა თქმა უნდა, ეკლესია, და ასეთი კონსულტაციების საფუძველზე, მივიღებთ ჩვენ საბოლოოდ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესების შესაბამისი და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისი.
ჩვენ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არის საზოგადოების ინტერესებში და ასევე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ამ გადაწყვეტილების მიღებისას, საზოგადოების აღქმასაც. ანუ, ერთია, საზოგადოების ინფორმირება, მეორეა მისი აღქმა, მესამეა გადაწყვეტილების შინაარსი. ყველა ამ საკითხს მიექცევა ყურადღება, როდესაც ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, დაიწყება აქტიური კონსულტაციები, რათა, კანონპროექტის შინაარსი, პირველ რიგში, საზოგადოებას გაეცნოს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არცერთ შემთხვევაში, აქ არ არის საუბარი ნარკოტიკების წარმოებასა და რეალიზაციაზე.
„შეჩერებულია კანონპროექტის განხილვა და დავიწყებთ ძალიან აქტიურ კონსულტაციებს ყველასთან იმისთვის, რომ გავაცნოთ პირველ რიგში, საზოგადოებას, კანონპროექტის შინაარსი, მაგალითად, ვუთხრათ საზოგადოებას ის, რასაც არასწორად ეუბნებოდნენ ჩვენი ოპონენტები, ვუთხრათ ის, რომ აქ არ არის არცერთ შემთხვევაში საუბარი ნარკოტიკების წარმოებასა და რეალიზაციაზე. ეს არის მკაფიოდ გამოსაკვეთი, იმიტომ, რომ საზოგადოებას დღეს სხვა რამე ჰგონია.
"ამაზე საჭიროა ინფორმირება და გარდა ინფორმირებისა, საჭიროა კონსულტაციები, რომლის საფუძველზეც უნდა მივიღოთ ჩვენ გადაწყვეტილება. არ ვიცი, ვერ გეტყვით ზუსტად რა დრო დასჭირდება ამ კონსულტაციებს. მთავარია, რომ ჩვენ მივიღოთ შეჯერებული გადაწყვეტილება, რამდენი დროც დაგვჭირდება, იმდენს მოვანდომებთ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამოცანა არის მოხმარების რეგლამენტაცია და ეს ყველაფერი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად გადაწყდება.
"ეს გაკეთდება იმ ფარგლებში, რა ფარგლებიც ჩვენ დაგვიტოვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ. ბუნებრივია, ამ ფარგლებს ჩვენ ვერ გავცდებით და არც გავცდებით. გვექნება დამარტებითი კონსულტაციები და ყველაფერი გადაწყდება, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
"ეს არის ჩვენი ვალდებულება, თუმცა, ამ ფარგლებში და ამ ჩარჩოებში, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ მაქსიმალური მკაცრი რეგლამენტაცია უნდა განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში მარიხუანას მოხმარების ასე ვთქვათ, რეგლამენტაციის კუთხით",- დასძენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.