ჩვენმა ქვეყანამ ცოტა დაიგვიანა ზრუნვა ახალ პორტზე. დღეისთვის საქართველოს არ შეუძლია, თავის პორტებში მიიღოს დიდი წყალწყვის პანამაქსისა და პოსტპანამაქსის ტიპის გემები და მონაწილეობა მიიღოს დიდ საზღვაო გადაზიდვებში. არადა, შავ ზღვაში მოცურავე გემების 75% ზუსტად ასეთი ტიპისაა. სწორედ ამ დაგვიანების ამოსაქაჩად სულ მალე საქართველოს კიდევ ერთი პორტი ექნება ანაკლიაში. პორტი, რომლის ამუშავების შემდეგაც ქვეყანას დაუბრუნდება ძველი ფუნქცია და შესაძლებლობა მიეცემა, გახდეს რეგიონული ეკონომიკური და სატრანსპორტო ჰაბი. ანაკლია იქნება ყველაზე თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი რეგიონსა და მთლიანად შავიზღვისპირეთშიც და მას სხვა ქართული პორტებისგან განსხვავებით შეეძლება, მოემსახუროს 10 000 ეუგ (კონტეინერიან) გემებს, შეძლებს, გაატაროს 1 მლნ კონტეინერი, მიიღოს 1,5 მლნ ნაყარი ტვირთი. ეს ყველაფერი კი აისახება ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე.
16 სექტემბერს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო სამუშაოები დაიწყო. ეს სამუშაოები თავისი მასშტაბით და საინჟინრო გადაწყვეტილებებით უპრეცედენტოა. 3-4 დღეა დაიწყო დაღრმავების სამუშაოები და ხდება ზღვიდან ქვიშის ამოტუმბვა (რეკლამაცია) და ნაპირზე დაყრა-დატკეპნა წინა ეტაპზე მომზადებულ და გაწმენდილ ტერიტორიაზე. ანაკლიის სანაპიროზე იმყოფება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი "ათენა". საზღვაო მშენებლობას ატარებს ამ მიმართულებით მსოფლიოს ლიდერთაგანი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი. მის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა: დუბაის "პალმების კუნძული", როტერდამის პორტის გაფართოება, სუეცის მეორე არხის აშენება, უდიდესი მილსადენებისა და სხვადასხვა საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მათ მიერვეა განხორციელებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინასამშენებლო კვლევითი სამუშაოები.
სამუშაოები მართლაც რომ მასშტაბური და შთამბეჭდავია: დღეისთვის სრულიად გათავისუფლებულია 110 ჰექტარი. მოხსნილია ნაყოფიერი ფენა, რომელიც დასაწყობებულია წესისამებრ. ზღვაში დგას ვეებერთელა გემი "ათენა" და ტუმბავს ზღვის ქვიშას, რომელიც სპეციალური მილების საშუალებით გადმოდის ხმელეთზე, სადაც მოდერნიზებული მძიმე ტექნიკა მუშაობს. გაკეთებულია სადრენაჟო სისტემა. ზღვაზე დამონტაჟებულია 2.5 კმ სიგრძის წყალზე მოტივტივე მილები, ვერტიკალური დრენაჟები, ამოღებული ქვიშის დასაკავებლად აშენებულია 10 კმ სიგრძის დამბა და 2.5 კმ სიგრძის არხი. ამჟამად ზღვის ქვიშის გადმოტანა ხდება 70 ჰა-ზე. "ათენა" ამოტუმბავს 5 მლნ კუბამეტრ ქვიშას. მზადდება დაახლოებით 8-მეტრიანი ფენა. დატკეპნის შემდეგ 6 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს ქვიშის "ბუნებრივი დაჯდომა", რის შემდეგაც მოხდება ზედმეტი საფარის მოხსნა და ბაქანი მზად იქნება სამუშაოების შემდეგი ეტაპისთვის.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა სულ 9 ფაზადაა დაგეგმილი და მისი ჯამური ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარია. პირველი ფაზის ფარგლებში საზღვაო აკვატორიის 16 მ-მდე დაღრმავება, 1,6 კმ სიგრძის ტალღმტეხის აშენება, 825 მ სიგრძის 3-გემმისადგომიანი მრავალფუნქციური ტერმინალის მშენებლობა.
შედეგი: საქართველოს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს 10000-კონტეინერიანი პანამაქსისა და პოსტპანამაქსის ტიპის გემები. 2021 წლისთვის ანაკლიის პორტი შეძლებს, გაატაროს 1 მლნ კონტეინერი და 1,5 მლნ ტონა ნაყარი ტვირთი.
საზღვაო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. დაღრმავებისა და რეკლამაციის საზეიმო პირველ გაშვებას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ანაკლიის პორტის მენეჯმენტი და დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, "ვან ოორდის" პროექტის დირექტორი იაპ ბრუინსმა, ანაკლიის მცხოვრებნი და მედიის წარმომადგენლები.
"მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენთვის "ანაკლია" არის ძალიან სერიოზული პროექტი - იგი პასუხობს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ორ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას: პირველი ეს გახლავთ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება და ქვეყნის ლოგისტიკურ დერეფნად ჩამოყალიბება და მეორე, ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ჩამოვაყალიბოთ როგორც საზღვაო ქვეყანა, - განაცხადა გიორგი ქობულიამ, - აქამდე ეს ხდებოდა არასაკმარისად და არადამაკმაყოფილებელი ტემპებით. ჩვენ გვჯერა, რომ ანაკლია და ეს პორტის პროექტი დიდ წილს დაიდებს ამ ორი გამოწვევის გადაწყვეტაში."
დღესდღეობით, ყველაზე მოკრძალებული გათვლებითაც კი, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ლომის წილის დადება შეუძლია საქართველოს ეკონომიკაში. ეს წილი მრავალმხრივი იქნება და სხვადასხვა სფეროს მოიცავს. კერძოდ: ქვეყნის მშპ-ში შეიტანს 1,2%-დან 1,5%-მდე კონტრიბუციას, ოპერირების მხოლოდ პირველი ფაზის განმავლობაში ქვეყნისთვის შექმნის 500 მლნ აშს დოლარის დამატებით ეკონომიკურ ღირებულებას, პირველი ფაზის ინვესტიცია შეადგენს 600 მლნ აშშ დოლარს, ხოლო მთლიანი - 2,5 მილიარდს...
პორტის პოტენციალზე, მის მნიშვნელობაზე, უკვე არსებულ და მოსალოდნელ სასიკეთო შედეგებზე ისაუბრა "ანაკლიის კონსორციუმის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ: "პირველ ფაზაში ანაკლიის პორტი 1500 ადამიანს დაასაქმებს პირდაპირ და რამდენიმე ათასს - ირიბად. უახლოეს ორ წელიწადში ჩაიდება დაახლოებით 600 მლნ აშშ დოლარი, დაფინანსების საკითხი მიყვანილია ბოლომდე. ეს იქნება საკმაოდ სერიოზული განაცხადი იმ მარშრუტისა, რომელსაც ჰქვია "ერთი სარტყელი ერთი გზა" ან "აბრეშუმის გზა" (ქართულად)...ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი რეგიონში, მასში მონაწილეობენ ინვესტორები სხვადასხვა ქვეყნიდან. წლების განმავლობაში, ქართველი და უცხოელი ეკონომისტების დათვლით, ანაკლიის პროექტის სრულმა განვითარებამ ქვეყანაში 60 მილიარდის კონტრიბუცია უნდა შექმნას."
ჟურნალისტებისთვის ჩატარდა მედიატური, შესაძლებლობა მოგვეცა, დაწვრილებით გავცნობოდით მშენებლობისა და დაგეგმვის ტექნიკურ დეტალებს და სხვადასხვა საკითხებს. შესაბამისი აღჭურვილობის მონტაჟის შემდეგ ანაკლია 9-10-ჯერ უფრო სწრაფად შეძლებს ტვირთის მიღება-გატარებას, ვიდრე სხვა ჩვენი პორტები, თუმცა ისიც აღინიშნა, რომ ანაკლიის მთავარი მიზანი სხვა კორიდორებთან კონკურენციაა. პარალელურად უკვე იგეგმება სხვადასხვა სასწავლო აქტივობა ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებლად. იგეგმება მთელი რიგი სოციალური აქციებიც. იმედი აქვთ, რომ სულ მალე აქ დიდი და საქმიანი დასახლება აღმოცენდება.
პროექტის მესვეურთა თუ თანამშრომელთა სანაქებოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველივე დღიდან შენდება საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. კომპანია თანამშრომლობს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან. გათვალისწინებულია ყველა წვრილმანი, მინიმუმამდეა დაყვანილი ზეგავლენა ფლორასა და ფაუნაზე.
(ბიზნესპრესი)