ნავთობპროდუქტების იმპორტისთვის 2018 წლის იანვარ-აგვისტო აქტიური პერიოდი აღმოჩნდა. საავიაციო ნავთისა და გათხევადებული გაზის ("ელპიჯი") იმპორტი გაზრდილია. მართალია, ნავთისა და "ელპიჯის" იმპორტმა აგვისტოში, ივლისთან შედარებით, მცირედით იკლო, თუმცა 2018 წლის პირველ 8 თვეში მზარდი ტემპით გამოირჩეოდა. რაც შეეხება სანავთობო ბიტუმს, მიმდინარე წლის 8 თვეში იმპორტი შემცირებული იყო, მაგრამ ამ მხრივ აგვისტოში ზრდაა და, სავარაუდოდ, ეს ტენდენცია მომდევნო თვეების განმავლობაშიც შენარჩუნდება.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, აგვისტოში საავიაციო ნავთისა და "ელპიჯის" იმპორტი შემცირდა, საგზაო ბიტუმის იმპორტი კი გაიზარდა.
2018 წლის აგვისტოში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 11,5 ათასი ტონა, რაც 0,7 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის მაჩვენებელზე (12,2 ათასი ტონა).
ქვეყნების მიხედვით ასეთი სურათია: 2018 წლის აგვისტოში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა შემოვიდა თურქმენეთიდან - 7,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 64,3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ეგვიპტე, საიდანაც 4,1 ათასი ტონა (35,7%) საავიაციო ნავთია იმპორტირებული.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 65,0 ათასი ტონა, რაც 7,3 ათასი ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (57,7 ათასი ტონა).
ბოლო რამდენიმე წელია, ბიზნესის ეს სფერო აღმავალი ტრენდით ხასიათდება, რაზეც განსაკუთრებული გავლენა ტურიზმის სექტორის განვითარებამაც მოახდინა. ეს ფაქტორი კიდევ უფრო ამყარებს ხელისუფლების ამბიციას, რომ საქართველო, კერძოდ, თბილისი საჰაერო ჰაბი გახდეს ამიერკავკასიის რეგიონში, რისი პოტენციალიც დიდია.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის აგვისტოში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 12,6 ათასი ტონა, რაც 0,8 ათასი ტონით აღემატება ივლისის მაჩვენებელს (11,8 ათასი ტონა). იმპორტის მთელი ოდენობა მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.
იანვარ-აგვისტოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 58,1 ათასი ტონა, რაც 10,0 ათასი ტონით ნაკლებია შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (68,1 ათასი ტონა).
რაც შეეხება საქართველოში გათხევადებული აირების, პროპან-ბუტანის, ნაერთის ("ელპიჯი") იმპორტს, აგვისტოში 1,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის მაჩვენებელზე (1,6 ათასი ტონა).
პირველ 8 თვეში კი გათხევადებული აირების იმპორტმა შეადგინა 9,2 ათასი ტონა, რაც 1,2 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (10,4 ათასი ტონა).
საგზაო ბიტუმი ძირითადად გამოიყენება ასფალტის წარმოებისას. მიმდინარე წელს ქვეყანაში გზების მშენებლობა, გასული წლების მსგავსად, საკმაოდ მასშტაბურია, რითაც აიხსნება ბიტუმის იმპორტის ზრდა. პიკური მაღალი მოხმარება ზაფხულშია, თუმცა წლევანდელი წელი აშკარად გამორჩეულია.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელ ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, 8 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმი 10 ათასი ტონით არის შემცირებული, ხოლო საავიაციო ნავთის იმპორტი გაზრდილია. აღსანიშნავია, რომ იმპორტირებული ბიტუმი თითქმის მთლიანად რეალიზებულია.
"როგორც წესი, ამ პროდუქტების დამარაგება საქართველოში არ ხდება და მთლიანად არის რეალიზებული. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე ეტაპამდე საგზაო სამუშაოები შედარებით ნაკლებადაა შესრულებული. ამ მხრივ აგვისტოში იმპორტი გაზრდილია.
ამ ეტაპზე საგზაო სამუშაოების მასშტაბი გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ნოემბრის ჩათვლით და ნაწილობრივ დეკემბერშიც საგზაო ბიტუმის იმპორტი და მოხმარება გაიზრდება. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ველოდებით, რომ იმპორტი და მოხმარება წლის ბოლომდე იქნება იმაზე მეტი, ვიდრე შარშან იყო. გვიან დაიწყო ეს პროცესი, თუმცა მომდევნო თვიდან გააქტიურდება", - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.
რაც შეეხება საავიაციო ნავთის მოხმარებას, ტენდენცია ამ მხრივ დადებითია. ეს განაპირობა საერთაშორისო რეისების ზრდამ, რაც ტურისტებისა და ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდითაც დასტურდება.
"წელს რეკორდულად მაღალია ტურისტების რაოდენობა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან. დიდი რაოდენობით დამსვენებელი შემოვიდა ირანიდან, არაბული ქვეყნებიდან და სხვა. წელს მარტო ირანიდან 400 ათასამდე ტურისტის შემოსვლას ვარაუდობენ, როცა წლების წინ 100 000-ს არ აჭარბებდა. არის მოლოდინი, რომ მათი რაოდენობა მომდევნო წლებში მილიონს მიაღწევს მარტო ერთი ქვეყნიდან.
ზოგადად, ტრენდი ტურიზმისა აღმავალია, რაც ნავთობპროდუქტების იმპორტზეც ადეკვატურად აისახება. არა მარტო საერთაშორისო, არამედ შიდა რეისებიც საგრძნობლად გააქტიურდა და ამის გამოძახილია ნავთის იმპორტის მატება. საავიაციო ტრანსპორტის მოძრაობის არეალი საქართველოში უფრო და უფრო იზრდება, რაც დაკავშირებულია სწორედ ვიზიტორების ნაკადის ზრდასთან და ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
ბიტუმთან დაკავშირებით დავძენ, რომ საგზაო სამუშაოები მომავალში გაცილებით მეტი იქნება, რაც იმპორტზეც აისახება. მართალია, მისი იმპორტი, გასულ 8 თვესთან შედარებით, შემცირდა, მაგრამ აგვისტოში ზრდაა. გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პერიოდი გრძელდება.
ახლა ქვეყანაში დიდი საავტომობილო მოძრაობაა, შვებულების სეზონი ჯერ კდიევ გრძელდება, გადაზიდვის ინტენსივობა და ინფრასტრუქტურული პროექტები მატულობს. ცხადია, მნიშვნელოვან გავლენას ტურისტული სეზონიც ახდენს. შესაბამისად, ველოდებით, რომ 2018 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტი მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნდება", - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.