სახელისუფლო სტრუქტურებში კორუფცია მატულობს. სულ ახლახან სამეგრელოში კორუფციულ სქემაში მონაწილე ზუგდიდის მერი და რამდენიმე მაღალჩინოსანი ამხილეს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბევრი ასეთი ფაქტია ქვეყანაში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიმართაც გაისმა ბრალდება, უფრო ადრე კი პროკურატურის ყურადღება ყოფილი პრემიერის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრების საქმიანობამ მიიქცია.
ამ რამდენიმე დღის წინ ელექტრონული მუსიკის ფესტივალ "ჯემ ფესტის" ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, ჩოგოვაძე ბიუჯეტის ფულის დიდ ნაწილს რუსეთში, მასთან დაახლოებულ კომპანიებში რიცხავს, რაც მის პირად ინტერესებს ემსახურება. ამის შესახებ მან "საქმის კურსის" ეთერში ისაუბრა.
"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არის კორუფციის ბუდე! მაშინ, როდესაც რუსეთი ჩვენს ტერიტორიას იტაცებს და საზღვრებს ყოველდღე რამდენიმე მეტრით სწევს, ჩოგოვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბიუჯეტის ფულს რუსეთში ათეთრებს. კერძოდ, ყველაზე მეტ ფულს, მილიონობით ლარს, ხარჯავს ვითომდა სარეკლამო კამპანიაზე რუსეთში, სინამდვილეში კი ეს არის მისი ახლობლებისა და მეგობრების კომპანიები, საიდანაც ღებულობენ ქრთამებს და "ატკატებს", - აცხადებს გიორგი სიგუა.
იგი ამ პროცესის თანამონაწილედ ყოფილ ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსაც მოიაზრებს.
"დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ ყველაფერში დიმიტრი ქუმსიშვილიც მონაწილეობს. უფრო მეტსაც გეტყვით, მე ვიყავი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და როდესაც ამ სამსახურში მივედი სამუშაოდ, დამხვდა ასეთი სიტუაცია: ყველა ტენდერს იგებდნენ ქუმსიშვილის ახლობლები. მაგალითად, მისი ცოლისძმა თევდორაშვილი, სტამბა "ფავორიტი"... დავინტერესდი, რატომ იგებდნენ მუდმივად ეს კომპანიები და აღმოვაჩინე, რომ ესენი იყვნენ ქუმსიშვილის ახლობლები", - განაცხადა სიგუამ.
"ბიზნეს-რეზონანსი" დაინტერესდა, რატომ გაჩნდა ეჭვი ტურიზმის სააგენტოზე, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი სფეროა, რამდენად საფუძვლიანია ბრალდება და რამდენად დიდია საქართველოში კორუფციის რისკი.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ კორუფცია, როგორც სიმსივნური დაავადება, ქვეყანას უკვე მეტასტაზივით მოედო. დღეს უკვე მხოლოდ ელიტურ კორუფციაზე არ არის საუბარი, ეს მეტასტაზები წავიდა ქვედა დონეზეც. ხელის მოთბობაზე არავინ ამბობს უარს, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ.
"კორუფციის რისკი გაზრდილია ყველა მიმართულებით, იქნება ეს ტურიზმის დეპარტამენტი თუ ნებისმიერი სხვა სეგმენტი, სადაც ფულის შოვნა შეიძლება. ამას მოჰყვება მერე თაღლითობა, გადაბრალება და ბევრი არასწორი ქმედება. კორუფციამ სისტემური სახე მიიღო და ამას სჭირდება მიხედვა. შემიძლია თქმა, რომ არა მარტო ტურიზმის სააგენტოში, არამედ ბევრი სხვა მიმართულებითაც არსებობს საფრთხე, რომ ადამიანები კორუფციაში ჩაეფლონ", - ამბობს ხუხაშვილი და ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე ფაქტორზე, რის გამოც საქართველოში კორუფციის მასშტაბი მატულობს.
"იმისთვის, რომ კორუფციისგან ადამიანი იყოს დაცული, საჯარო მოხელეს სჭირდება ორი სტიმული: მატერიალური და ბიოლოგიური. მატერიალურში იგულისხმება ხელფასი. ამ მხრივ ვითარება გაუარესებულია, შემოსავლის ინდექსიზაცია არ მომხდარა, სამომხმარებლო კალათა კი საგრძნობლად დამძიმდა. საშუალო სტატისტიკური საჯარო მოხელის სოციალური სტატუსი შესუსტდა. რაც შეეხება ბიოლოგიურ ფაქტორს, ერთი მხრივ, ეს არის სამსახურის დაკარგვის შიში და მეორე მხრივ, დაუსჯელობის სინდრომი.
საჯარო მოხელეში დღეს შიში ნაკლებადაა და თითქოს არ ჩანს კარიერული ზრდის პერსპექტივაც. ჩვენ ვაკვირდებით ნებისმიერ ახალ ხელმძღვანელს, ვხედავთ, რომ ქუჩიდან მიჰყავთ ხალხი და ძველ თანამშრომლებს უარგუმენტოდ უშვებენ სამსახურიდან. ამიტომაც არავის არ აქვს სტაბილური სამსახურის განცდა და ეს ყველაფერი კორუფციის რისკს ზრდის.
დღეს მხოლოდ ელიტურ კორუფციაზე არ არის საუბარი, ეს მეტასტაზები წავიდა ქვედა დონეზეც და ძალიან ბევრი სიმპტომია, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით; ხელის მოთბობაზე არავინ ამბობს უარს, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ, მათ შორის ისინიც, ვისაც ამაზე ადრე არც კი უფიქრია", - აცხადებს გია ხუხაშვილი.
კორუფციის ფაქტებზე არგუმენტირებულად საუბრისგან თავს იკავებს ტურიზმის სფეროს წამყვანი ექსპერტი ნიკა კვარაცხელია, თუმცა კორუფციას ამ მიმართულებით არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ვარაუდი, შესაძლოა, უსაფუძვლო არ არის.
"ტურიზმის სფეროში დღეს უამრავი პრობლემაა. ხშირად ხდება ყველაზე საშინელი რამ, რაც დარგის განვითარებას აფერხებს. რისკი ნამდვილად არის, ადამიანები ვერ უძლებენ ცდუნებას და სარგებლობენ ყველა შესაძლებლობით, რომ დამატებით იშოვონ ფული. აღსანიშნავია, რომ არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არ მისცეს საქართველოს უფლება, რომ ყოფილიყო ტურიზმი ლიცენზირებული და ჰქონოდათ სერტიფიკატები, რათა ტურისტული პროდუქტებიც სერტიფიცირებული ყოფილიყო. არგუმენტად მოჰყავდათ, რომ ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა და ტურიზმის ლიცენზირების შემდეგ ყოველთვის იქნებოდა კორუფციის საფრთხე. ეს იყო მიზეზი თავის დროზე, რომ საქართველო ტურიზმის სფეროში ევროპული გზით არ წავიდა.
საქართველოში კი ჯერ კიდევ ბოგინობენ ისეთი ტურისტული კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს ატყუებენ. არ მიკვირს, რომ უკვე კორუფციის შესახებაც გაჩნდა ეჭვი. იმის გამო, რომ რუსეთი დიდი ქვეყანაა, იქ ძლიერი პროფკავშირებია, რომლებიც ყიდიან იაფ სამოგზაურო საგზურებს, მათ შორის, საქართველოში, შეიძლება ვიღაცამ იპოვოს იქ გზა ფულის გათეთრებისთვის. წესით, ამაში სახელისუფლო სტრუქტურები გარეული არ უნდა იყვნენ, მაგრამ ამ ეტაპზე არც ესაა გამორიცხული. ცხადია, არ მაქვს რეალური ინფორმაცია, მაგრამ ვერც გამოთქმული ვარაუდის სისწორეს გამოვრიცხავ", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" კვარაცხელია.
რაც შეეხება კორუფციულ სქემებში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის - დიმიტრი ქუმსიშვილის მონაწილეობას, სპეციალისტები კონკრეტულად ტურიზმის სფეროს ნაკლებად უკავშირებენ. გამოთქვამენ ეჭვსაც, რომ წინა წლებში არასათანადოდ ჩატარებული ტენდერები კორუფციის ნიშნებს შეიცავს.
სამართლის სფეროს სპეციალისტ აკაკი ჩარგეიშვილის განცხადებით, კონკრეტულ ტენდერებთან დაკავშირებით დანაშაულებრივი ქმედება გამოკვეთილია და გამოძიება ობიექტურად უნდა წარიმართოს.
"ქუმსიშვილის საქმიანობის მიმართ გაჩენილი ეჭვი ეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, შესყიდვების პროცედურებს, ტურიზმს და გარკვეული ინტერესების ლობირებას. პირდაპირ გაისმა კვირიკაშვილის, ქუმსიშვილისა და ალავიძის მისამართით ბრალდებები. ამ შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჩინოვნიკების მხრიდან გადაცდომა ნამდვილად იყო, ამიტომაც დაინტერესდა ხელისუფლება.
უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევთ და ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ინფრასტრუქტურულ პროექტებში კორუფციის ნიშნები ჩანს. ვადებში კატასტროფული დარღვევაა, რაც წარმოშობს კორუფციის ეჭვს და უსაფუძვლო არ არის. მთავარი პროკურორისგანაც ვიცით, რომ სწორედ ამ საქმეების გამო იყვნენ ყოფილი მოხელეები მთავარ პროკურატურაში დაბარებულები, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ გვინახავს. უკვე იმდენი დრო გავიდა, რომ საეჭვო ტენდერებთან დაკავშირებით განცხადება უნდა გაკეთდეს", - აცხადებს ჩარგეიშვილი.
რაც შეეხება ტურიზმის სააგენტოს მისამართით გამოთქმულ ბრალდებას, იურისტის შეფასებით, ქვეყნის იმიჯისთვის იქნება ძალიან ნეგატიური, თუკი მსგავსი ფაქტი დადასტურდება.
"გასარკვევია, რეალურად რა ნაწილზეა საუბარი და კონკრეტულად სად არის კორუფცია ამ სისტემაში. ამ მიმართულებით ბევრი რამ გასარკვევია. ფულის გათეთრება საკმაოდ მკაცრი ბრალდებაა, რადგან საქმე საერთაშორისო კრიმინალამდე მიდის. საკმაოდ სკანდალური განცხადებაა და შესაბამისი სტრუქტურები ამით უნდა დაინტერესდნენ. დიდი სიფრთხილით ვიტყვი, რომ გასარკვევია, რომელ დენადობაზეა საუბარი. თუ ასეთი რამ ხდება საქართველოში, ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან ცუდია.
სიმართლე გითხრათ, დღეს კორუფციის ნიშნებს ბევრი მიმართულებით ვხედავთ. გამოვიცვალეთ მინისტრი, პრემიერი, სასამართლოში გაჩერებულია საქმეები, რომელთა ღირებულებამ 10 მლრდ ლარს გადააჭარბა. სახელმწიფო ინსტიტუტები ამ საქმეებთან დაკავშირებით მოდუნდნენ, რაც გვაფიქრებინებს, რომ საქმე არ კეთდება და არსებობს საფუძველი, რომ სახელისუფლო კორუფციაზე ეჭვი გაჩნდეს", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ჩარგეიშვილმა.