ხელისუფლების უკან დახევა, შეცვლილი რიტორიკა, წინასწარ დაწერილი ტექსტი - ასე აფასებენ პოლიტოლოგები "რეზონანსთან" სალომე ზურაბიშვილის რადიკალურად განსხვავებულ განცხდებას 2008 წლის ომზე და, ასევე, მარიხუანის კულტივაციასა და ექსპორტთან დაკავშირებული კანონპროექტის გადავადებას.
პოლიტოლოგების აზრით, მმართველ გუნდში ისეთი ვაკხანალიაა, რომ მათ აქამდე ვერ შეძლეს სალომე ზურაბიშვილთან კოორდინაცია, რომ მიეცათ მითითებები, სახელმწიფოს დამაზიანებელი განცხადებებით არ გამოსულიყო.
მათი შეფასებით, ხელისუფლების ბოლოდროინდელი არაპოპულარული გადაწყვეტილებები როგორც მარიხუანის ექსპორტთან, ასევე საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ან შიდა საბოტაჟია, ან კიდევ მმართველი გუნდის მაზოხიზმთან გვაქვს საქმე, რომელსაც თვითდაზიანება სიამოვნებას ანიჭებს.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკვე აშკარაა ზურაბიშვილის ხასიათი და დაუმორჩილებლობა, რადგანაც მან თავის წარმოჩენა დამოუკიდებელ ფიგურად სცადა. რისკიც ნათელია - რომ ის პრეზიდენტობის შემთხვევაში იქნება ფიგურა, რომლის ქცევისა და გადაწყვეტილებების გაკონტროლება მმართველ გუნდს არ შეეძლება.
მათი აზრით, ეს სახელმწიფოსთვის დამღუპველია, რადგანაც ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატობის პერიოდში სახელმწიფოს ინტერესები უკვე დააზიანა. 2008 წლის ომზე განცხადებებით, ფაქტობრივად, აღიარებით ჩვენება მისცა, რომელსაც რუსეთი თავის პაკეტში საგულდაგულოდ შეინახავს.
პოლიტოლოგები მარიხუანის კულტივაციის თემაზეც სვამენ აქცენტს და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების აზრი მანამდე არ გაიზიარა, სანამ მათ შუამავლად ეკლესია არ გამოიყენეს. მათი აზრით, მმართველი გუნდი დათმობაზე არა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გამო წავიდა, არამედ შიშის გამო, რომელიც ეკლესიის მუქარამ გამოიწვია.
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-საქართველოს ომზე მის განცხადებებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას იძლევა. იგი ოპონენტებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია სწორედ მათ ინტერესში შედის. რუსეთი კი აგრესორია და ის შემოიჭრა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა მანამდე დაჟინებით იმეორებდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო და საკუთარი მოსახლეობა დაბომბა.
"საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო ცხადია, რუსეთმა და რატომ? რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და არა, პირიქით, საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არ შეჭრილა, არასდროს არ მოუხდენია აგრესია.
"ეს არის ისეთი ელემენტარული, ერთი და ერთი ორი არის, რომ ამაზე ვინ შეიძლება დავობდეს და ეს არასდროს არ ყოფილა ჩემი სათქმელი და ამაზე არ ვმსჯელობდი მე. არც მე და არც ერთი ქართველი ამას არ დაუშვებს, რომ თქვას რუსეთის და საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ანალიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ, ბუნებრივია, ხელისუფლებამ საზოგადოების რეაქციის შემდეგ მის გამონათქვამებში პრობლემა დაინახა, რაც სიტყვასიტყვით საქართველოს წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში მიცემული ჩვენება იყო.
ხუხაშვილი ამბობს, რომ შეცვლილი რიტორიკა ომზე, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს უკვე გასროლილი ნაღმია, რომელიც რუსეთმა საგულდაგულოდ შეინახა. "ქართულ ოცნებაში" კი დიდი ბარდაკი და ვაქხანალიაა, ამიტომ ზურაბიშვილის დამრიგებელი აქამდე ვერავინ მოინახა. მისი აზრით, პარტიაში არაა ერთნაირი მსოფლმხედველობა და მსგავსი ფაქტების განმეორებას უნდა ველოდოთ. მით უმეტეს, რომ, ზურაბიშვილის ხასიათიდან გამომდინარე, მასთან შეთანხმებული მესიჯბოქსების გაშვება უჭირთ.
"ოცნების" ბოლოდროინდელი უგუნური ქმედებები მიზანმიმართული არ არის. საქართველოს ისტორია ერთი წინადადებით შეგვიძლია აღვწეროთ. ეს არის ისტორია, თუ როგორ მივედით სადომაზოხიზმიდან მაზოხიზმამდე.
"თუ სააკაშვილის ხელისუფლება რაღაცას სადისტურად აკეთებდა, ამის კონკრეტული მიზანი ჰქონდა. ახლანდელი ხელისუფლება კი თვითდაზიანებებს იყენებს. ასეთი დაზიანებები ძალიან დიდია. არ ვიცი, ამას რატომ აკეთებენ, სიამოვნებას იღებენ თუ რა სჭირთ, ვერ ვხვდები.
"მარიხუანას ექსპორტთან დაკავშირებით ეკლესიამ, ფაქტობრივად, საზოგადოების ინტერესი გაახმოვანა. სხვა საკითხია, რომ საზოგადოების მოთხოვნებზე არ რეაგირებს მმართველი გუნდი და ეკლესიის მუქარის ეშინია. ეს არის ფარისევლობა და არ არის მორწმუნეობით განპირობებული, ეს არის ეკლესიის ავტორიტეტის შიშით გადადგმული ნაბიჯი. მამოძრავებელი ძალა ამ შემთხვევაში არა პოლიტიკური ლოგიკა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება, არამედ შიშია. როდესაც ხელისუფლების წარმმართველი ძალა შიშია, ეს ქვეყნისთვის დამღუპველია", - აცხადებს ხუხაშვილი "რეზონანსთან".
მისივე თქმით, კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით ნახევარფაბრიკატი შემოაგდეს. სადღაც ვიღაცამ დაილაპარაკა, მერე დათვალეს და დააბრეხვეს, რომ მილიარდი მოგება მოჰქონდა. ყველაფერი სწორი ეკონომიკური ანალიზის გარეშე გააკეთეს. საზოგადოების რისხვის შემდეგ კი გაიჭედნენ და ვეღარაფერს აკეთებენ. წარმოდგენა არა აქვთ საერთოდ, მერე რას იზამენ.
პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ომზე განცხადებებით სცადა, საზოგადოებისთვის თავი დამოუკიდებელ ფიგურად წარმოეჩინა. თუმცა მმართველმა გუნდმა როდესაც აღმოაჩინა, რომ ამით მათი რეიტინგიც ქვემოთ მიექანებოდა და საზოგადოებას მწვავე რექცია ჰქონდა, მასთან კომუნიკაციას შეეცადნენ და აუხსნეს, რომ ასე არ უნდა ისაუბროს.
ძაბირაძე ამბობს, რომ ამან უკვე წარმოშვა გარკვეული რისკი, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში "ოცნება" მის გაკონტროლებას ვერ შეძლებს. არადა, ზურაბიშვილზე ხელისუფლებამ არჩევანი იმ მოტივით შეაჩერა, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წყნარად ყოფილიყო, რადგან იცოდა, რომ დაბალი რეიტინგისა და არაპოპულარობის გამო ის ცალკე პოლიტიკურ ფიგურად ვერ ჩამოყალიბდებოდა. ვერ შეძლებდა, რომ ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ გაეერთიანებინა. თუმცა მათ რისკის გათვლა ვერ შეძლეს.
"ზურაბიშვილის წინააღმდეგ ბოლო დღეებში აგრესია და ნეგატიური განწყობა იმდენად აშკარაა, რომ ამის დასადგენად სოციალური კვლევა არ სჭირდებათ. მან ომზე განცხადებების შემდეგ ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. გამარჯვება კი არა და ლამის ხელისუფლებას დაემუქროს საფრთხე.
"ფაქტობრივად, არსებობს რისკი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში სერიოზული რყევები დაიწყოს. მოსალოდნელი იყო, რომ შეცვლიდა ის ამ რიტორიკას, თუმცა არის კი ეს საკმარისი იმისთვის, რომ საკუთარი და "ოცნების" იმიჯი აღადგინოს? ზურაბიშვილი, როგორც ჩანს, ასე ფიქრობს და ამასვე ამბობს.
"თუმცა ამის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მისი ხასიათის გაკონტროლება "ოცნებას" უკვე უჭირს. ის ცდილობს, რომ მმართველი გუნდისგან რადიკალურად დამოუკიდებელი განცხადებებით გამოვიდეს. მმართველ გუნდს მასთან კომუნიკაცია უკვე უჭირს და ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება მაშინ, თუ ის პრეზიდენტი გახდება", - აცხადებს ძაბირაძე "რეზონანსთან".