(რეზონანსი) ჭყონდიდელი მიტროპოლიტი კანაფის კულტივაცია-ექსპორტის საკითხზე ისევ მკაცრ პოზიციაზე დგას და აცხადებს, რომ ეს ქვეყნის გენოციდისკენ მიმართული ნაბიჯია.
„გაგრძელება მუდამ ექნება საქართველოში სიმართლისათვის, სახელმწიფოებრიობისათვის და ჯანსაღი მდგომარეობისათვის ბრძოლას. რაც შეეხება ეკლესიის პოზიციას, წმინდა სინოდის ბოლო სხდომას, რომელიც ივნისის თვეში გაიმართა, ჩვენ ვიმსჯელეთ და განჩინებაში იყო ნახსენები, ნარკოპოლიტიკის მიმართ ჩვენი მკაცრი შეფასება, თუ რამდენად დასაგმობია იგივე ლეგალიზაცია. ვერც წარმოვიდგენდი, რომ რეალიზაციაზე და ბიზნესზე იქნებოდა საუბარი. სინოდის მხრიდან რჩევა იყო, რომ გვეფიქრა სარეაბილიტაციო ცენტრების აშენებაზე და ჯერ ჩვენ რალური პროექტი ამის მხრივ არ გვინახავს. ყველასთვის მოულოდნელი იყო რომ საქართველონ შესაძლოა მწარმოებელ და შემდეგ რეალიზატორ ქვეყნად იქცეს და ამ მძიმე, მომაკვდინებელი ცოდვით მოინდომოს გამდიდრება. ამას შევადარებსი ტყვეთა სყიდვას, რომელიც მე-18, მე-19 საუკუნეში იყო საქართველოში გავრცელებული, ადამიანები მდიდრდებოდნენ ადამიანების, მათ შორის ბავშვების გაყიდვით, ეს დღემდე მძიმე ლაქაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მსგავს პარალელს გავავლებდი თუ უფრო მეტი და მძიმე არაა, როცა ნარკოტიკების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ითხოვს ხელისუფლება.
მახსენდება ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნათქვამი, რომ 60-იან წლების ბოლოს საბჭოთა სპეცსამსახურები „კაგებე" ხელმძღვანელობდა საქართველოში ნარკოტიკების გავრცელებას. მიზანი იყო რომ წარჩინებული ოჯახის შვილები ჩაეთრიათ მასში. ეს ემსახურებოდა ჩვენი ერის გენოციდს."- განაცხადა მიტროპოლიტმა.
მეუფე პეტრე პატრიარქის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ილია მეორემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს და ეს დარგი კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს:
„რაც შეეხება პატრიარქის კონსტრუქციულობას, მე ვიტყოდი რომ ეს იყო უფრო კომპრომისული და ვისურვებდი, რომ პატრიარქი უფრო პირდაპირი ყოფილიყო ამ შეფასების დროს. ფაქტობრივად პატრიარქმა ნელ-თბილი პოზიცია წარმოგვიჩინა, რომელიც სახარებით არ არის გამართლებული და თითქოს ორ ბოროტებას შორის არჩევანი დატოვა, რომ კარგი იქნება თუ ხელისუფლება გააკონტროლებს. რა მნიშვნელობა იქნება თუ ეს ცოდვა იარსებებს ქვეყანაში, რა მნიშვნელობა აქვს ვინ გააკონტროლებს. თუ გადახედავთ, შსს-ს მაღალჩინოსნები იხდიან სასჯელს ნარკორეალიზაციისთვის, სად არის ამის რესურსი რომ ხელისუფლებამ გააკონტროლოს და ამ კუთხით ნდობა გამოვაცხადოთ."- განაცხადა მეუფე პეტრემ.