ელზა პაპოშვილი
18.09.2018

 ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლის-ყურეში 25 წლის გოგონას 4 დღეა უშედეგოდ ეძებენ. ასიათა საიდოვა სახლიდან საღამოს გავიდა და ის უკან აღარ დაბრუნებულა. 

ოჯახის წევრების განცხადებით, ის სახლიდან მეუღლესთან კონფლიქტის შემდეგ წავიდა. მათივე თქმით, ამავე მიზეზით ქალმა რამდენიმე ხნის წინ თვითმკვლელობაც სცადა, თუმცა მაშინ მისი გადარჩენა მოხერხდა. ბოლოს სახლიდან გამოსული ასიათა მისმა მეზობელმა ლეილა მაისურაძემ ნახა. 
„რეზონანსთან“ მაისურაძე ყვება, რომ გოგონა  გზაზე სწრაფი ნაბიჯებით მიმავალი ნახა, თითქოს ვიღაცას გაურბოდა. მეზობელმა მისი შეჩერება სცადა, რადგანაც იცოდა, რომ გოგონას ოჯახში პრობლემები ჰქონდა და მან თავის მოკვლა ორი თვის წინაც სცადა. თუმცა, ასიათამ  უპასუხა, რომ მისთვის ახლა არ ეცალა და სხვაგან ეჩქარებოდა. მასთან სანახავად თავადვე მივიდოდა, როდესაც საქმეს მორჩებოდა. თუმცა გოგონა მას შემდეგ აღარავის უნახავს. 
როგორც ასიათას  ქმრის ოჯახი აცხადებს, იმ დღეს სახლიდან გასვლის შემდეგ გოგონა აღარც მათთან დაბრუნებულა. მათ იფიქრეს, რომ ის მშობლებთან წავიდა და მიაკითხეს, თუმცა, როგორც  აღმოჩნდა, არც იქ იმყოფებოდა. ამის შემდეგ კი დახმარებისთვის პოლიციას მიმართეს. 
„ძალიან მძიმე სიტუაციაში იყო. მისი ცოდვით აღარ ვიყავი. დედასთან სახლში ატირებული არაერთხელ მოსულა. ორი თვის წინაც თვითმკვლელობა სცადა. ამბობდა, რომ  ქმარი ფიზიკურად უსწორდებოდა, ამცირებდა და იქ ცხოვრება აღარ სურდა. 
„ბოლოს მე ვნახე. როგორც მისი ქმრის მეზობლები გვიყვებიან, ოჯახში მორიგი კონფლიქტის შემდეგ, საწყალი გოგო სახლიდან გამოქცეულა. ალბათ იფიქრა, მათი რელიგიიდან გამომდინარე, მშობლები ისევ უკან დამაბრუნებენო და კაცმა არ იცის რა გადაწყვიტა. ვშიშობთ თვითმკვლელობის განზრახვა სისრულეში ხომ არ მოიყვანა. 
„მე რომ შემხვდა, შევატყე, რომ თითქოს ნამტირალავი იყო, მისი შეჩერება ვეცადე, მაგრამ არ გაჩერდა, არ დამელაპარაკა. მერე ვიფიქრე, ალბათ გააბრაზეს ისევ და დედასთან მიდის-თქო, მაგრამ მშობლებთან არც მისულა. 
„ყველას ვთხოვთ დახმარებას. იქნება ვინმემ სადმე ნახა და მისი ადგილსამყოფელი იცის. შესაძლოა, უბრალოდ შეშინებულია და იმალება, სახლში დაბრუნება აღარ სურს“, - აცხადებს დაკარგული გოგონას მეზობელი „რეზონანსთან“. 
გოგონას დედა ყვება, რომ ასიათამ გაუჩინარებამდე დედას უთხრა, რომ ქმრის ოჯახთან ცხოვრება აღარ შეეძლო და მისთვის იქ გაჩერება სიკვდილის ტოლფასი იყო. დედა ნანობს, რომ გოგონას არ მოუსმინეს და მას კვლავ ქმრის ოჯახში აბრუნებდნენ.
ასიათა მშობლებს უყვებოდა, რომ მას ქმარიც და მისი მშობლებიც ხშირად ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ, აწვალებდნენ და ამცირებდნენ. თუმცა ოჯახი მას კვლავ უკან აბრუნებდა და კონფლიქტის მოგვარებას ურჩევდნენ. 
შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეზონანსს“ განუცხადეს, რომ სამძებრო ოპერაციაში სამართალდამცავები არიან ჩართული. შსს-ს ინფორმაციით, საიდოვას  საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×