საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში С ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებზე ცდებს ატარებენ, რის შედეგადაც რამდენიმე ათეული ადამიანი გარდაიცვალა. გასულ კვირას მან გარკვეული დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც, მისი თქმით, ამ განცხადებას ადასტურებს.
ამ ბრალდებებს „რეზონანსთან“ საუბრისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე პასუხობს. ეგ ექს-მინისტრის განცხადებას „სისულელეს“ და „ზღაპარს“ უწოდებს. იმნაძის თქმით, გიორგაძის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები ძირითადად ადამიანის გარდაცვალებაზე შედგენილი ჩვეულებრივი სამედიცინო ფორმებია, რომლებშიც სავარაუდოდ საუბარია მძიმედ დაავადებულ ადამიანებზე, რომელთა გადარჩენაც, ალბათ, ვერ შეძლეს.
„აბსოლუტური სისულელეა იმაზე საუბარი, რომ C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებს ამ ლაბორატორიაში ვმკურნალობთ. ასეთი სიბრმავე გაგონილა? ნუთუ ერთი C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანი ვერ ნახეს, რომელიც დაადასტურებდა, რომ ლაბორატორიაში მას რაღაც ცდებს უტარებდნენ?!
„მე რაც ვნახე, ეს დოკუმენტები არის ჩვეულებრივი სამედიცინო ფორმა ადამიანის გარდაცვალებაზე, სადაც წინასწარ ვერ ჩაწერენ დასკვნის გარეშე ადამიანი რით გარდაიცვალა. ეს ხომ ძალიან მარტივი რამ არის და ასეთი გულუბრყვილოები როგორ არიან? საქართველოში რაც ეს პროგრამა შემოვიდა, 30 ათასამდე დაავადებული განვკურნეთ. ვინმეს უთქვამს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში მკურნალობდნენ?“ - აცხადებს იმნაძე „რეზონანსთან“ საუბრისას.
ვრცლად ეს სტატია შეგიძლიათ იხილოთ "რეზონანსის" ხვალინდელ, 19 სექტემბრის ნომერში და ამ ბმულზე.