„ბოლო მოთხოვნაა პარლამენტის თავჯდომარესთან შეხვედრა. მინდა თვითონ ნახონ, რომ ნამდვილად მჭირდება დახმარება და აუცილებელია რეაბილიტაცია. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, მერიისგან უნდა მომხდარიყო დაფინანსება. ზაზა გაბუნია დამპირდა დაგეხმარებიო. ახლა კი გაბუნია ტელეფონზე არ მპასუხობს,“ - აცხადებს ყოფილი ჟურნალისტი ვასილ სილაგაძე.
როგორც სილაგაძემ „რეზონანსს“ განუცხადა, იგი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარეს, ზაზა გაბუნიას შეხვდა, რომელმაც დახმარება აღუთქვა და დაპირდა, რომ პარლამენტის თავჯდომარისა და სილაგაძის შეხვედრა შედგებოდა.
ყოფილი ჟურნალისტი პარლამენტთან შიმშილობს. მისი მოთხოვნაა გერმანიაში სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსება და პარლამენტის თავჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა.
იმისათვის, რომ სილაგაძემ დაფინასება მიიღოს, აუცილებელია ცნობის მიღება, რომ მას უცხოეთში რეაბილიტაცია სჭირდება, მაგრამ, როგორც მან განაცხადა, აღნიშნული ცნობის მიღება დღემდე ვერ შეძლო.
„სპორტული რეაბილიტაციის დეპარტმანეტის უფროსმა მითხრა, რომ ეს ცნობა რომ მოგცე, სამსახურს დავკარგავო. რას ნიშნავს ეს, დღემდე ვერ გავიგე,“ - განაცხადა ვასილ სილაგაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით „რეზონანსი“ დეპუტატ ზაზა გაბუნიასგან ცდილობდა დამატებითი ინფორმაციის მიღებას, მაგრამ მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.