ელზა პაპოშვილი
19.09.2018

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე 36 წლის გოჩა შენგელია მოკლეს. ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სავარაუდოდ, სიძე ცოლისძმამ მოკლა. სოფელ რუხის რწმუნებული რუბენ ლუკავა "რეზონანსთან" ჰყვება, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 42 წლის გიორგი კვარაცხელია პოლიციას თავადვე ჩაბარდა.

შემთხვევა ორშაბათს გვიან ღამით მოხდა. რწმუნებულის ინფორმაციით, სიძე-ცოლისძმას შორის დაპირისპირება ადრეც არსებობდა და ისინი დიდი ხანია, ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ.

ლუკავა ამბობს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ცოლისძმა გიორგი კვარაცხელიამ სიძე სახლში საქმის გასარჩევად დაიბარა, სადაც სწორედ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, შემდეგ კი, სავარაუდოდ, სიძემ ნათესავს დანით ჭრილობები გულმკერდის არეში მიაყენა.

რწმუნებულის თქმით, მკვლელობა იმდენად სწრაფად მოხდა, რომ მეზობლებმა მათი გაშველება ვეღარ მოასწრეს. ისინი როდესაც სახლში ქალების ყვირილზე შეცვივდნენ, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ, რადგანაც მიღებული ჭრილობების შედეგად სისხლისგან დაიცალა.

სოფლის რწმუნებული ამბობს, რომ უცნობია, რაზე იყვნენ დაპირისპირებული ოჯახის წევრები. მისი თქმით, კონფლიქტის თვითმხილველი მეზობლები პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა, თუმცა ისინი ჩვენებებში არ საუბრობენ, რეალურად რა გახდა გარდაცვლილსა და მკვლელობაში ეჭვმიტანილს შორის კონფლიქტის მიზეზი.

"არავინ ამბობს, რა იყო მათი დაპირისპირების მიზეზი. არ ვიცი... მკვლელობაში ეჭვმიტანილ გიორგი კვარაცხელიას კარგ პიროვნებად ვიცნობთ. მან რამდენიმე ხნის წინ დიდი ტრაგედია გადაიტანა - ავადმყოფობის შედეგად ბავშვი დაეღუპა. ბოლო დროს ნამდვილად საკმაოდ სტრესულ მდგომარეობაში იყო.

"მკვლელობა კვრაცხელიას სახლში მოხდა. სიძე საქმის გასარჩევად დაუბარებია და ჩხხუბის შემდეგ ეს უბედურება დატრიალდა. არ ვიცი, ამბობენ, რომ მეზობლები თვითმხილველები არიან, მაგრამ პოლიციაში ჩვენებას არავინ იძლევა და არ ამბობენ, რა მოხდა. ზოგი იძახის, ქალების ყვირილის შემდეგ შევედით და მკვდარი დაგვხვდაო.

"პოლიციაც და სასწრაფო დაახმარებაც თავად მკვლელობაში ეჭვმიტანილმა გამოიძახა. პატრული რომ მივიდა, სახლში დახვდა და ჩაბარდა. ამბობენ, ადრეც რაღაც კონფლიქტი ჰქონდათ და ერთმანეთთან არ მიდიოდნენ. ახლა ამ კვარაცხელიას დაუბარებია საქმის გასარჩევად და ეს საშინელება დატრიალდა", - აცხადებს "რეზონანსთან" სოფლის რწმუნებული.

შს სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 42 წლის მამაკაცია დაკავებული. მოხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებსს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×