აუდიტის სამსახური უწყებაში შესამოწმებლად შევიდა, ხელმძღვანელი კი სასწრაფოდ გადადგა
თამარ მუკბანიანი
19.09.2018

 აეროპორტების გაერთიანებაში აუდიტის სამსახური შევიდა და სწორედ ამ დროს გადადგა გაერთიანების ხელმძღვანელი ქეთი ალექსიძე. მის მიერ თანამდებობის დატოვებას წინ უძღოდა ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსნების პროკურატურაში დაბარება. უცნობია, იკვეთება თუ არა შესაძლო ფინანსური დანაშაული ალექსიძის საქმიანობაში და უკავშირდება თუ არა ამას მისი 8-წლიანი მმართველობის დასრულება აეროპორტების ხელმძღვანელის პოსტზე. სპეციალისტები ამაზე პირდაპირ საუბრობენ.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ხელმძღვანელი ქეთი ალექსიძე თანამდებობიდან გუშინ გადადგა, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ალექსიძე ამ თანამდებობას 2010 წლიდან იკავებდა.

წელს აეროპორტების გაერთიანების სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმება იყო დაგეგმილი. გეგმა სამსახურის 2018 წლის საქმიანობის დოკუმენტში გაიწერა. შემოწმების საფუძველი მთავრობის, ექსპერტების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესი გახდა, რომლებიც, დოკუმენტის მიხედვით, ამ ორგანიზაციის მხრიდან "საქმიანობის ჯეროვნად" შესრულებით არიან დაინტერესებული.

"რეზონანსისათვის" ცნობილი გახდა, რომ სწორედ ამ შემოწმებას უკავშირდება ალექსიძის მიერ თანამდებობის დატოვება. აეროპორტების გაერთიანებაში" შესვლის ფაქტს აუდიტის სამსახურში ადასტურებენ.

"შემოწმება გეგმურია და 2018 წლის საქმიანობის დოკუმენტით გაწერილი. დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ აუდიტის სამსახური უკვე შესულია და სწავლობს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ფინანსურ საქმიანობას. პროცესი მიმდინარეობს, შესაბამისად, რამე კონკრეტული დასკვნა ჯერ არ არსებობს", - განუცხადეს "რეზონანსს" აუდიტის სამსახურში.

ავიაკომპანია "ეარ კავკასუსის" პრეზიდენტი გიორგი კოდუა აეროპორტების გაერთანების ხელმძღვანელის საქმიანობაში შესაძლო ფინანსურ დარღვევებს ხედავს. მისი თქმით, აუდიტის სამსახურის შესვლასთან პირდაპირ კავშირშია ალექსიძის სამსახურიდან წასვლა.

"ბევრი კითხვის ნიშანია ქეთი ალექსიძის მართვის 8 წელთან დაკავშირებული. მოხარული ვარ, რომ აუდიტის სამსახური შესულია და ისინი გასცემენ პასუხს იმ სქემებსა და "ატკატებზე", რომლებიც იქ აშკარად იყო. თუ ეს ასე არ არის და ყველაფერი კარგად ჰქონდა, როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ უბრალოდ წავიდა და მაღალი ხელფასის აღებით დაიღალა?

როცა ვამბობთ, რომ აეროპორტების გაერთანების ხელმძღვანელი ქეთი ალექსიძე გადადგა, უნდა დავიწყოთ მოლოცვით. ეს პიროვნება იყო ცალსახად მიუღებელი, ამბობდა ერთს და აკეთებდა მეორეს. ასე იყო წლების განმავლობაში. არაერთხელ გამოვსულვარ მისი მმართველობის წინააღმდეგ, რადგან ბევრ ხარვეზს ვხედავდი. წარმატებული ეკონომიკური პროექტებიც კი მისი მართვის პირობებში აბსოლუტურად გაუაზრებლად ხორციელდებოდა", - აღნიშნა "რეზონანსთან" კოდუამ.

"ეარ კავკასუსის" ხელმძღვანელი იმ არარენტაბელურ პროექტებზეც საუბრობს, რომლებიც ალექსიძის მმართველობის დროს განხორციელდა.

"გაიხსნა აეროპორტი ამბროლაურში, ეს იყო სრული უაზრობა. აეროპორტის გახსნამდე საჭიროა ბიზნესგეგმა, დანახარჯებისა და მოგების ანალიზი და ავიაკომპანიის პროექტი. ჩემი დათვლებით, იქ ყოველდღე რომ შესრულდეს რეისი დიდი თვთმფრინავით, 200 წელი სჭირდება, რომ ის თანხა ამოიღონ, რაც ბიუჯეტიდან დაიხარჯა. ეს აბსოლუტურად არარენტაბელური პროექტია და კითხვის ნიშნებს აჩენს. ჩვენ არ ვართ ისეთი მდიდარი ქვეყანა, რომ ასეთი წამგებიანი პროექტები განვახორციელოთ. ეს რომ იყოს სტრატეგიული მნიშვნელობის, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ ესეც არ არის. გაიხსნა და კვირაში 2-3 რეისს ასრულებს. აბსოლუტურად გაუგებარია მისი მნიშვნელობა.

გარდა ამისა, არის უზარმაზარი ხარჯი, რომელიც აეროპორტების მართვაში მიდიოდა. უცხოური ავიაკომპანიები ფინანსდებოდნენ სწორედ აეროპორტების გაერთიანების მიერ. საერთაშორისო პრაქტიკამ არაერთხელ აჩვენა, რომ არ შეიძლება, სახელმწიფო აფინანსებდეს ავიასფეროს. ევროკავშირი ეწინააღმდეგება ამას ესტონეთის მაგალითის შემდეგ", - აღნიშნა გიორგი კოდუამ.

ქეთი ალექსიძის თანამდებობიდან წასვლას აუდიტის სამსახურის მიერ "აეროპორტების გაერთიანების" საქმიანობის შესწავლას უკავშირებს ავიასფეროს სპეციალისტი იასე ზაუტაშვილიც.

"როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ქეთი ალექსიძეს სამუშაო ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი ჩინეთში და უცებ განაცხადა, რომ დაიღალა და განცხადება დაწერა? რა თქმა უნდა, დაუჯერებელია და იწვევს ეჭვს, რომ ეს აუდიტის შესვლასთანაა კავშირში. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს მის საქმიანობასთან დაკავშირებით. სწორედ ამ პერიოდში იყვნენ ქვეყანაში საერთაშორისო ექსპერტები.

ჩემი თვალით მაქვს ნანახი დასკვნა, რომელიც ძალიან კრიტიკული იყო და მის დამალვასაც გაერთიანების მენეჯმენტი ძალიან ცდილობდა. იმედია, ეს შემოწმება და გადადგომაც ჯანსაღი პროცესების დასაწყისი იქნება ქართულ ავიასფეროში", - აღნიშნა "რეზონანსთან" ზაუტაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×