"ჯერჯერობით არც ერთ მხარეს არ უფიქრია უკან დახევა. ის ფაქტი, რომ ციდან ჩამოვარდნილი თემა მეორე დილიდან არის პარლამენტის გარჩევის საგანი, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ასეთი დავალება უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის გარედან. როდესაც იქნება შესაბიმისი დავალება, კვლავ უნდა აღსრულდეს ახალი ბრძანება", - განაცხადა "რეზონანსთან" მარიხუანას კულტივაციაზე საუბრისას პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს, რომელთა გაკონტროლებაც ვერ ხდება და, ამ ყველაფრის ფონზე, რუსეთის რბილი ძალის მუშაობასთან ერთად, ნატო-სა და ევროპის კარებიც საქართველოსათვის იკეტება. აღნიშნულ საკითხზე, საპრეზიდენტო არჩევნებსა და ტელეკომპანია "იბერიის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე "რეზონანსი" პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს გაესაუბრა.
სოსო ცისკარიშვილი: სამწუხაროა, რომ 2013 წლიდან დაწყებული დღემდე, რუსეთის რბილი ძალა და ის ასჯერ მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც საქართველოში არსებობს, ასეთი "რბილი ძალის" დაბუდებას ხელს უწყობს და საუბარი იმაზე, თუ რა ელოდება საქართველოს, რთულია.
არსებობს მცდელობა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა ჩაუშალოს. პოლიტიკური ძალის ერთადერთმა თავმჯდომარემ საჯაროდ გაგვცეს პასუხი, ვინ დაიწყო ომი 2008 წელს საქართველოში, ჩვენ კი შევაფასებთ მათ მიერ წარმოდგინილ საპრეზიდენტო კანდიდატს.
"რეზონანსი": საქართველოში მარიხუანას წარმოების საკითხს როგორ შეაფასებთ? როგორ ფიქრობთ, საპატრიარქოს პასუხი უნდა ყოფილიყო თუ არა უფრო მკაცრი?
ს.ც.: რა აუცილებლობაა მარიხუანას დამუშავება და მისი ექსპორტზე გატანა ადამიანის სიცოცხლის ფასად?! ჩნდება შეკითხვა, რატომ მოხდა ასეთი სწრაფი ტემპით პარლამენტში ამ საკითხის განხილვა?
სასიხარულოა, რომ ჩვენი პატრიარქი იმავეს ამბობს, რასაც გულგახეთქილი ხალხი. ვიცით, რომ ქართული ეკლესია არანაკლები საკითხის გადასაწყვეტად არის მობილიზებული, ვგულისხმობ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. სიმართლეს ამბობენ, როდესაც აცხადებენ, რად გვინდა ეკონომიკური ზრდა, თუკი არ გვეყოლება ახალგაზრდებიო.
"რ": საპრეზიდენტო არჩევნების წინ "ოცნების" მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება. რას ფიქრობთ აღნიშნულთან დაკავშირებით და, მისი არც ისე მაღალი რეიტინგის ფონზე, ვის აქვს გამარჯვების მეტი შანსი?
ს.ც.: ქალბატონი სალომე საინტერესო მოსაუბრეა, მაგრამ არა იმ დროსა და სივრცეზე, რასაც ჰქვია მთელი საქართველო. პარლამენტის "ყოჩებს" კი მიაჩნიათ, რომ საქართველოში ამომრჩევლები არიან ორი ტიპის - იდიოტები და დეგენერატები.
ქალბატონი სალომეს გამოსვლის შემდეგ მან შეცვალა საკუთარი მოსაზრებები რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით. სერიოზული ეჭვი ჩნდება, რომ მანამდე ნათქვამი ფრაზები დავალებაც კი იყო.
ახლა, როდესაც საკუთარ თავზე თქვა, მე ის არ ვარ, ვინც გგონივართო, ერთ-ერთი პარლამენტარი გამოდის და ამბობს, რომ არ უთქვამს ზურაბიშვილს ის, რის გამოც მას ჩვენი მოქალაქეების დიდი რაოდენობა უკვე წყევლიდა. თურმე, ჩვენ მოგვჩვენებია და ისეთი მშვიდი, ამაყი მზერით გვეუბნებიან, თითქოს ასეთი არაფერი ყოფილა ნათქვამი.
ხვალ ვენებს გადაიჭრის ზოგიერთი ჩვენი "მეოცნებეთა" გუნდიდან, ვიდრე დაუშვებს იმას, რომ ვერ შეასრულა რუსეთის დავალება, მაგრამ დავით უსუფაშვილი ყველაზე რეალური კანიდადატი მგონია ამ შემთხვევაში.
"რ": ტელეკომპანია "იბერიისა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს როგორ შეაფასებთ?
ს.ც.: პრემიერ-მინისტრი მუდმივად ამაყობს ჩვენი მედიის ხელშეუხებლობით და ამაზე საუბრობს მას შემდეგ, რაც ეს ამბავი მისთვის ცნობილი გახდა. ვფიქრობ, აურზაურის ატეხვა არ იყო საჭირო და ეს საკითხი მშვიდად უნდა გამოესწორებინათ იმისათვის, რომ კიდევ ერთი ოცნება არ აეხდინა კრემლისათვის.
"რ": სამი მილიონის შეთავაზებაზე რას იტყვით?
ს.ც.: ბიზნესმენები ჩემზე უფრო მარტივად მიაგნებენ ამა თუ იმ თანხის გადაცემა-გადმოცემის საკითხს.
"რ": იმ დაპირებებს როგორ შეაფასებთ, რომლებსაც საპრეზიდენტო კანდიდატები გასცემენ?
ს.ც.: ერთი თვე მოვითმინოთ, არ ვლანძღოთ ქვეყანა და ერთმანეთი. ერთ რამეს ვთხოვ ყველას - ნუ მოვატყუებთ ამომრჩევლებს.
ნურავინ ეცდება, გაასულელოს გაღატაკებული თანამემამულენი, რომ თითქოს თუ მას აირჩევენ, 500 ლარზე მეტს მისცემენ პენსიონერებს და ა.შ. ეს უფრო გაბითურებაა ჩვენი მოსახლეობისა, რადგან თუ ოდნავ მაინც გააგებინებდნენ, რას ამბობს ახალი კონსტიტუცია და რა უფლებამოსილება გააჩნია ახალ პრეზიდენტს, უკეთესი იქნებოდა. რაც უფრო მეტ ტყუილს დაგაყრით თავზე საპრეზიდენტო კანდიდატი, მისგან უფრო შორს დადგომა უმჯობესია.
"რ": ზუგდიდის მერისა და მისი მოადგილის უეცარ წასვლას როგორ შეაფასებთ?
ს.ც.: ეს წასვლა დროულიც კი იყო. მათ გულმა უგრძნოთ, რომ საქმის გარჩევა ჯობდა, დაწყებულიყო ჩეხეთიდან, ვიდრე ზუგდიდიდან. დრო მოიგეს, ამბები გაიგეს. ჩვენი მართლსაჯულების სათავეში დაგვისვეს ამხანაგი მურუსიძე და რასაკვირველია, ერსაც და ბერსაც გაგვიჭირდება სრული ინფორმაციის მიღება.