რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის ირგვლივ ვნებათაღელვა პრაქტიკულად მისი გახსნის დღიდან არ ცხრება და დღემდე აქტუალური თემაა. რუსეთი ლაბორატორიას ბრალს სდებს, რომ მისი მიზანი ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის შექმნაა, სხვადასხვა სახის საშიში ვირუსის შემოტანა, რასაც საქართველოს ხელისუფლება უკვე 2011 წლიდან კატეგორიულად უარყოფს.
ამ დღეებში ლაბორატორიის ირგვლივ სკანდალი კვლავ დაიწყო და 13 სექტემბერს, რუსულ ტელეარხებზე მომზადდა რეპორტაჟების სერია, რომელიც მოსკოვში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის პრესკონფერენციას უკავშირდებოდა.
აყოფილი მინისტრი, ვინც საქართველო 20 წელზე მეტი ხნის წინ დატოვა, პრესკონფერენციაზე ამტკიცებდა, რომ მას ხელში ჩაუვარდა დოკუმენტები, რომლებიც აძლევს საშუალებას დაასკვნას, რომ აშშ-ის მხარდაჭერით აშენებულ ლაბორატორიაში საშიში ექსპერიმენტები ტარდება.
გიორგაძის თქმით, საუბარია "ცე" ჰეპატიტით დაავადებულ საქართველოს იმ მოქალაქეებზე ექსპერიმენტების ჩატარებაზე, რომლებიც ექსპერიმენტულ მკურნალობას დათანხმდნენ. ყოფილმა მინისტრმა, კერძოდ, ჟურნალისტებს წარუდგინა 30-კაციანი სია, რომლებიც "ცე" ჰეპატიტზე მკურნალობას გადიოდნენ, საიდანაც 24 ერთ დღეს გარდაიცვალა.
ეს დოკუმენტი ინგლისურ ენაზეა შევსებული და მას ხელს ჯანდაცვის სამინიტროს ერთ-ერთი თანამშრომელი გიორგი ხატელიშვილი აწერს. დოკუმენტები 2015 წლით არის დათარიღებული.
გიორგაძე ითხოვს, რომ ეს დოკუმენტები და მასალები საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლონ.
ლაბორატორია თავდაპირველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, შემდეგ - შსს-ს, ხოლო 2012 წლის მერე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექვემდებარება, ხოლო მისი უშუალო განმკარგველი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძეა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უფრო ადრე განაცხადა, რომ ლაბორატორიის მუშაობის შესასწავლად საერთაშორისო ექსპერტები არიან მოწვეული. წინასწარი მონაცემებით, მეცნიერთა მორიგი ჯგუფის ჩამოსვლა ნოემბერშია დაგეგმილი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის საგარეო უწყება ამერიკულ მხარეს საქართველოში ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ ოფიციალურ განმარტებას მოსთხოვს.
"რეზონანსი" შეეცადა, გაერკვია იმ ადამიანის ვინაობა, ვინც იგორ გიორგაძის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს ხელს აწერს. ჯანდაცვის სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ გიორგი ხატელიშვილი ნამდვილად მუშაობდა სამინისტროში "ცე" ჰეპატიტის პროგრამაზე, თუმცა ის უკვე ორი წელია, სამინისტროს თანამშრომელი აღარ არის. მათი განცხადებით, ხატელიშვილი რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი არასდროს ყოფილა და "ცე" ჰეპატიტის პროგრამას ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს.
იგორ გიორგაძის ბრალდებებს "რეზონანსთან" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე პასუხობს. მისი თქმით, ბრალდებები აბსურდულია და გამოქვეყნებული დოკუმენტები არაფერს ამტკიცებს.
იმნაძის განცხადებით, ეს არის მხოლოდ ადამიანის გარდაცვალებაზე შევსებული ჩვეულებრივი სამედიცინო ფორმა. იმნაძე ამბობს, რომ მით უმეტეს "ცე" ჰეპატიტის მკურნალობასა და ამ პროგრამას ლაბორატორიასთან არანაირი საერთო არ გააჩნია.
"აბსოლუტური სისულელეა იმაზე საუბარი, რომ "ცე" ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებს ამ ლაბორატორიაში ვმკურნალობთ. ასეთი სიბრმავე გაგონილა? ნუთუ "ცე" ჰეპატიტით დაავადებული ერთი ადამიანი ვერ ნახეს, ვინც დაადასტურებდა, რომ ლაბორატორიაში მას რაღაც ცდებს უტარებდნენ?!
"მე რაც ვნახე, ეს დოკუმენტები არის ჩვეულებრივი სამედიცინო ფორმა ადამიანის გარდაცვალებაზე, სადაც წინასწარ, დასკვნის გარეშე ვერ ჩაწერენ, ადამიანი რით გარდაიცვალა. ეს ხომ ძალიან მარტივი რამ არის და ასეთი გულუბრყვილოები როგორ არიან?! საქართველოში რაც ეს პროგრამა შემოვიდა, 30 ათასამდე დაავადებული განვკურნეთ. ვინმეს უთქვამს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში მკურნალობდა?
"ეს ადამიანები, რომელთა დოკუმენტებიც გიორგაძემ გამოაქვეყნა, არიან მძიმედ დაავადებულნი და მათი გადარჩენა, ალბათ, ვერ შეძლეს. ზღაპრების მოგონებასაც ხომ თავისი საზღვარი აქვს?! ამ ქვეყანაში საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ორი რამ არის წარმატებული, ერთი ეს ლაბორატორია და მეორე - "ცე" ჰეპატიტის პროგრამა. აი, ეს მიაბეს ერთმანეთს და დისკრედიტაციის უნიჭო მცდელობაა", - აცხადებს იმნაძე "რეზონანსთან".
მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორია ბიოუსაფრთხოების მესამე დონის დაწესებულებას წარმოადგენს. ყყ| საუკუნეში თითოეულ ქვეყანას სჭირდება ლაბორატორიები, რათა იცოდნენ, რა ხდება ქვეყანაში და სხვებს დახმარებისათვის არ მიმართონ.
იმნაძე ამბობს, რომ მესამე დონის ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია მეტ-ნაკლებად განვითარებულ თითქმის ყველა ქვეყანას აქვს, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში - ყველა სერიოზულ უნივერსიტეტს. ის განმარტავს, რომ მესამე დონის ლაბორატორიაში მხოლოდ იმ პათოგენებზეა დასაშვები მუშაობა, რომლებიც შენს ქვეყანაშია გავრცელებული და არ შეიძლება ისეთი საშიში ვირუსების (მაგალითად, ებოლას ვირუსი) კულტივირება, შენახვა და მათზე კვლევები, რომლებიც განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ. ასეთ ვირუსებზე სამუშაოდ საჭიროა მეოთხე დონის ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია.
"ვინც კი ოდნავ მაინც ერკვევა მიკრობიოლოგიაში, მიხვდება, რომ ასეთ ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს ვერ დაამზადებენ. ამ ლაბორატორიაზე ეს ბრალდებები დაუსრულებლად გრძელდება. უბრალოდ, შესაფერისი აღჭურვილობა იქ არ არის და, თანაც, ლაბორატორია ღიაა ყველა პროფესიონალისათვის, როგორც ქართული კვლევითი დაწესებულებებიდან და უნივერსიტეტებიდან (მათ შორის - სტუდენტებისათვის), ასევე ახლო თუ შორეული ქვეყნების პარტნიორებისათვის.
"რუსი მეცნიერებიც არაერთხელ ყოფილან და უმუშავიათ კიდეც ლუგარის ლაბორატორიაში. ძალიან კარგად იციან, აქ რაც ხდება. ამ ლაბორატორიაში სხვადსხვა ქვეყნის მეცნიერები მუშაობენ. ამერიკელები, თურქები, გერმანელები, აზერბაიჯანელები, თავად რუსებიც იყვნენ. რით ვერ გაარკვიეს, რომ ეს სისულელეები არ ჭრის და ახალ-ახალ ბოდვებს იგონებენ", - აცხადებს იმნაძე.
მისივე განცხადებით, ეს ლაბორატორია სრულიად საქართველოს განკარგულებაშია და სახელმწიფოს კუთვნილებაა. იმნაძე ამბობს, რომ ეს ლაბორატორია არის პროგრამა, რომელიც ამერიკის თავდაცვის სამინისტროში შემავალი "საფრთხის შემცველი სააგენტოს" მიერ არის დაფინანსებული. იმნაძე ამბობს, რომ ეს სააგენტო ასევე რუსეთსაც ეხმარებოდა, რათა ლაბორატორიები კარგ პირობებში ყოფილიყო და მსგავსი ვირუსებისაგან ქვეყნის მოსახლეობა დაცული ყოფილიყო.
დარგის სპეციალისტები რიჩარდ ლუგარის ირგვლივ ატეხილ მუდმივ აჟიოტაჟს საზოგადოების არაინფორმირებულობას აბრალებენ. მათი აზრით, რუსეთი ამ თემით მუდმივად იმიტომ აპელირებს, რომ სააკაშვილმა ეს ლაბორატორია გახსნა როგორც რაღაც საიდუმლოებით მოცული დაწესებულება, სადაც განაცხადა, რომ ესაა აშშ-ის სამხედრო დახმარება, ლაბორატორია თავდაცვის სამინისტროს დაუქვემდებარა, ყველაფერმა ამან კი ეჭვი უფრო გააძლიერა. ისინი მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ ახლა ეს ლაბორატორია დაავადებათა კონტროლის სააგენტოს დაქვემდებარებაში იმყოფება