ეკატერინე ბასილაია
19.09.2018

 ამ საპრეზიდენტო მარათონში "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამები მუდმივად ყველაზე დიდი ყურადღებისა და ხმაურის საგანია, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის მისი განცხადებების შინაარსის მიუღებლობის გამო.

ზურაბიშვილის წინააღმდეგ უკმაყოფილო შეფასებები კეთდება არა მარტო ოპოზიციაში, ექსპერტულ წრეებსა თუ საზოგადოების აქტიურ ნაწილში, არამედ ზურაბიშვილის განცხადებებს უკვე სასულიერო პირების ნაწილიც უპირისპირდება.

ზურაბიშვილის გამონათქვამებიდან ყველაზე არაპოპულარული და მიუღებელი აღმოჩნდა ორი თემა - 2008 წლის ომში საქართველოს დადანაშაულება და კანაფის კულტივაციის მხარდაჭერა.

საპრეზიდენტო მარათონი ზურაბიშვილმა სწორედ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებით დაიწყო. განცხადება, რომ "ჩვენ ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში" და საომარი ვითარების ეს ნაწილი საქართველომ დაიწყო; ასევე, მისი სიტყვებით, სააკაშვილმა ცხინვალში საქართველოს მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა და რაკეტები დაუშინა.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილის აღშფოთების გამო ზურაბიშვილს ომის დაწყებაზე განცხადების კორექცია მოუწია, მის მიმართ ნეგატიური შეფასებები ომის თემაზე არ წყდება და ინტერნეტსივრცეში პეტიციაც გავრცელდა, "მოხსნას სალომე ზურაბიშვილმა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებიდან".

თუმცა, სალომე ზურაბიშვილის მიმართ უკმაყოფილებას ახლა სამღვდელოებაც შეუერთდა, მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანაფის საინფორმაციო კამპანიას ჩაუდგება სათავეში.

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა, რომ "ზურაბიშვილი "კანაფის დედოფალი" გახდება"; ჭყონდიდის ეპისკოპოსმა პეტრემ კი თქვა, რომ "ჩვენი დაფრანგული ქალბატონი თავისი დაფრანგული აზროვნებით ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას".

აქვე უნდა ითქვას, რომ თავად ზურაბიშვილი ამ განცხადებებს უპასუხოდ ტოვებს და აცხადებს, რომ საკუთარ თავს მეუფეების განცხადების შეფასების უფლებას ვერ მისცემს.

როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო "პერიტუს გრუპის" დამფუძნებელი ელდარ პირმისაშვილი ამბობს, ზურაბიშვილმა ჩამოუყალიბებელი და ქაოსური განცხადებებით საზოგადოების თითქმის ყველა ტიპის ადამიანი გაანაწყენა.

"საქართველოში და არა მარტო საქართველოში პირველ რიგში იყიდება რეპუტაცია და იმიჯი. ადამიანები ხმას აძლევენ არა პიროვნებებს, არამედ - შექმნილ იმიჯს.

"ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია არაპროფესიონალად და ძალიან ქაოსურად დაიწყო. მას არ აქვს მკვეთრად გამოხატული აზრი და იმიჯი - თუ რა იმიჯს აძლიერებს საზოგადოებაში.

"საზოგადება დაყოფილია სხვადასხვა ტიპის ადამიანებად, ერთია, ტრადიციული ადამიანები, რომლებზეც მეტ-ნაკლებად გააკეთა აქცენტი, რომ გული მოეგო და თქვა, რომ მნიშვნელოვანი წინაპრები ჰყავდა, ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი და ა.შ. რუსეთთან დაკავშირებული განცხადებებით კი შეეცადა "ქართული ოცნების" ელექტორატის მოზიდვა, იმიტომ რომ, "ოცნებაშიც" დაახლოებით ასეთი ტიპის ნარატივი ჰქონდათ, რომ სააკაშვილი წამოეგო პროვოკაციას.

"თუმცა, შორს წავიდა და ჩარჩო დაარღვია, რის გამოც ყველა მხრიდან რისხვა მიიღო, მათგანაც კი, ვინც რუსეთის მიმართ მაინცდამაინც ცუდად განწყობილი არ იყო. ამიტომაც შეარბილა შემდეგ განცხადება და ეს მის იმიჯზე იმოქმედებს, რადგან გამოჩნდა, რომ პრინციპული არ ყოფილა.

"ასევე, მისი განცხადება კანაფზეც არ იყო მომგებიანი, რადგან სასულიერო პირებს, რეიტინგის მიხედვით, მაინც მაღალი ნდობა აქვთ. მისი ეს არეული პოზიცია ცუდ გავლენას იქონიებს მორწმუნე მართლმადიდებელ ამომრჩეველზე და ასეთები ბევრნი არიან. ერთადერთი მისი ხსნა ამ არჩევნებში შეიძლება იყოს ის, რომ ის არაპარტიულია და სწორედ ამას ცდილობს "ოცნება", რადგან არაპარტიული კანდიდატი ახალია საზოგადოებისათვის", - ამბობს პირმისაშვილი.

მისი თქმით, ახლა ამუშავდება ის მესიჯი, რაც ბოლო წლებში მუშაობს - თუ ზურაბიშვილს არ აირჩევთ, "ნაციონალები" მოვლენ.

"გაახსენებენ ციხეეებს, ბიზნესების რეკეტს და ამით შეშინებული ადამიანები ხმას ისევ ნეიტრალურ ზურაბიშვილს მისცემენ", - მიიჩნევს პირმისაშვილი.

პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ შექმნილია ტენდენცია, დამკვიდრდეს მოდა, სტერეოტიპი, რომ სალომე ზურაბიშვილზე ყველამ თავისი ქვა უნდა მიაყოლოს და თუ ეს მოდა დამკვიდრდა და მოსახლეობის ცნობიერებაში წესად შემოვიდა, რომ ზურაბიშვილზე მხარდაჭერა დაუშვებელია, მაშინ გამარჯვება "ნაციონალებს" დარჩებათ.

"გიგი უგულავამ განაცხადა, ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ, რომ ზურაბიშვილმა კანდიდატურა გაიწვიოსო. რატომ უნდა, მაგალითად, უგულავას, რომ ზურაბიშვილმა კანდიდატურა გაიტანოს? უგულავა ამაში პოლიტიკურადაა დაინტერესებული, რადგან იცის, რომ ზურაბიშვილი მათთვის უხერხული პრეზიდენტი იქნება.

"როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს ზურაბიშვილმა ან გამოვარდეს ამ მარათონიდან, შემდეგი რეიტინგით მოდის "ნაციონალების" კანდიდატი, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება "ნაციონალებით" შეცვალოს. ამიტომ სასულიერო პირებს, ექსპერტებს, იმ მოქალაქეებს, რომლებიც საარჩევნო ხმის გარდა სხვა ხმას ვერ აწვდიან საზოგადოებას, გაცნობიერებული აქვთ, რომ ზურაბიშვილის მარცხი "ნაციონალური მოძრაობის" რესტავრაციის გარკვეული დასაწყისია?!

"თუ ანტიზურაბიშვილური კამპანია შედეგიანი იქნება, მოხდება ის, რომ ბურთი და მოედანი დარჩება "ნაციონალურ მოძრაობას". ამ რეალობასთან გვაქვს საქმე, დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

"თუ მოსახლეობის ცნობიერებაში წესად შემოვიდა, რომ ზურაბიშვილზე მხარდაჭერა დაუშვებელია, მაშინ გამარჯვება "ნაციონალებს" დარჩებათ. საზოგადოება სტერეოტიპებით აზროვნებს, მას ამდენი სვლის გათვლის უნარი არ აქვს. ყველა საზოგადოება ადვილად მიჰყვება სტერეოტიპებს და თუ პოლიტიკურმა პარტიამ მოახერხა სტერეოტიპის გამოცხობა და ამ ნაღმის გაშვება ხალხში, ამ ნაღმის აფეთქებას შეუძლია დიდი ტალღების გამოშვება", - ამბობს საყვარელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×