თამარ შუკვანი
19.09.2018

 პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ ალეხანდრო ალვარგონსალესმა განაცხადება, რომ უკრაინისა და საქართველოს მდგომარეობა ერთმანეთისაგან განსხვავებულია, ამიტომაც ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მათი სინქრონიზაცია ვერ მოხდება, რაც საქართველოს იმაზე მიანიშნებს, რომ იგი რეფორმების თვალსაზრისით უკრაინაზე წინ დგას.

ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, უკრაინასთან ერთად სვლა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეაფერხებს, - აღნიშნულ საკითხზე „რეზონანსი"ანალიტიკოსს სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

„გვასხოვს მოსაზრებები, სხვადასხვა პოლიტიკოსები და ექსპერტები საუბრობდნენ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ უკრაინასთან მიბმული ევროინტეგრაციის გზაზე. იმ პროცესების ფონზე, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინაში განვითარდა, ამან უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესი საკმაოდ შეაფერხა.

„ნატო-ში ინტეგრაციის მხრივ, საქართველოს ინდივიდუალური გზა უნდა ჰქონდეს, მაგრამ ასევე, უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობაშიც უნდა ვიყოთ. ჩვენ ნატო-ში ინტეგრაციის კუთხითა და ზოგადად, რეფორმების მხრივ, მთლიანად სახელმწიფოში და მათ შორის შეიარაღებულ ძალებშიც, საკმაოდ წინ ვართ. შესაბამისად, ამ მხრივ, უკრაინა საქართველოს ჩამორჩება. მასთან ერთად სვლა ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გაწევრიანების საკითხი, გაცილებით შორეულ პერსპექტივაში გადაიდება," - აღნიშნა მან.

სალუქვაძის განცხადებით, ნატო-ს მხრიდან საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა პოზიტიურად ფასდება. რაც შეეხება უკრაინას, შესაძლოა სამხედრო კონფლიქტის გამწვავება მოხდეს, რაც მის ნატო-ში ინტეგრაციას აფერხებს და რაზედაც ევროპელი ლიდერები ღიად საუბრობენ.

„ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის გზას საკმაოდ დადებითად აფასებენ, რომელიც მან ამ წლების განმავლობაში გაიარა. ამ მხრივ, უკრაინის მდგომარეობა უფრო მძიმედ გამოიყურება. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ყირიმის ანექსიასა და დონბასში მიმდინარე პროცესებზე.

„არსებობს იმის ალბათობა, რომ მოხდეს პროცესების ესკალაცია, ვგულისხმობ აღმოსავლეთ უკრაინას. გარდა ამისა, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, რეფორმების თვალსაზრისით, უკრაინა ჩამოგვრჩება, რაზედაც ევროპელი ლიდერები უკრაინის ხელმძღვანელობას ღიად უცხადებენ," - აცხადებს ის.

მისი თქმით, ევროინტეგრაციის მხრივ, საქართველოს ინდივიუალური გზით წასვლა არ ნიშნავს, რომ უკრაინასთან თანამშრომლობა უნდა შევწყვიტოთ, პირიქით, უკრაინამ და საქართველომ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე.

„ფაქტი, რომ საქართველომ ინდივიდუალური გზა უნდა გაიაროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინასთან რაიმე სახის თანამშრომლობა უნდა შევწყვიტოთ. ამ გზაზე უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, მაგრამ საქართველოს გაწევრიანების პროგრამა უნდა იყოს ინდივიდუალური და არა რომელიმე პაკეტში ჩასმული.

„ნატო-ს გაფართოება, როგორც ეს ხდებოდა ხოლმე სხვადასხვა წლებში, როდესაც რამდენიმე სახელმწიფო წევრიანდებოდა ერთად, თუკი ჩვენ ამ პაკეტში მოვხვდებით, შესაძლოა ეს პროცესი გაჭიანურდეს, რაც ისედაც უკვე დიდი ხანია ჭიანურდება. 20 წელია ჩვენ ნატო-ს გზას ვადგავართ და აგვისტოს ომის შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა.

„ამ ყველაფრის მიმართ ნიჰილიზმი საზოგადოებაში და კიდევ რაიმე შემაფერხებელი წინააღმდეგობები, ამ პროცესისთვის წამგებიანი იქნება," - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის განცხადება არ უნდა მივიღოთ, როგორც დაპირება, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო რეფორმების მხრივ უკრაინასთან შედარებით უფრო წინ დგას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და სტრატეგიული კვლევების ცენტრის თავჯდომარემ ირაკლი მენაღარიშვილმა ისაუბრა.

„ეს ოფიციალური პოზიციაა იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაც დღეს გვაქვს. ალიანსს მიაჩნია, რომ საქართველო რეფორმების თვალსაზრისით უფრო დაწინაურებულია. ეს შეფასება გახლავთ და რაიმე განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა, რა თქმა უნდა, ამას არ აქვს.

„ეს მხოლოდ დღეს არსებული მდგომარეობის შეფასებაა და პროგნოზსა თუ დაპირებას იგი არ შეიცავს. თუკი უკრაინა შეძლებს, მიუხედავ იმ მძიმე მდგომარეობისა, რაც დღეს აქვს, თავისი რეფორმების პროცესში ეფექტურობა გაზარდოს, მათი ალიანსში ინტერგაცია დაჩქარდება," - აცხადებს ის.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადება შესაძლოა ოპტიმისტურად შეფასდეს, მაგრამ საქართველომ საქმე „გაკეთებულად" მაშინ უნდა ჩათვალოს, როდესაც იგი ალიანსის წევრი ქვეყანა გახდება.

„საქართველოსთან მიმართებაში კი ნიშნავს, რომ ეს დადებითად ფასდება და რა თქმა უნდა, ეს კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი თვითდამშვიდების უფლებას არ უნდა გვაძლევდეს. საქმე გაკეთებული იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება.

„შეუძლებელია დღეს საზოგადოებას შევპირდეთ და დავარწმუნოთ, რომ რაიმე კონკრეტულ ვადაში ეს ინტეგრაცია მოხდება. ეს ბევრად უფრო რთული პროცესია და ამიტომაც, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×