"ახალგაზრდა ადვოკატების" ინიციატივა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო. ჯერი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზეა. ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლში გაჩნდება ქვეპუნქტი, რომელიც აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, არაუმეტეს 25 წლისა, გაათავისუფლებს საშემოსავლო გადასახადისგან, თუ მისი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს. ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, გიორგი ზოიძე აცხადებს, რომ მთავარი მოტივი შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტების მზარდი სტატისტიკა იყო, რომელთა ნახევარი სწავლას ფინანსური პრობლემების გამო ვეღარ აგრძელებდა.
"წლიდან წლამდე საშუალოდ 10 000-ით იზრდება სტატუსშეჩერებულთა მაჩვენებელი. ძირითად შემთხვევაში, ნახევარზე მეტს სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს ფინანსური დავალიანების გამო. შესაძლოა კერძო სექტორმა თავისი კეთილდღეობისთვის გამოიყენოს აღნიშნული წინადადება და დასაქმებულ სტუდენტს თავიდანვე ჩაურიცხოს დაკლებული ხელფასი. ამ თემაზე ჩვენ გვაქვს რეკომენდაცია, რომ სტუდენტს წლის განმავლობაში დაექვითოს საშემოსავლო გადასახადი და წლის ბოლოს განცხადების საფუძველზე დაუბრუნდეს მას ეს თანხა", - განაცხადა ზოიძემ
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სტუდენტები ამ ცვლილებით 2019 წლიდან ისარგებლებენ.